საქართველო FIBA-ს აუჯანყდა! ინტერვიუ ბესიკ ლიპარტელიანთან

AutoSharing Option
18 ნოემბერს ევრობასკეტი 2013-ის წილისყრა გაიმართება. ღონიეძიება სლოვენიის ერთ-ერთ მთავარ სიამაყე პოსტოინას გამოქვაბულში გაიმართება.

როგორც დიალოგის დაწყებამდე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, იგი სლოვენიელებს გაუფრთხილებიათ, გამოქვებულში დაბალი ტემპერატურა იქნება და თბილად შეიმოსეთო.

როგორც მიხვდით, გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ბესიკთან, რომელიც ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილთან ერთად წილისყრაზე დასასწრებად გაემგზავრა.

საუბარი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემით დავიწყეთ - ფიბა-ს საიტზე გამოქვეყნდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ჩატარების ახალი სისტემა-გრაფიკი, რომლის მიხედვით, ეს შეჯიბრებები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება, არადა ევრობასკეტი დღემდე ორ წელში ერთხელ
ტარდებოდა...

- ფიბა-ს გადაწყვეტილებას არ შეიძლებოდა პოზიტიურად შევხვედროდით. საიტზე ეს ინფორმაცია რომ წავიკითხეთ, გავესაუბრეთ ჩვენს მეგობრებს, რამდენიმე ევროპული ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს: არვიდას საბონისს (ლიტვა), დინო მენეგინს (იტალია), თურგაი დემირელს (თურქეთი), ალექსანდრე ვოლკოვს (უკრაინა)...

ისინიც აღშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ფიბა-ევროპამ ფიბა-ს გადაწყვეტილების განხორციელების საშუალება არ უნდა მისცეს.

- სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები რა აზრისანი არიან?
- ამ საკითხზე წილისყრის წინა დღეს, შაბათს აუცილებლად ვილაპარაკებთ და დანარჩენების პოზიციასაც გავიგებთ. თუმცა, არა მგონია, ახალი სისტემა ვინმეს მოსწონდეს.

- ევრობასკეტის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარების საკითხი პირველად მაისში გაჟღერდა. მაშინ ბრძანეთ, ამის გამო ბევრი ევროპული ფედერაცია ფიბა-ევროპის პრეზიდენტ ოლაფ რაფნსონს უნდობლობას ვუცხადებთო. ნაკლებად სავარაუდოა, ამჯერადაც მის გარეშე გაეკეთებინა ფიბა-ს მსგავსი განცხადება.
- ფიბა-ევროპის ხელმძღვანელის ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე სპეციალურად დაქირავებული იურისტები მუშაობენ. სლოვენიაში ჩასვლის შემდეგ გავიგებ, რა სტადიაშია საკითხი. როცა საქმე ევროპის ჩემპიონატების რაოდენობის განახევრებას ეხება, გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთან კონსულტაციები აუცილებელი იყო, რადგან სწორედ ფედერაციებზე დგას ფიბა-ევროპა.

- ნოემბერსა და თებერვალში სიამოვნებით ვიხილავთ საქართველოს ნაკრების თამაშებს, მაგრამ ჩნდება კითხვა - NBA-ში მოთამაშეებს თუ გამოუშვებენ კლუბები? როცა კალენდარში სანაკრებო მატჩების შეტანა იგეგმებოდა, ამერიკელებთანაც უნდა ყოფილიყო გარკვეული შეთანხმება.
- პრობლემა სწორედ ისაა, რომ შეთანხმება არ არსებობს. არადა, თავადაც მოგეხსენებათ, რამდენი წარმომადგენელი ჰყავს NBA-ში იტალიას, სერბეთს, ესპანეთს, საფრანგეთს...

არის კიდევ ერთი რთულად გადასაჭრელი საკითხი: ევროლიგა ფიბა-ევროპისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. საკითხავია, როგორ შეხვდება იგი ევროლიგის კლუბებიდან ნაკრებში კალათბურთელების გაშვების ამბავს.

მოკლედ, არაერთი სერიოზული პრობლემა წამოიჭრა. დანარჩენს სლოვენიაში ჩასვლის შემდეგ გავიგებთ.

- გადავიდეთ წილისყრაზე. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გამართლებამ საქართველოს ნაკრების სამომავლო გამოსვლაზე?
- წილისყრის წინ გუნდები კალათებში არათანაბრად არიან განაწილებულნი. საქართველო მეხუთე კალათაშია, გერმანიასთან, ბელგიასა და ლატვიასთან. ჩვენს ქვემოთ არიან ისრაელი და სერბეთი. აქედან გამომდინარე, წილისყრისას იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს.

- თუ ქვემოთ არის რამდენიმე გუნდები, რომელთან შეხვედრასაც არ ვისურვებთ, ზედა კალათებში ისეთებიმაც მოიყარა თავი, რომლებსაც სასურველი მეტოქეები შეიძლება დაერქვას.
- მაგალითად მაკედონია, რომელსაც მეტად ასაკოვანი ნაკრები ჰყავს. ასეც რომ არ იყოს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ მათთან გამარჯვება შეიძლება.

არა მგონია, ბრიტანეთის ნაკრები იმაზე ძლიერი იყოს, ვიდრე ეს ოლიმპიადაზე გამოჩნდა.

ზედა ჯგუფებიდან კიდევ რამდენიმე სავარაუდო მეტოქის გამოყოფა შეიძლება, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მთავარია საქართველოს ნაკრები როგორი შემადგენლობითა და კონდიციებით შეხვდება ევრობასკეტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული