არიკ შივეკი: ევროპაზე ყველას ძლევა შეიძლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გზაზე მეცხრე მატჩი ისრაელთან თბილისში ჩაატარა. მეტოქე გუნდს ჩამოუძღვა გამოცდილი სპეციალისტი არიკ შივეკი, რომელიც ქართულ კალათბურთს ზედმიწევნით იცნობს. აკი თქვა, ზაზა ფაჩულიამ, მეტოქეს კარგად ვყავდით შესწავლილი და ჩვენს მცირე შეცდომასაც სათანადოდ იყენებდაო.

შესაბამისად, საინტერესო უნდა იყოს ებრაელთა თავკაცის მოსაზრება საქართველოს ნაკრების შესახებ. მას რამდენიმე კითხვით ჩვენც მივმართეთ, ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამაც საინტერესო ინტერვიუ გამოაქყვეყნა და დღეს, არიკ შივეკთან ერთგვარად შეჯერებულ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

ისრაელის მწვრთნელი რიგ ეპიზოდებში მსაჯის გადაწყვეტილებებს მძაფრად აპროტესტებდა, თუმცა მატჩის შემდეგ არბიტრებზე საუბრისგან თავი
შეიკავა:

- საინტერესო მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. მე კი კმაყოფილების საბაბი არ მაქვს, რადგან წავაგეთ. დაცვაში ცუდად გავისარჯეთ. თუმცა საქართველოს ძლიერ ნაკრებთან თამაში სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება.

- ჩვენს გუნდზე ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ?
- თანაბრად დაბალანსებული კოლექტივია, ფიზიკურად მეტად კარგად გამოიყურება. ქართველთა პლუსი ძლიერი წინა ხაზია, რითაც ბევრი ევროპული ნაკრები ვერ დაიკვეხნის. გუნდში ნამდვილად არის პოტენციალი, რომ ევრობასკეტზე ბევრი გააკვირვოს.

- ისრაელის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი აკლია. ომრი კასპი ევროპის ჩემპიონატისთვის თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას?
- ალბათ ვერა, თუმცა მცირე იმედი კი გვაქვს. მას მუხლს მყესი აქვს დაზიანებული, ახლა აქტიურ მკურნალობას გადის და თუ ვერ მოიშუშა, მისი სახით ევროპის ჩემპიონატზე დიდი ძალა გამოგვაკლდება.

- ევრობასკეტს რამდენად ოტიმისტურად უყურებთ?
- ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. საფრანგეთი, სერბეთი, გერმანია, იტალია... თითეულ მათგანს NBA-ს ვარსკვლავები ჰყავს. თუმცა მთლიანობაში, ყველაფერი კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული. წინასწარ ლაპარაკი არაფერს მოგვცემს. ბავრს გადაწყვეტს ორი ფაქტორი: როგორც შევხვდებით და როგორ დავიწყებთ ამა თუ იმ მატჩს. ვფიქრობ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება.

- საქართველოში ჰოლანდიიდან ჩამოხვედით, სადაც საერთაშორისო ტურნირის მოგების შანსი ბოლო მატჩში, ჰოლანდიასთან მარცხით დაკარგეთ...
- ამხანაგურ მატჩებში წაგება გულს არ გვტკენს. ჰოლანდიამ ბოლო მეოთხედში გვაჯობა, მანამდე თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მასპინძლების გამარჯვებაში ადგილობრივმა მსაჯებმაც ითამაშეს საკუთარი როლი.

- საქართველოც შეხვდა ჰოლანდიას...
- საქართველო ძლიერი გუნდია და არცაა გასაკვირი, რომ ჰოლანდიას მოუგო. შეკრული გუნდი გყავთ და თუ ყველაფერს სწორედ წარმართავთ, წინ სერიოზული გამარჯვებები გელით.

- ჩვენმა ნაკრებმა ჰოლანდიაში ერთადერთი მარცხი ისრაელთან განიცადა, თუმცა თქვენს მომგებ ამერიკულ "ვილანოვას" დიდი სხვაობით მოვუგეთ...
- ამერიკელებთნ მატჩს ჩემი კალათბურთელები ზედმეტი თავდაჯერებით შეხვდნენ. ვეთამაშებოდით ჩვეულებრივ გუნდს, რომლის მსგავსიც ამერიკაში ასზე მეტია. ამ თავდაჯერებამ ცუდად იმოქმედა, თამაში თავიდანვე ვერ დავალაგეთ, ვერც ბოლოს მოვახერხეთ ვითარების გამოსწორება. სწორედ ამას ვამბობდი, რომ მთავარია კარგი დასაწყისი და საბრძოლო განწყობა. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მატჩის მოგებაა შესაძლებელი. ესაა კალათბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული