სუპერლიგა 2015-16. II ტურის გადადებული მატჩი: მოუგებელი აღარავინაა

AutoSharing Option
16 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო და რომელიც მსაჯ-მდივანთა გარკვეული ჯგუფის საბოტაჟის გამო არ ჩატარდა. "კაკტუსისა" და "მგზავრების" მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ბუბა ბერიშვილის გუნდის სადებიუტო გამარჯვებით - 82:78 დასრულდა.

გადამწყვეტი. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "კაკტუსი" მინიმალური სხვაობით იგებდა, თუმცა 4:31 წამით ადრე ბექა წივწივაძემ ორი საჯარიმო ჩააგდო, "მგზავრები" წინ გაიყვანა და მას მერე ბუბა ბერიშვილის შეგირდებს თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ. ავთო ლომინაშვილის ორქულიანის შემდეგ 78:72
დაწინაურდნენ და შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანეს მოგებამდე.

სტატისტიკა არ ტყუის. კაკტუსელებმა "მგზავრებზე" ორჯერ მეტი სამქულიანი ჩააგდეს - 8, თუმცა პერიმეტრიდან ტყორცნები გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. "მგზავრებმა" ფარქვეშ უკეთესად იმუშავეს და გამარჯვებაც მოიპოვეს: მოხსნებში 51:37 იმარჯვეს, ხოლო სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში მეტოქეს 42:30 აჯობეს.

გამორჩეული. "კაკტუსის" შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა ირაკლი ჩლაიძემ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, თუმცა მასზე ერთით მეტი (24) "მგზავრმა" ავთანდილ ლომინაშვილმა მიითვალა. სწორედ ავთოს დიდი დამსახურება იყო, რომ "მგზავრებმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მან 29 წუთში 17-დან 8 ორქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი, ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- მიუხედავად იმისა, რომ "მგზავრებს" მიმდინარე ჩემპიონატში მოგება არ ჰქონდათ, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებოდით ამ გუნდთან თამაშს. ვამბობდი, რომ ბოლომდე მობილიზება იყო საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ პირველი ტაიმის 10 ქულით მოგების შემდეგ მოვეშვით. მესამე პერიოდში მეტოქემ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა, რის შემდეგაც ვეღარ მოვახერხეთ ვითარების გამოსწორება...

ბუბა ბერიშვილი, ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- მიხარია, რომ როგორც იქნა, ეს ბარიერი გადავლახეთ. თითქმის 3-ჯერ დაგვეშალა გუნდი. კიდევ ორი უცხოელი მოთამაშე გვაკლია, ჯერ ისევ არ ვართ ფორმაში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უკეთესი კალათბურთი ვითამაშოთ. ბევრი შეცდომა დავუშვით, ტრავმებმა თავისი გაიტანა. ძალების აღდგენას დრო სჭირდება.

სუპერლიგა 2015-16. V ტური
16 ნოემბერი, თბილისი
კაკტუსი-მგზავრები 78:82
23:17, 22:18, 17:29, 16:18
კაკტუსი: უაითი (6ქ, 3პ), ჩიკვილაძე (18ქ), ჩლაიძე (23ქ, 3პ, 3ჩ), ლოლიშვილი (3ქ), ბრიჯმენი, ტატუნაშვილი, ბააკაშვილი (3ქ, 4პ), დ. ლომიძე (13ქ, 6მ, 4ჩ), ფლორვეუსი (12ქ, 15მ).
მგზავრები: ფხაკაძე (14ქ, 5მ, 3პ, 4ჩ), ცირეკიძე (2ქ, 5მ), წივწივაძე (17ქ, 7პ), ლომინაშვილი (24ქ, 8მ, 3პ), ტურძელძე, ქავთარაძე (2ქ), ტეილორი (15ქ, 7მ), მერფი (8ქ, 15მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული