მოგება შეიძლებოდა...

AutoSharing Option
სამქულიანებზე ტაბუ დაგვიდეს

მატჩის დასრულებისთანავე მეგობარმა მომწერა: რა გახდა ერთი თვითმფრინავის დაქირავება... პოლონეთთან ასეთი ომის შემდეგ გუნდმა ღამე გაათენა, გამთენიისას თურქეთში გაემგზავრა, იქიდან ბრიუსელში ჩაფრინდა და ავტობუსით ანტვერპენამდე იარა... იქ კი არანაკლები ბრძოლა ელოდაო.

ბელგია-საქართველოს მატჩის მიმოხილვა გადაღლაზე ლაპარაკით იმიტომ დავიწყე, რომ ეს ფაქტორი წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიმაჩნია. თავად განსაჯეთ: მატჩის პირველ და მეორე ტაიმებში სხვადასხვანაირი ზაზა ფაჩულია ვიხილეთ. დასაწყისში მისი შეჩერება ბელგიელებს ძალიან გაუჭირდათ (8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო), ხოლო მეორე ნახევარში მხოლოდ სამი ორქულიანი ისროლა. არადა, ბელგიელები როგორ
ხისტადაც საწყის 20 წუთში ეთამაშებოდნენ, ისევე განაგრძეს დასკვნით მონაკვეთში. სხვათა შორის, ზაზამ მატჩის წინა დღეს თქვა: მგზავრობამ ძალიან დაგვღალაო.

გიორგი ცინცაძე პირველ ტაიმში ისევე კარგად გაისარჯა, როგორც პოლონეთთან, მეორე 20 წუთში კი 4 შეცდომა დაუშვა.
მანუჩარ მარკოიშვილი ხედავდა, რომ თანაგუნდელებს პირველ ტაიმში თამაში კარგად მიჰყავდათ და ერთ სამქულიანზე მეტის სროლა საჭიროდ არ ჩათვალა. იგი, როგორც წესი, სამქულიანების სასროლად გადამწყვეტ ეპიზოდებში იწევა. იტალიურ "კანტუში" ბოლო წუთნახევარში ორი-სამი სამქულიანიც ჩაუგდია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თამაშის შემოსატრიალებლად ანტვერპენში არც მას ეყო ენერგია.

სხვათა შორის, მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მესამე პერიოდი სასტარტო ხუთეულის წევრებს დააწყებინა (ცინცაძე, გრინი, სანიკიძე, შენგელია და ფაჩულია), მაგრამ მათ შეტევაში ძალიან გაუჭირდათ და ბელგიელებმა შორეული ტყორცნების წყალობით 11 ქულით გაგვასწრეს. ამის შემდეგ მოედანზე ერთმანეთის მონაცვლეობით შემოვიდნენ გამყრელიძე, შერმადინი, მარკოიშვილი (სანიკიძე მოედანზე დარჩა) და სწორედ სათადარიგოებმა შემოატრიალეს თამაში: შვიდწუთიანი მშრალი სერია შერმადინმა ორი საჯარიმოთი დაასველა, ამას მოჰყვა გრინის ორქულიანი, სანიკიძის სამიანი და ორი საჯარიმო, ხოლო მეოთხე პერიოდის წინ მანუმ ეფექტური პასით სანიკიძეს ფარქვეშიდან ჩააგდებინა და ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს - 54:54.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო საქართველოს ნაკრების ბოლო აფეთქება. მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მეოთხე პერიოდი იმ შემადგენლობით დაიწყო, რომელმაც მესამე ათწუთეული წარმატებით ჩაამთავრა. ამას დაერთო გულშემატკივართა შეძახილი - სა-ქარ-თვე-ლო... მაგრამ მეოთხე რაუნდში ქართველთა თოფებს წამალი გამოელიათ. სამაგიეროდ, ბენილუქსელთა არმიაში გამოჩნდა კარგი მეზარბაზნე: საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე იტალიური "აველინოს" წევრმა დმიტრი ლაუერსმა ორი სამქულიანი გამოიყენა და ბელგიელთა მინიმალური ჩამორჩენა ხუთქულიან ფორად აქცია - 61:56. მართალია, ფაჩულიამ მოედანზე დაბრუნებისთანავე ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ ბოლო წუთებს მასპინძლები უფრო ქორფად შეხვდნენ და შესარჩევი გამარჯვებით გახსნეს - 74:64.

ქართველი კალათბურთელები მხოლოდ მგზავრობას არ დაუღლია, ისინი ბელგიელების დევნამაც გათანგა. თუ პოლონეთის ნაკრებში სამი კარგი მსროლელი იყო (მათგან ორი მეფარე), ბელგიის ნაკრების კალათბურთელები პერიმეტრზე ბუზებივით ირეოდნენ. ხან ფეისონი ისროდა შორიდან, ხან ლაუერსი, ხანაც ტაბუ-ებომა... მათ ქართველებზე სამით მეტი სამიანი (21) ისროლეს და ორჯერ მეტი გამოიყენეს - 8. თუ გერმანიასთან ჩაგდებულ შეხვედრას არ ჩავთვლით, ბელგიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებში 30-მდე სამქულიანს ისროდა და 10-ზე მეტს იყენებდა. გუშინ ეს მაჩვენებელი ცოტა შეიკვეცა, რაც ქართველთა დაცვის დამსახურება იყო. ბოლო პერიოდში ლაუერსისთვის ორი შორეული ტყორცნის უფლება რომ არ მიეცათ, შეგვეძლებოდა თქმა, რომ დაცვაში უკანახაზელებმა მისია კარგად შეასრულეს, მაგრამ...

წინა ხაზში კი ვლადიმერ ბოისა გვაკლდა... სწორედ მისი სიმაღლის კრისტოფ ბეგინმა იმუშავა კარგი კალატოზივით და ქულა-ქულაზე მიაწყო. მას საბოლოოდ 17 ბალი მოუგროვდა და სამით ჩამორჩა მატჩის სნაიპერ ზაზა ფაჩულიას. მართალია, 9 ქულას ვერ ასცდა აქსელ ერველე, მაგრამ მან შავი სამუშაო არ ითაკილა და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრებმა წლეულს სლოვაკეთთანაც 10 ქულის სხვაობით წააგო და უნგრეთთანაც, თუმცა ბელგიურმა მარცხმა ფინეთში 10-ქულიანი წაგება გამახსენა: 2006 წელს ჰელსინკიში 81:91 დავთმეთ. ვისაც ის შეხვედრა ნანახი აქვს, შეიძლება გაუკვირდეს - რა შუაშია ეს ორი პაექრობა ერთმანეთთანო. მართალიც იქნება: ბელგიასთან და ფინეთთან ერთნაირი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ თამაშის ხარისხი და ხასიათი ცასა და დედამიწასავით განსხვავებული იყო. 2006 წელს ფინეთში დაცვაში ცუდად ვითამაშეთ (91 ქულა მივიღეთ); არც შეტევაში გამოვიყურებოდით კარგად - 81-დან 36 ქულა ფაჩულიამ ჩააგდო. ზაზამ ორთაბრძოლის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იმიტომ აიღო, რომ გუნდურად არაფერი გამოვიდა.

დღეს საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია: დაცვაშიც გუნდურად თამაშობს და შეტევაშიც. ეგაა მხოლოდ, რამდენიმე ეპიზოდში მცირე ჩავარდნა მოუვიდა, რაც მეტოქემ არ აპატია. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მოწინააღმდეგე ბელგიის შეკრული ნაკრები იყო, რომელსაც შარშან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვერად ნაბიჯიღა დააკლდა.
მთავარი კი ისაა, რომ ჩემ მსგავსად ბევრს დარჩა შეგრძნება: ბელგიაში მოგება შეიძლებოდა...

5 აგვისტო
ანტვერპენი, ლოტო არენა
3500 მაყურებელი
ბელგია-საქართველო    74:64
19:23, 19:18, 16:13, 20:10
ბელგია: მოორსი (5ქ), ვან როსომი (7ქ), ბეგინი (17ქ), ერველე (6მ, 3ჩ, 9ქ), ოვენეკე, იონკჰეიდი, ლაუერსი (13ქ), დრიესენი, ტაბუ-ებომა (14ქ), მუია (2ქ), ფეისონი (7ქ)
საქართველო: გამყრელიძე, ფაჩულია (20ქ), ცინცაძე (5ქ), შერმადინი (5ქ), მარკოიშვილი (7ქ), სანიკიძე (8მ, 10), გრინი (10ქ), ცქიტიშვილი (3ქ), შენგელია (4მ, 4ქ)
მსაჯები: ედი ვიატორი (საფრანგეთი), იოანის ფუფისი (საბერძნეთი), ჰაიდნ ჯონსი (უელსი)

თ    მ    წ         სხ        ქ
1. საქართველო      2    1    1    148/139    3
2. პოლონეთი        2    1    1    151/148    3
3. ბელგია              1    1    0      74/64     2
4. ბულგარეთი       1    1    0      67/59     2
5. პორტუგალია     2    0    2    123/153    2


მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზა ფაჩულიამ უმაღლეს დონეზე ითამაშა, მიუხედავად იმისა რო ჯარიმები ბლომად აიკიდა, აი უკანა ხაზში მაგრად გვიჭირდა, მარკოიშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა ალბათ მომდევნო 5 შეხვედრაში მაგდენს აღარ დაუშვებს, მოხსნებზეც სანიკიძე და ფაჩულია თითქოს ხელს უშლიდნენ ერთმანეთს, ცქიტიშვილი რატო არ დატვირთეს მაინც ვერ ვხვდები, იქნებ 2 სამიანი მაინც ჩაეგდო. გადაღლილობამ, ზედმეტმა თავდაჯერებამ, ცოტა ურცხვმა მსაჯობამ, პლიუს ბელგიელებმა დაგვამარცხეს
georgia-07
11:49 06-08-2010
0
გირსეული ყველაფერი საამაყოა... მადლობა ბიჭებს...
state
20:44 06-08-2010
0

სიახლეები პოპულარული