უსტიაშვილი: ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვართ

AutoSharing Option
ჰოლანდიის ქალაქ ალმერეში გამართული ტურნირი საინტერესოდ შეაფასა ნაკრების მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა. მისი ინტერვიუ კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა.

- ისრაელთან წაგების შემდეგ ძალიან გვინდოდა მოგება. მართალია, არაოფიციალური მატჩი იყო, მაგრამ გამარჯვებას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მოვინდომეთ, ვიბრძოლეთ და ბევრისთვის გასაკვირად ამერიკულ გუნდს დამაჯერებლად მოვუგეთ.

- რის ხარჯზე მიაღწია საქართველომ ამ წარმატებას?

- დაცვისა და შეტევაში კარგი თამაშის ხარჯზე. ორივე რგოლში მობილიზებულები ვიყავით, თითოეული მოთამაშე მაქსიმუმს აკეთებდა და შედეგიც სახეზეა. სიმართლე ითქვას, ამხელა სხვაობას არ ველოდით. "ვილანოვამ" საწყის ტურებში კარგი შთაბეჭდილება
დატოვა, ისრაელსაც მოუგო.

- ისრაელთან ჩვენს წაგებაზე რას იტყვით?
- პირველი ტაიმი თანაბარი იყო. ებრაელებმა ბოლო წამზე ჩააგდეს და შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ჩვენ კი თამაში არ წაგვივიდა და ამის გამო დავმარცხდით. ბოლო ათწუთეულში ბიჭებმა კი მოინდომეს და პერიოდი 8 ქულით მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ისრაელი კარგი გუნდია, ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული. ამიტომაც მიკვირს, როგორ წააგო "ვილანოვასთან".

- 33-ქულიანი გამარჯვების შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ ნაკრები სათანადო ფორმაშია?
- არა, ოპტიმალურ კონდიციებამდე კიდევ გვიკლია. წინასწარი გათვლებით ჩვენმა გუნდმა ფორმის პიკს თვის ბოლოს უნდა მიაღწიოს. სწორედ მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატი იწყება. მანამდე კიდევ არაერთი მატჩია, დიდი დროა სავარჯიშოდ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ. მიუხედავად დღეს, 25 აგვისტოს მოპოვებული გამარჯვებისა, არ მინდა გული დავიმშვიდოთ და მოვეშვათ, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. პირიქით, ახლა უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ ვარჯიშებს, რათა ნაკრები განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს.

- გუნდის პროგრესით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- წინსვლა აშკარაა, რაც მისასალმებელია. ავსტრიასთან პირველი ამხანაგური მატჩის შემდეგ ნაკრებს აშკარად მომატებული აქვს. ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს. დარჩენილ 4 ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები დღევანდელზე გაცილებით ბრძოლისუნარიანი და ძლიერი გუნდი იქნება.

- გუნდს როგორ შეეწყო და რა ამპლუის მოთამაშეა ამერიკელი მარკიზ ჰეინსი?
- იგი კარგი მოთამაშე და პიროვნებაა, ჩვენს ნაკრებს კარგად შეეწყო როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მარკიზს შეუძლია როგორც პლეიმეიქერად, ისე მსროლელად თამაში. სამწვრთნელო შტაბმა ჰეინსი ორივე პოზიციაზე გამოსცადა და მანაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას.

- რომელ მატჩებში იყო ჰეინსი გამთამაშებელი?
- ჰოლანდიასთან და "ვილიანოვასთან"... წინ არაერთი მოსამზადებელი მატჩია და ჰეინსს კიდევ მოუწევს გამოცდა, რათა საბოლოოდ გადავწყვიტოთ, თუ რომელ პოზიციაზე უფრო სასარგებლო იქნება იგი ნაკრებისთვის.

- როდის გახდება ცნობილი ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა?
- თბილისში 15 აგვისტოს ვბრუნდებით, 16-ში ისრაელს ვეთამაშებით. 21 აგვისტოს ლატვიაში საბოლოო შემადგენლობით გავემგზავრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული