გზა ევრობასკეტისკენ - საქართველოს ნაკრები ბალტიისპირეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას, 5:30 საათზე თბილისის აეროპორტიდან საქართველოს ნაკრები ბალტიისპირეთში გაემგზავრა. გუნდი ჯერ რიგაში დაბინავდება, 22 და 24 აგვისტოს ლატვიის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება, შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვაში გადავა და 27-ში გენერალურ რეპეტიციას გაივლის - მეთორმეტე საკონტროლო მატჩში ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ლიტვას შეეჭიდება.

ჩვენი რჩეული კრებული ბალტიისპირეთში საბრძოლო შემადგენლობითა და ხალისიანი განწყობით გაფრინდა. თუმცა თითოეულ კალათბურთელს ეტყობოდა, რომ მეტად საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად ემზადება.

ლატვიაში წასვლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენცია გამართა, ისაუბრა როგორც გუნდის მზადებაზე, ასევე ევრობასკეტზე ქართველთა პერსპექტივებზე.
თუმცა, ვიდრე იგორ კოკოშკოვის ნაუბარს შემოგთავაზებდეთ, კალათბურთელებს მოვუსმინოთ.


ზღაპარი რეალობაში
ვლადიმერ ბოისა:
- ისევე როგორც საქართველოს ნაკრები, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მეტოქეებიც გეგმავენ. ბელგიას, უკრაინასა და ბულგარეთსაც მიაჩნიათ, რომ ეს შეუძლიათ, რუსეთსა და სლოვენიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მესამე ადგილი დავიკავოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მეორე და პირველ ადგილზე გასვლა უკვე ზღაპარი იქნება.

მანუჩარ მარკოიშვილი:
- ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ქართული ხასიათი - ბოლომდე ვიბრძოლოთ და ევროპულ საზოგადოებას დავანახვოთ რა შეგვიძლია. 31 აგვისტომდე დრო კიდევ არის, სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და სწორედ იქ უნდა გამოვასწოროთ საბოლოოდ ჩვენი შეცდმები.

ზაზა ფაჩულია:
- ექვსი წელი B დივიზიონში ვიყავით. თამაშს ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით და ბოლოსდაბოლოს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე მიაღწია. ეს ჩვენი კალათბურთის ისტორიაში პირველად მოხდა და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ღირსების დაცვა ევროპის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე მოგვიწევს. წინაც უნდა გავიხედოთ - იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ მიღწეულზე არ შეჩერდება და შედეგებს გააუმჯობესებს.

ნაკრების კაპიტანი გუნდის მზადებასაც შეეხო:
- ერთი თვეა, რაც ვემზადებით, ცხრა მატჩი ჩავატარეთ, დავინახეთ ჩვენი უარყოფითი და დადებითი მხარეები. საკონტროლო შეხვედრებში შეცდომა დასაშვებია, მაგრამ ეს ოფიციალურ მატჩებში არ უნდა განმეორდეს. ევრობასკეტს უკეთ მომზადებულები უნდა შევხვდეთ, ერთი-ორად კარგად გავისარჯოთ. 6-7 წელია ერთი შემადგენლობით ვთამაშობთ, ყოველწლიურად წინ მივიწევთ და ლიტვაში გვაქვს შანსი ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ. ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო.

ფაჩულიას თქმით გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.
- ვიბრძოლებთ მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებისთვის, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევრობასკეტზე ერთადერთი დებიუტანტი საქართველოა. გამოცდილება კი ბევრს ნიშნავს. ვეცდებით თითო მატჩს ისე მივუდგეთ, როგორც ფინალს.

ზაზა ბოლოს შემადგენლობას შეეხო:
- წლეულს შეკრება 18-მა კალათბურთელმა დაიწყო, ბალტიისპირეთში კი 13 მივემგზავრებით. ვფიქრობ, თვრამეტივე იმსახურებდა გუნდში მოხვადრას, ძალიან კარგი რეზერვი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მხოლოდ 12 კალათბურთელი უნდა შევიდეს. მიმძიმს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ადრე თუ გვიან ვეტერანებს თამაშისთვის თავის დანებება მოუწევთ. მათი ადგილი კი ახალმა თაობამ უნდა დაიკავოს. მინდა ახალგაზრდებმა გაიგონ, რომ ეროვნული გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, რაც მეტი იქნება კონკურენცია, მით უკეთესად ითამაშებს გუნდი.


დიდი თვე...
როგორც დაგპირდით, ბოლოს ნაკრების თავკაცის იგორ კოკოშკოვის ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

Sportall.Ge

- დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ნაყოფიერად ვმუშაობთ. დიდი თვე იყო - ბევრი უარყოფითი და დადებითი მხარე დავინახეთ. ზოგი რამ გამოვასწორეთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მზად ვართ. ეს არც მაღელვებს, რადგან ვხედავ, რომ გუნდი პროგრესირებს. დეტალებზე სამუშაოდ კი დრო კიდევ გვაქვს. ბალტიისპირეთში კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, რომლებშიც დაცვაზეც ვიმუშავებთ, შეტევაზეც და ყველაფერზე, რაც გამოსასწორებელი გვაქვს.

- ნაკრებში აქამდე 14 კალათბურთელი ვარჯიშობდა, ლატვიაში კი 13 მიგყავთ...
- შეკრების ყველაზე რთული პერიოდი სწორედ კალათბურთელებთან შელევაა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე 13 კაცში ვერ მოხვდა ლევან ფაცაცია, რომელიც შეკრების პირველი დღიდან თავდაუზოგავად მუშაობდა. ლატვიაში მიგვყავს ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა გიორგი შარაბიძე, რომელიც მე-13 კალათბურთელი იქნება. ევროპის ჩემპიონატის განაცხადში, 30 აგვისტოს 12 კალათბურთელის გვარი უნდა დაფიქსირდეს, შემდეგ ცვლილებების განხორციელების საშუალება არ გვექნება.

- ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე რას იტყვით?
- რამდენიმე წლით უკან გადავინაცვლებ: საქართველოს ნაკრებთან ერთად პირვლი მატჩი ლუქსემბურგთან 2008 წელს ჩავატარე. მას მერე გუნდი ყოველწლიურად წინ მიდიოდა და დღეს არა ლუქსემბურგს, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებთან სათამაშოდ ვემზადებით. კარგად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, საქართველოს მსგავსი პატარა, მაგრამ დიდი საკალათბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოჩენა. ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, და ვეცდებით გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ.

- ევროპის ჩემპიონატზე თქვენგან სიურპრიზებსაც ველით...
- ეს მზადების შემადგენელი კომპონენტია. თუმცა მაშინ, როცა 6 დღეში ხუთი მატჩის ჩატარება გვიწევს, სიურპრიზები უფრო საწყის შეხვედრებშია მოსალოდნელი.

- ჩვენც ეგ გვინდა - პირველი მატჩი ხომ ბელგიასთანაა.
- სადღეისოდ სწორედ პირველ თამაშზე ვფიქრობთ. ბელგიასთან შეხვედრას რომ მოვისტუმრებთ, რუსეთზე გადავერთვებით, შემდეგ სლოვენიაზე...

- მეტოქეების ტესტ-მატჩების ვიდეოჩანაწერები თუ მოიპოვეთ?
- ამაზე ჩემი ასისტენტები ზრუნავენ. მე მთლიანად საქართველოს ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული. მთავარია ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ასეთ შემთხვევაში ქართველებს კი არ მოუწევთ მოწინააღმდეგეზე ფიქრი, პირიქით - სხვებს გაუჩნდებათ თავსატეხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული