სუპერლიგა 2016-17. XI ტური: ბოლო წამების მატჩები

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

16 დეკემბერი, ბათუმი
ბათუმი-რუსთავი 71:68
16:18, 13:21, 28:15, 14:14
ბათუმი: ჯინჭარაძე (10ქ), ლეჟავა (21ქ, 6მ, 4პ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (4ქ), კრივცოვი (5ქ, 8მ), რამიშვილი (3ქ), მაისურაძე (1ქ), შემოსიუკი (13ქ, 5მ, 5პ), ფელჩერი (11ქ, 11მ).
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე (2ქ), ლი (8ქ, 5პ), ჩაჩანიძე (5ქ), ათუაშვილი (11ქ, 17მ), კასპერბაუერი (16ქ, 3პ), გოგობერიშვილი (11ქ), სპანოლო (6ქ, 7მ), ჩემიაკინი (9ქ, 6მ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

გადამწყვეტი. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებზე
გადაწყდა, თუმცა მეოთხე პერიოდის შუაშიც იყო ისეთი მომენტები, უყურადღებოდ დატოვება რომ არ შეიძლება.

საფინალო სირენამდე 7:30 წუთით ადრე "ბათუმი" 62:56 დაწინაურდა, რასაც "რუსთავის", უფრო სწორად, სერგო ათუაშვილის სპურტი მოჰყვა - ტანმაღალმა სერგომ ერთმანეთის მიყოლებით 9 ქულა ჩააგდო (ერთი სამიანი) და 10:0 გაქცევის შემდეგ სტუმრები 66:62 დაწინაურდნენ.

საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ეს ის სხვაობა არ იყო, ქვემოქართლელებს დამშვიდების უფლებას რომ მისცემდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ "დაიკეტა" ბათუმელთა კალათი და გაიხსნა რუსთაველებისა - აჭარლებმა სამ წუთში 8:0 გაქცევა მოაწყვეს და ახლა თვითონ გავიდნენ ოთხი ქულით წინ, მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე 70:66 დაწინაურდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს უკვე გამარჯვება იყო.

სტატისტიკა არ ტყუის. მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავს" 224 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი ჰყავს და 17 მოხსნით გამოირჩა, ბათუმელებმა სამწამიანი ზონა სტუმრებს მაინც არ დაუთმეს - მხოლოდ სამით ნაკლები ბურთი (42) მოხსნეს, ხოლო ფარქვეშიდან ჩაგდებული ქულებით აშკარად აჯობეს: 40:24.

გამორჩეული. მატჩისა და ტურის გმირობაზე, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე თამამი განაცხადი გააკეთა ათუაშვილმა, რომლის ეფექტურმა თამაშმა ბოლო წუთებზე "რუსთავს" თამაში შემოატრიალებინა, მაგრამ სერგოს სათანადოდ ვერ აუბეს მხარი პარტნიორებმა... წაგების მიუხედავად, მაინც სერგო უნდა გამოვარჩიოთ.

17 დეკემბერი, თბილისი
კაკტუსი-სოხუმი 82:99
15:31, 21:21, 20:19, 26:28
კაკტუსი: უაითი (18ქ, 4 პ), ჩიკვილაძე (12ქ, 8პ), ლოლიშვილი (2ქ), ბრიჯმენი (11ქ, 7მ, 3დ), ბააკაშვილი, ლომიძე (32ქ, 13მ, 4ჩ), ფლოვიესი (7ქ, 5მ).
სოხუმი: კვეტენაძე (9ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (5ქ, 3პ), ზაქრაძე (2ქ, 4პ), ჯგერენაია (10ქ, 3დ), დ. ბარბაქაძე (9ქ), ლათანი (14ქ, 8მ, 6პ), რიხლიუკი, ბულიავა (26ქ), ტიშენკო (23ქ, 13მ, 3პ), ზაბირჩენკო (1ქ, 5პ, 8მ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, მ. ვართანოვი.

გადამწყვეტი. დააკვირდით მეოთხედების ანგარიშებს: სამ პერიოდში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მხოლოდ პირველში ჰქონდა დიდი უპირატესობა "სოხუმს". თავიდანვე მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა სოხუმელმა ოთარ ბულიავამ და პირველ მეოთხედში ჩაგდებული 31-დან 16 ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. მას კარგად აუბეს მხარი თანაგუნდელებმა და გიგა კვეტენაძის სამქულიანით "სოხუმმა" პირველი მეოთხედი 31:15 მოიგო.

ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიხსნა ახალწვეული ცენტრი ალეკსანდრ ტიშენკო, რომელმაც ფარქვეშიდან რეალიზებულ ქულებს სამიანებიც მიაყოლა და 23 ქულამდე ავიდა. "სოხუმმა" უმთავრესად სტაბილური თამაშით მოახერხა "კაკტუსის" მიძალების მოგერიება და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

სტატისტიკა არ ტყუის. "სოხუმმა" "კაკტუსზე" 6-ით მეტი შეცდომა დაუშვა (16:10), თუმცა კომპენსირება სროლის მაღალი სიზუსტით მოახერხა: 24-დან 9 სამიანი ჩააგდო, მაშინ, როცა "კაკტუსმა" 46 შორეული ტყორცნიდან 13 გამოიყენა. რატომ ესროლა 46? მიზეზი მარტივია - კაკტუსელებს ფარქვეშ შეღწევა უჭირდათ. გამარჯვებულებმა სამწამიანი ზონიდან 58 ქულა მიითვალეს, ხოლო დამარცხებულებმა ამავე ზონიდან - 28. აი, სხვაობა, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

გამორჩეული. მატჩი მშვენივრად დაიწყო ბულიავამ, ფარქვეშ მყარად იდგა ტიშენკო, თუმცა "სოხუმმა" გუნდური თამაშის წყალობით გაიმარჯვა. "კაკტუსიდან" კი ბოლომდე იბრძოლა დავით ლომიძემ, რომელმაც 16-დან 9 სამიანი ჩააგდო და სუპერლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა - 32 ქულა.

17 დეკემბერი, თბილისი
დინამო-მგზავრები 72:68
19:12, 19:19, 17:20, 17:17
დინამო: ვონი (11ქ), გრძელიძე (2ქ), ლონდარიძე (23ქ, 10მ), მაჩალაძე (2ქ), ფაცაცია (5ქ, 7პ), ჭოჭუა (8ქ, 3პ), გ. რევაზაშვილი (2ქ, 7მ), ბერიშვილი (13ქ, 14მ, 4პ), გოგოძე (6ქ).
მგზავრები: ფხაკაძე (11ქ, 5მ), პიტერსი (7ქ, 6მ, 6პ), გაგუა (3ქ), ცირეკიძე (12ქ), ლომინაშვილი (20ქ, 12მ, 3დ), ქავთარაძე (4ქ), ტეილორი (9ქ, 2დ), მერფი (2ქ, 3პ, 5მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. ბოლო წუთი იმდენად საინტერესო იყო, რომ სრული ქრონოლოგია უნდა შემოგთავაზოთ:

0:48 ფხაკაძე (მგზავრები) - 3ქ 65:66
0:36 ლონდარიძე (დინამო) - 2ქ 67:66
0:21 ფაცაცია (დინამო) - 1+1ქ 69:66
0:07 ქავთარაძე (მგზავრები) - 1ქ 69:67
0:06 ჭოჭუა (დინამო) - 1ქ 70:67
0:02 ქავთარაძე (მგზავრები) - 1ქ 70:68
0:00 ლონდარიძე (დინამო) - 1+1ქ 72:68

როგორც ხედავთ, აუტსაიდერი "მგზავრები" ძალიან ახლოს იყო ჯერაც უძლეველი "დინამოს" დამარცხებასთან, მაგრამ გამოცდილებამ საბოლოოდ თავისი გაიტანა...

სტატისტიკა არ ტყუის. მატჩი თანაბარი გამოვიდა. ამიტომ არც სათამაშო კომპონენტებში იყო თვალშისაცემი სხვაობა, გარდა ერთისა: "მგზავრები" 26-ჯერ დაჯარიმდნენ ("დინამო" 19-ჯერ), დინამოელებმა 33 საჯარიმო სტყორცნეს და 23 ჩააგდეს (70 პროცენტი), მაშინ, როცა "მგზავრებმა" მხოლოდ 14-ჯერ ისროლეს სტატიკური მდგომარეობიდან და 8 ჩააგდეს (57 პროცენტი).

გამორჩეული. ორივე გუნდში წინახაზელები უნდა გამოვყოთ - გამარჯვებულთაგან ილია ლონდარიძე (23 ქულა, 10 მოხსნა), დამარცხებულთაგან - ავთო ლომინაშვილი (20 ქულა 12 მოხსნა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული