პირველი კრებული საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
- მართალია, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში რეგულარულად ვთამაშობ და ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ამ გამოცემამ მაინც ძალიან დამაინტერესა. 90-იანი წლების სანაკრებო ამბები გადმოცემით ვიცოდი და ახლა თვითმხილველთა მონათხრობს გავეცნობი. კარგი საჩუქარია, როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე კალათბურთელებისთვის, - ასეთი იყო ვიქტორ სანიკიძის შეფასება ალმანახისა "ევრობასკეტი" - საქართველოს ნაკრების (1994-2011) შესახებ.

შეიძლება სიმბოლურად გვეჩვენოს, საქართველოს ნაკრებისადმი მიძღვნილი პირველი წიგნის მაინცდამაინც ევრობასკეტამდე 9 დღით ადრე გამოცემა, მაგრამ სიმბოლიზმი არაფერ შუაშია - 90-იან წლებში ინფორმაციული სიმწირე იყო, ნაკრების უცხოური მატჩების სტატისტიკა არ მოიპოვებოდა. ტექნოლოგიების
განვითარებას, საქართველოს ნაკრების წინსვლაც დაემთხვა და კალათბურთისადმი ინტერესიც მას შემდეგ გაათმაგდა, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ასე რომ, ამ ალმანახის მზის სინათლეზე გამოსვლა დრომ და "მედია პალიტრას" და გამომცემლობა "ლელოს" თანამშრომლობამ მოიტანა.

ნაკრების ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა, 30 წლის ვლადიმერ ბოისამ კრებული შუა გვერდებზე გადაშალა და ნაკრებში პირველი ნაბიჯები გაიხსენა. რას გრძნობდა თინეიჯერი ბოისა ეროვნული გუნდის თამაშზე ჩეხეთში რომ მიდიოდა, როგორ გადაურჩა 1995 წლის გუნდი ავიაკატასტროფას და რატომ თქვა ზაზა ფაჩულიამ (2007 წელს) ნაკრებში აღარ ვითამაშებო, ამ ამბებს საკალათბურთო ალმანახში დღეიდან წაიკითხავთ.

ამ ალმანახით (ავტორი, "ლელოს"ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი) აღდგა გამოცემათა სერია "ლელოს ბიბლიოთეკა", რომელიც ათეულობით წლებს ითვლის.

ვახტანგ ტყეშელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული