2004 წელს საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდა ამერიკელი შემონდ უილიამსი, რომელიც მანამდე NBA-ში თამაშობდა და გადაწყვეტილი ჰქონდა კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა. შემონდმა ორ წელიწადში საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 20 ქულასა და 7.4 პასს აგროვებდა.
2006 წელს ჩვენს ეროვნულ გუნდში ახალი ნატურალიზებული გამოჩნდა - ტაირონ ელისი, რომელიც ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა გორდონ ჰერბერტმა ჩამოიყვანა (ერთად გერმანულ "სკაილაინერსში" მუშაობდნენ).
ჩვენი გუნდის თავკაცი იძულებული გახდა ახალი ამერიკელი მოეძებნა, იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებში მარკიზ ჰეინსს უხმო, რომელიც გასულ სეზონში ფრანგულ "შალონში" თამაშობდა, ამ ზაფხულს კი ესპანურ "გრან კანარიაში" გადავიდა (რაშიც საქართველოს პასპორტი დაეხმარა, რადგან ესპანეთში ამერიკელებზე გარკვეული ლიმიტია).
- მარკიზ ჰეინსი პირველად ფინიქსში გავიცანი. იგი "სანსთან" ერთად ვარჯიშობდა და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას მერე ჰეინსის თამაშს თვალს ვადევნებ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პერსპექტიული კალათბურთელია. მან ევროპაში პირველივე სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და თუ ასე განაგრძო, ვფიქრობ, NBA-შიც ითამაშებს. ჰეინსი ფიზიკურად ძლიერია, შეუძლია, როგორც მსროლელად, ასევე პლეიმეიქერად თამაში და საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგება, - თქვა ეროვნული გუნდის თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა.
ცხადია, ნატურალიზებული კალათბურთელებისგან ყოველთვის ბევრს ელიან, მითუმეტეს, რომ შემონდ უილიამსმა და ტაირონ ელისმა სამქულიანებით გაგვანებივრეს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარკიზი დებიუტანტია და ახალ გუნდთან შესაწყობად დრო სჭირდება. რატომღაც მომეჩვენა, რომ თბილისში ისრაელთან მატჩის დასაწყისში ძალიან ნერვიულობდა.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან მარკიზი 25 წლისაა. მათ, ვინც ჰეინსისგან 20 ქულას ელის შევახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის ხელში საქართველოს ნაკრებმა თავისი სახე მიიღო და გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. გუნდური თამაშისას კი 20 ქულის ჩაგდება არცთუ იოლია.
მთავარი ისაა, რომ ჰეინსი თავადაც ხვდება, რომ ნაკრების წარმატება ერთ კალათბურთელზე არაა დამოკიდებული და ცდილობს გუნდურად ითამაშოს. თუ ელისი მხოლოდ მსროლელი იყო, მარკიზს შეუძლია როგორც მეორე ნომრად, ასევე გამთამაშებლად თამაში, რაც საქართველოს ნაკრების დამატებით პლუსად უნდა იქცეს.
დანარჩენს ეროპის ჩემპიონატი გვიჩვენებს. როგორც უნდა წარიმართოს ქართველთა ბედი ევრობასკეტზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზაზა ფაჩულიას სიტყვები:
- ნებისმიერ უცხოელს უჭირს ახალ გუნდთან შეგუება, თუმცა მარკიზ ჰეინსს კარგი ხასიათი აქვს და ჩვენს გუნდსაც სათანადოდ შეეწყო. მთავარი ისაა, რომ იგი მხოლოდ წლეულს კი არა, მომავალ წელსაც დაგვეხმარება. ის ხომ ჯერ 25 წლისაა.
დროა თავად მარკიზ ჰეინსს მოვუსმინოთ, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსების დაცვა მოუწევს მოუწევს.
- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ნებისმიერი სპორტსმენისთვის ბევრს ნიშნავს, მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შეჯიბრებაში საქართველოსნაირ ძლიერ გუნდში თამაში.
- ჩვენი ნაკრების პოტენციალზე კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლია?
- საქართველოს ეროვნულ გუნდს აქვს პოტენციალი ევროპის ჩემპიონატზე ბევრი გააოცოს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ნაკრებს ძლიერი წინა ხაზი ჰყავს. ასეთი ტანმაღალი კალათბურთელებით ევროპის ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. კალათბურთში კარგი მეფარე ბევრს ნიშნავს. თუმცა, არც სხვა რგოლში გვყავს სუსტი მოთამაშეები.
- უკანახაზელებზე რას იტყვი?
- უკანა ხაზშიც კარგი მოთამაშეები გვყავს. მსროლელის პოზიციაზე გამორჩეულია მანუჩარ მარკოიშვილი, გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია ბუს (გიორგი ცინცაძე). კიდევ გვყავს კარგი უკანახაზელები და როგორც ვამბობ, ნამდვილად შეგვიძლია ბევრისთვის მოულოდნელად არაერთი ძლიერი გუნდი დავამარცხოთ. საქართველოს ნაკრები ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული გუნდია.
- როგორც ჩანს, ორ პოზიციაზე შეგიძლია თანაბრად თამაში...
- წლეულს საქართველოს ნაკრების საწყის მატჩებში ძირითადად მსროლელად ვთამაშობდი. ახლა ყოველ შეხვედრაში ხან მეორე ნომრად (მსროლელად) ვირჯები, ხან - გამთამაშებლად. მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი მეტყვის და სადაც გუნდს დასჭირდება.
- საინტერესოა, რა იფიქრე, როცა პირველად საქართველოს ნაკრებში თამაში შემოგთავაზეს.
- ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. მანამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში მომიწევდა. თანაც ასეთ გუნდში. საქართველოს ნაკრები ერთი ოჯახივითაა, ყველა ერთურთის მეგობარია და ვცდილობ, მეც ამ ოჯახს შევუერთდე. როცა ქართველთა კრებულში თამაში შემომთავაზეს, არ დავფიქრებულვარ, მაშინვე თანხმობა განვაცხადე, რადგან ეს ჩემს ინტერესებშიც შედიოდა. თუ გუნდს დავჭირდები, მზად ვარ საქართველოს ნაკრებს მომავალშიც დავეხმარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"