მათ ჰოლანდიის ქალაქ ალმერეში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და ერთად გამოეშურნენ საქართველოსკენ, სადაც კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. მატჩი დღეს, სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 2, 3 და 5 ლარია.
ორი გამარჯვებული ერთ აეროპორტში
აეროპორტში გუშინ ხალხმრავლობა იყო, შეკრებილნი მხოლოდ კალათბურთელებს როდი ელოდნენ - თითქმის ერთ დროს ჩამოფრინდნენ თვითმფრინავები ამსტერდამიდან და კიევიდან.
პირველს, როგორც გითხარით კალათბურთელები ჩამოჰყვნენ, უკრაინიდან ჩამოფრენილმა თვითმფრინავმა კი
მოსაცდელში ჯერ მოჭიდავეები გამოვიდნენ. მათ კალათბურთელები გამოჰყვნენ. ისევე, როგორც მატჩების წინ, გვარების გამოცხადებისას, ჯერ მეოთხე ნომერი ლაშა გამყრელიძე გამოჩნდა. პირველი კომენტარიც მან გააკეთა:
- ჰოლანდიიდან დადებითი ემოციებით ვბრუნდებით. დავამარცხეთ ჰოლანდიის ნაკრები და კოლეჯების წარმომადგენელი "ვილიანოვა", წავაგეთ ისრაელთან. საბოლოოდ პირველი ადგილი დავიკავეთ. რაც შეეხება ისრაელის ნაკრებთან მატჩს, მასთან ჰოლანდიაში წავაგეთ, თუმცა იმედი გვაქვს, 16 აგვისტოს თბილისში რევანშს ავიღებთ. აქამდე ჩატარებული და ლიტვა-ლატვიასთან გასამართი შეხევდრებიც თამაშის გაუმჯობესებაში უნდა დაგვეხმაროს, რათა, ევრობასკეტს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.
სწორ გზაზე
პირველი ნომრის (გამთამაშებლის) შემდეგ მეორე ნომერს (მსროლელს), მანუჩარ მარკოიშვილს მოვუსმინოთ.
- სასურველ ფორმაში ჯერ არა ვართ და რაც მალე მივაღწევთ, მით უკეთესი. თუმცა აჩქარებაც არ ივარგებს, მზადება ჯერ არაა დასრულებული და მთავარია, გუნდი 31 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე გასამართ პირველ მატჩს შეხვდეს ოპტიმალურ კონდიციებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. ავსტრიაში, ესტონეთსა და ჰოლანდიაში გამართული მატჩები საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაგვეგო რაზე გვაქვს სამუშაო და რა კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. დარჩენილ დროს სწორედ მინუსების გამოსწორებას მოვახმართ.
ერთად...
ამასობაში ორი ხელჩანთით საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვიც გამოჩნდა. ცხადია, ჩვენი გაზეთის მკითხველს მისი მოსაზრებაც აინტერესებს, თუმცა კომენტარი რომ ვთხოვეთ, კალათბურთელებისკენ მიბრუნდა - მათ გაესაუბრეთ, ისინი გეტყვიან ყველაფერსო. თუმცა საბოლოოდ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და...
- ჯერჯერობით მზადების პროცესში ვართ. ჩავატარეთ 8 მატჩი, რომლებშიც დავინახეთ ჩვენი სისუსტეები. ევრობასკეტამდე დრო კიდევ გვაქვს და ერთად უნდა ვიმუშაოთ შეცდომების გამოსწორებაზე, უფრო გუნდურად ვითამაშოთ, კონდიციებიც გავიუმჯობესოთ, რაშიც დარჩენილი ოთხი მატჩიც დაგვეხმარება.
ჰეინსიც ქართულ ოჯახში
15 აგვისტოს, 17:15 საათზე საქართველოს მიწაზე პირველად დადგა ფეხი ნატურალიზებულმა მარკიზ ჰაინსმა, რომელიც მეტად გულღია ადამიანი ჩანს:
- ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ასეთ ნაკრებში თამაში. შესანიშნავი თანაგუნდელები გავიცანი და ვეცდები ევრობასკეტზე წარმატებულ თამაშში მათ მეც დავეხმარო. აქამდეც დავრწმუნდი, რომ ეს ერთი დიდი ოჯახია.
ოჯახთან დაკავშირებით: აეროპორტში კალათბურთელებს მეუღლეებთან ერთად შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ, ზაზა ფაჩულიას უმცროსმა ვაჟმა ვერ მოითმინა, ლენტი ჩამოხსნა და იქით გაიქცა, საიდანაც კალათბურთელები უნდა გამოსულიყვნენ...
კიდევ უნდა მოვუმატოთ
თორნიკე შენგელია ნაკრებს მას შემდეგ შეუერთდა, რაც ახალგაზრდული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. საინტერესოა, მოასწრო თუ არა 20-წლამდელთა თამაშებსა და ეროვნულის ვარჯიშებს შორის დასვენება.
- შუალედში რამდენიმე დღე დავისვენე. ეროვნულ გუნდთან ვარჯიში რომ დავიწყე, თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა ფორმაც დავიბრუნე და ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ. კიდევ უნდა მოვუმატოთ.
გამოცდილი, ფიზიკურად ძლიერი...
ისრაელის ნაკრების თავკაცი არიკ შივეკი საქართველოში მეორედაა. პირველად "ამსტერდამთან" ერთად "ენერჯისთან" ევროჩელენჯზე სათამაშოდ ჩამოვიდა.
- საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე დიდ მომავალს ვხედავ. ფიზიკურადაც ძლიერი გუნდი გყავთ, მოთამაშეების კლასითაც და რაც მთავარია, მეტად თანაბრადაა დაკომპლექტებული. მახსოვს 1995-96 წლის მატჩები საქართველოსა და ისრაელს შორის. მას მერე თქვენთან ბევრი შეიცვალა და დღეს ძალიან გამოცდილი გუნდი გყავთ. გადავხედოთ ქართველთა ნაკრების შემადგენლობას, რომელშიც კალათბურთელთა უმეტესობა ევროპის წამყვან კლუბებში ირიცხება. სწორედ ამიტომ ვამბობ, ამ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ-მეთქი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"