როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?

AutoSharing Option
სიმბოლური დამთხვევაა: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონში 2 თამაში მოიგო და 6 წააგო. ორი წლით უმცროსებმა კი პირიქით - 6 შეხვედრა დაასრულეს თავის სასარგებლოდ და მხოლოდ 2-ში დამარცხდნენ. ...და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს!

- 16-წლამდელთა ნაკრებისა და ქართული კალათბურთის გამარჯვება ევროასპარეზზე

თვით ლოგიკაც დაიბნეოდა: რატომ უნდა იყოს ამ ორ გუნდს შორის ესოდენ დიდი სხვაობა? ამ შეკითხვას რომ პასუხი გავცეთ, უამრავი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ: შეთამაშება, გამოცდილება, სელექცია... სჯობს 16-წლამდელთა მაგალითზე ვიმსჯელოთ.

უწინ
რა ფასი აქვს კადეტთა ნაკრების წარმატებას? ამის განსასაზღვრად მოკლე ისტორიული
ექსკურსია საჭირო. ვთქვათ, ლიტველებს ახალგაზრდული გუნდები ყოველწლიურად ევროპის ჩემპიონატზე ჰყავთ და მათ ცნობიერებაში მეორე დივიზიონიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სულაც არ იქნება დიდი წარმატება.

საქართველოში სხვა სიტუაციაა: 2008 წლის შემდეგ 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ერთხელაც არ უთამაშია. ხოლო ქართულმა ასაკობრივმა გუნდებმა ევროპაზე ბოლოს 2013 წელს იასპარეზეს - 2012 წელს B დივიზიონიდან ელიტაში 20-წლამდელთა ნაკრები პირადად თორნიკე შენგელიამ გადაიყვანა.

ასეთი იშვიათი წარმატებების ფონზე 2001 წელს დაბადებულთა წლევანდელი ბრინჯაო უკვე დიდი მიღწევაა. მით უმეტეს, რომ მის მოპოვებას ევროსაგზური მოჰყვა.

სელექცია
ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაშიც არაერთხელ დამიწერია: თუ გამარჯვება გვინდა, გუნდში ოპტიმალური შემადგენლობა უნდა იყოს. საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს დასაკარგი ტალანტები. ნიჭის შემჩნევა და მისი სანაკრებოდ მომზადება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

სამწუხაროდ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს არაერთხელ დაუჩივლიათ: ასეთი ნიჭიერია, მაგრამ ბურთს მარცხენით ვერ ისვრის, 17-18 წლის ბიჭს ნაკრების მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ბურთის ტარება ან მარცხნიდან შესვლა?

ასეთი კალათბურთელები საქართველოს ჩემპიონატში ფონს შესაძლოა, მაინც იოლად გადიან, ფიზიკური ძალის ან იმავე ნიჭის ხარჯზე, მაგრამ უცხოეთში მათ წინააღმდეგ თამაში ყველას უყვარს - ძალიან იოლია ცალხელას შეჩერება. ბევრს არ ესმოდა: რატომ არ მიჰყავთ ნაკრების მწვრთნელებს ჩემი შვილი, ის ხომ თავის ასაკში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული კალათბრთელიაო?! მწვრთნელებმა კი იცოდნენ, რომ ევროშესარჩევზე ასეთი მოთამაშე არ გამოადგებოდათ.

საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება. პირველ რიგში მწვრთნელთა სემინარების ჩატარება, ლიცენზირება, რომ ყველას კარგად გაეაზრებინა: კალათბურთი ბურთის ტარება და ჩაგდება არ არის, კალათბურთი ბურთის ორივე ხელით კარგად ტარება და ჩაგდებაა!
ასევე აუცილებელი იყო ადამიანი (ან ჯგუფი), რომელიც 2-3 წლით ადრე შეარჩევდა 16-წლამდელთა ნაკრებისთვის საჭირო კალათბურთელებს და თვალყურს მიადევნებდა მათ სწორად ჩამოყალიბებას, თუ საჭირო იქნებოდა, ჩაერეოდა კიდეც. ოღონდ, ეს უნდა ყოფილიყო გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც მანამდე თავად ექნებოდა მიღებული მონაწილეობა თაობების სწორად აღზრდაში.

2015 წელს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გამოჩნდნენ სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიხომირ ბუიანი. ევრობასკეტის შემდეგ ისინი საქართველოში რომ დავინახე, გამიკვირდა, თუმცა გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ასაკობრივი ნაკრებების მეთვალყურეებად დაინიშნენ. 2015-დან დღემდე ისინი ცხოვრების ნახევარს დარბაზში ატარებენ. ნამდვილად არ შეეშლებათ ბავშვში ნიჭის ამოცნობა და იმის განსაზღვრა, რამდენიმე წელიწადში ვის რისი მიღწევა შეუძლია.

კალათბურთის ფედერაციაში ერთი ოთახი აქვთ. პირველად რომ შევედი, საინტერესო სურათი ვნახე - კედლები ამონაბეჭდი ქსეროქსებით გაევსოთ. კარების მხარეს სწორედ 2001 წელს დაბადებულთა სურათიანი დოსიეები ეკრა. ოღონდ საგაზეთო კი არა, სპეციალისტის მიერ შედგენილი განსხვავებული დოსიეები იყო.

ნაკრებების მწვრთნელებთან ერთად მილოშ გლიგორიევიჩი და ტიხომირ ბუიანი ყოველ კვირას, ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშებს უტარებენ 14-15 წლის ყმაწვილებს. არჩევენ დამრტყმელ ძალას და მათთან ერთად საწვრთნელ პროცესში იწვევენ ყველას, ვისშიც თუნდაც მცირე ნიჭს შენიშნავენ. კარგად მახსოვს, 2015 წელს, 2002 წელს დაბადებულთა ნაკრები რომ ყალიბდებოდა, პირველივე შეკრებაზე 40 კალათბურთელს დაუძახეს.

ასე რომ, სწორედ სერბი და ხორვატი მეთვალყურეების ჩამოსვლით 2001-წლიანთა რესურსი ბოლომდეა ათვისებული. მათ ხომ კალათბურთის ფედერაციამ სრული კარტ-ბლანში მისცა.

ამას ქართველი მწვრთნელებიც გააკეთებდნენ? რატომაც არა, გააკეთებდნენ. თუმცა მილოშ გლიგორიევიჩი და ტიხომირ ბუიანი საქართველოში რომ მოდიოდნენ, უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდათ, იმისი, რაც საქართველოში უნდა ეკეთებინათ. გამოცდილება კი ბევრს ნიშნავს.

გამოცდილება
ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში 2001-წლიანები იყვნენ პირველი მერცხლები, რომლებმაც ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშეს. ეს არის საკლუბო შეჯიბრება, რომელშიც კალათბურთის ფედერაცია 14 და 15 წლამდე ნაკრებებს გზავნის. იგი მთელი ევროპის მასშტაბით ტურობრივად იმართება. თითო ტურში ხუთი თამაშია. რეგულარული ეტაპი კი სამი ტურისგან შედგება და ჯგუფიდან ვერგასვლის შემთხვევაში გუნდს სეზონში 15 მატჩი უგროვდება.

13-14 წლის ქართველებს უწევთ სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ფიზიკური მომზადების გუნდებთან პაექრობა, ლატვიელებთან, ლიტველებთან, იტალიელებთან, პოლონელებთან, ფინელებთან, რუსებთან...

კარგად მახსოვს, პირველი ტური, რომელშიც 2001 წლამდელთა ნაკრები (მაშინ რატი ანდრონიკაშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ბუკა ფეიქრიშვილი, ლაშა მიქელაძე და მათი გუნდელები 13 წლისანი იყვნენ) წარუმატებლად გამოვიდა. მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ქორქიამ მითხრა - ბიჭებმა დაინახეს, როგორ უნდა კარგად ორგანიზებულ გუნდებთან თამაში, წესებსაც აუღეს ალღო და, დარწმუნებული ვარ, მომავალ ტურში გაცილებით უკეთესად ვიასპარეზებთო.

ასეც მოხდა - ნოდარ ქორქიას გუნდმა ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო, საბოლოოდ კი ჯგუფიდან გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
ყოველი ტურის, ყოველი მატჩის შემდეგ ახალგაზრდა კალათბურთელები გამოცდილებას იძენდნენ, ერთმანეთთან საერთო ენას ნახულობდნენ და ორი წლის შემდეგ უკვე კარგად იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ თავისზე უფრო ღონიერი, მაგრამ ნაკლებად ტექნიკური გუნდისთვის; რა დაეპირისპირებინათ კარგად მომხსნელი მეტოქისთვის; რა დაეპირისპირებინათ სამქულიანების მტყორცნელი გუნდისთვის.

დაუპირისპირეს: როდესაც 16-წლამდელთა B დივიზიონში მეოთხედფინალში ჩეხეთი შეხვდათ, დიდი საფიქრალი გაუჩნდათ: ჩეხები ხომ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქის ფარიდან ბურთს საშუალოდ 22-ჯერ ხსნიდნენ. ასე იგებდნენ თამაშებს. საქართველოს ნაკრების ფარიდან ბურთი მხოლოდ 10-ჯერ მოხსნეს, მაშინ, როდესაც ჩვენებმა ჩეხების ფარიდან 15-ჯერ მოხსნეს. ამ კომპონენტში 53:39 ვაჯობეთ. საერთო ანგარიში კი ჩვენს სასარგებლოდ 65:51 იყო.

ნახევარფინალში სამქულიანების კარგად მტყორცნელი ჰოლანდია შეგვხვდა. ათი სამიანი ჩაგვიგდო, ჩვენ - 9. რომ არა ბოლო წუთებზე გადაღლა, ათამდე ნამდვილად ვერ ავიდოდნენ და ფინალში ნიდერლანდები კი არა, ქართველები ითამაშებდნენ.

- დიდი ბრიტანეთის მთავარი კოზირი ფიზიკური ძალა იყო. ჯგუფში მათთან 26 ქულის სხვაობით წავაგეთ. ბიჭები ხშირად მეკითხებოდნენ - შეგვწევს მესამე ადგილისთვის მატჩში მისი დამარცხების ძალა? ვეუბნებოდი - შეგვიძლია. კალათბურთში უამრავი კომპონენტია, რომელთა ერთობლიობამ თუნდაც ფიზიკური უპირატესობა შეიძლება გადაფაროს. დაცვით, ფსიქოლოგიითა და ტექნიკური თამაშით მეტოქის პლუსები გავანეიტრალეთ და გავიმარჯვეთ კიდეც,
- გვითხრა 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა.

შრომა
ორი სპეციალისტის ჩამოყვანა - ერთი, ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე თამაში - მეორე... კალათბურთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მესამე პროექტი "ბასკონიასთან" ერთად მიმდინარეობს.

ყოველწლიურად ჯერ თბილისში იმართება კემპი, შემდეგ ბასკურ ვიტორიაში, არჩევენ ქართველ ახალგაზრდებს და წინასწარი შეთანხმებით ყოველწლიურად ესპანეთში ოთხი-ხუთი მიჰყავთ.

2016 წელს ბასკებმა წლევანდელი 16-წლამდელთა ნაკრების ექვსი წევრი შეარჩიეს: ვოვა თავაქარაშვილი, ლაშა მიქელაძე, ირაკლი სულხანიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, საბა გიგიბერია და ალექსანდრე მერკვილაძე. ხუთი მათგანი გასულ სეზონში ესპანეთში ვარჯიშობდა და თამაშობდა. მერკვილაძე კი ამერიკაში გაემგზავრა და "ჰაი სქულში" განაგრძო კარიერა. ასევე ამერიკაშია ბუკა ფეიქრიშვილი. ასე და ამგვარად, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში ერთბაშად შვიდი ლეგიონერი იყო.

პროგრესი? ჩანს. მაგალითისთვის: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ანდრონიკაშვილი საქართველოში, მწვრთნელ ალექსი ჯაფარიძის ხელში "აკადემიაშიც" მოუმატებდა, მაგრამ როდესაც ვიტორიაში მწვრთნელთა და მედიკოსთა ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ, მრავალფეროვანი სათამაშო პრაქტიკა გაქვს, ყოველ კვირას თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" თამაშს ცოცხლად უყურებ, ფსიქოლოგიაც პროფესიონალურად გიყალიბდება. გიჩნდება სურვილი, შენც რაც შეიძლება მალე მიაღწიო ევროლიგის გუნდამდე, გრძნობ, რომ ეს შესაძლებელია, ოღონდ მწვრთნელების მითითებების მიყოლით და ბევრი შრომით. თორნიკე რომ შრომობს, იმდენით...

"ბასკონიასთან" შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ისიც იყო, რომ ათ წელიწადში ეროვნული ნაკრები ბასკეთში კარგად გამოწვრთნილი კალათბურთელებით უნდა შეივსოს. პერსპექტივა უკვე გამოჩნდა.

მწვრთნელი
როდესაც საქართველოს ნაკრებში იგორ კოკოშკოვი მოვიდა, გუნდის ძირითადი ბირთვი დაღვინებული იყო. წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით იგორს ამიტომაც გაუადვილდა საქმე. ცხადია, 25 და 15 წლის კალათბურთელთა პროფესიონალიზმის შედარება არ შეიძლება, მაგრამ 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბუბა ბერიშვილსაც, წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებული გუნდი შეხვდა.

16-წლამდელთა ნაკრების ლეგიონერებმაც და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეებმაც იციან რა არის კალათბურთი, რა უნდათ, რა გზით უნდა მიაღწიონ მაღალ შედეგებს, რა არის კარგი დაცვისთვის და უკეთესი შეტევისთვის საჭირო...

ბუბა ბერიშვილს მაინც ბევრი სამუშაო ჰქონდა, მაგრამ მას არ უწევდა ბიჭებთან იმაზე ლაპარაკი, მარცხნიდან შესვლის შემთხვევაში მარჯვენით რომ არ უნდა ისროლონ. ასეთ ასაკში ჩავარდნა ყველას მოსდის, მაგრამ საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო დაცვაში. ჩვენს მეტოქეებს ხომ საშუალოდ 58 ქულას ვაგდებინებდით, რაც მშვენიერი მაჩვენებელია და უმთავრესად მწვრთნელის მუშაობაზე მიგვითითებს.

არც შეტევაში იყო საქართველოს ნაკრები ერთფეროვანი. მეფარეებითაც უტევდა, დრიბლინგით ფარქვეშ შესვლებიც გამოგვდიოდა და თუ საჭირო იყო, სამქულიანებსა და სწრაფ თამაშზეც კეთდებოდა აქცენტი.

პერსპექტივა
დავუბრუნდეთ მესამე ადგილისთვის მატჩს. ბრიტანეთთან გამარჯვებას დამატებით ხიბლს ისიც მატებს, რომ ჩვენმა გუნდმა ფაქტობრივად, ორჯერ წაგებული მატჩი შემოატრიალა. ხოლო ბოლო 19-წამში 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 64:63 გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ბოლო შეტევას: საკუთარი ფარიდან მოხსნილი ბურთი ლაშა მიქელაძემ რატი ანდრონიკაშვილს გადასცა, მან კი მთელი მოედანი 6 წამში გადაკვეთა და სირენამდე 2 წამით ადრე გამარჯვებისა ჩააგდო.

ასეთი საოცარი გამარჯვება ბოლოს 2004 წელს მოვიპოვეთ: მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, გიორგი ცინცაძის, ლაშა გამყრელიძისა და ბესო ლეჟავას ნაკრებმა ფინეთთან ბოლო 100 წამში 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 72:70 გაიმარჯვა - აქაც ძახილის ნიშანია საჭირო!

სხვათა შორის, წლეულს ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე კალათბურთელი იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში. 2004 წლიდან მოყოლებული სწორედ ეს თაობა (1986-წლიანები) იქცა გუნდის ხერხემლად.

რას უნდა ველოდეთ 2001-იანი თაობისგან? დღევანდელი გადასახედიდან მათაც აქვთ რამდენიმე წელიწადში პირველ ნაკრებში დამკვიდრების შანსი. ერთს კი არა, მონაცემების გათვალისწინებით რამდენიმეს შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა როგორც თავად დარწმუნდნენ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიც არ არის - ბრიტანეთმაც ხომ კარგად დაიწყო, მეორე პერიოდში 19 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მაინც წააგო.

ჰოდა, სწორედ 2017 წლიდან იწყება 2001-წლიანთა სვლა ეროვნული ნაკრებისკენ. მარკოიშვილი, ცინცაძე, ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, სანიკიძე ეროვნულ ნაკრებში 17-18 წლის ასაკში უკვე თამაშობდნენ. განაცხადში კი არ იყვნენ, თამაშობდნენ. იმიტომ, რომ ადრეულად ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Kazanjiani sauketeso mwvrtnelia. Ragac geshlebat
Maka
12:23 28-08-2017
0
ავტორ
სიმაღლეც უნდა გაგვაცნო ამ ნიჭიერი ბავშვების.

ისე და რა უჭირს,რაგბის და კალათბურთის მწვრთნელები მხოლოდ 2 წლით მაინც რომ მივავლინოთ ფეხბურთში ?!
დარწმუნებული ვარ გაცილებით კარგ სელექციას განახორციელებენ,მოზარდებს ფიზიკურად და
ფსიქიკურად ძლიერ მოამძლავრებენ,შრომის კულტურას ჩამოუყალიბებენ,მოედანზე მუდამ შემართებას,შრომისმოყვარეობას,აგრესიას და გამარჯვების სწრაფვას განუმტკიცებენ,თავის საქმის პროფესიონალად შექმნიან და მერე ევროპელი ფეხბურთის გამოცდილი მწვრთნელი და შედეგებიც უთუოდ დადგება.
glaxuna
12:05 28-08-2017
0

სიახლეები პოპულარული