წილისყრისას გამართლება-არგამართლებაზე წინასწარ ლაპარაკი ძნელია, რადგან არავინ იცის, 2013 წლის სექტემბერს რომელი გუნდი როგორი კონდიციებითა და შემადგენლობით შეხვდება.
რეალობა კი ასეთია: ძალების შესაფასებლად მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთზე უკეთეს მეტოქეს ვერ ვინატრებდით;
მასპინძლებთან შეხვედრა ყოველთვის ემოციური და დაძაბულია. არც სლოვენია-საქართველოს მატჩი უნდა იყოს გამონაკლისი;
ჩემპიონატის გახსნით
ხორვატიის ნაკრებში ახალი გენერაცია გამოჩნდა და უძლეველი გუნდი რომ არ არის, შესარჩევზე უკრაინასთან მატჩებმაც დაგვარწმუნა;
ჩეხეთი კი 2011 წელს მეორე დივიზიონში თამაშობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მისი აუტსაიდერად მიჩნევა არ შეიძლება.
* * *
18 ნოემბერს, წილისყრის დასრულების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით, რომელიც სლოვენიელთა მასპინძლობით და სანახაობით კმაყოფილი იყო, წილისყრის შედეგებზე კი ეს თქვა:
- საქმე ასარჩევად რომ ყოფილიყო, A ჯგუფში მოხვედრას ვისურვებდი, სადაც ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია არიან თავმოყრილნი.
რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, აქ ევრობასკეტის ფავორიტი ესპანეთია. სლოვენია შინ თამაშობს და ის ჯგუფიდან გასვლის მეორე პრეტენდენტი იქნება.
ამ გუნდს 2011 წელსაც ვეთამაშეთ და იმ შეხვედრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ უშანსოდ არ ვართ.
- ხორვატიის ნაკრები შედარებით ახალგაზრდულია...
- წილისყრის დასრულების შემდეგ ხორვატიის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი მოვიდა და გვითხრა - თანაბარი, დაძაბული თამაში გვექნებაო. ხორვატებს მაღალი დონის გუნდი ჰყავთ და მეორე ადგილისთვისაც შეუძლიათ ბრძოლა.
პოლონეთთან და ჩეხეთთან გამარჯვება რეალურია. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გინდა, ეს უნდა შევძლოთ. თუმცა მთავარია, ვინ როგორ შეხვდება უშუალოდ მატჩებს. მხედველობაში მაქვს შემადგენლობა, ტრავმები...
ერთსაც დავამატებ: წინასწარი სქემის მიხედვით, თუ ჯგუფიდან გავედით, მომდევნო ეტაპზე პირველივე მატჩში რუსებს (იმ შემთხვევაში, თუ მათაც გადალახეს საწყისი ბარიერი) დავუპირისპირდებით.
- კალენდარსაც გაეცნობოდით.
- პირველ მატჩში პოლონეთთან დაპირისპირება კარგია. თან იმ დღეს ხორვატია სლოვენიას ეთამაშება. თუ ხორვატები დამარცხდებიან, მეორე დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ექნებათ საქართველოსთან. ამ მატჩში ბევრი რამ გაირკვევა.
კარგია ისიც, რომ შემდეგ ვისვენებთ და ამის მერე მოგვიწევს სლოვენიასთან, ჩეხეთსა და ესპანეთთან თამაში.
* * *
მეტოქეებზე და წილისყრასთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე მომდევნო დღეებში კიდევ ვისაუბრებთ, აქ კი ჩვენი ჯგუფის ფავორიტის, ესპანეთის ნაკრების თავკაცის, სერჟიო სკარიოლოს კომენტარი გადავიკითხოთ:
"ვიდრე ჯგუფის თითოეული ბინადრის შემადგენლობას არ გადავხედავ, ძლიერ-სუსტებად დახარისხება გამიჭირდება. თუმცა, ფაქტია, რომ სლოვენიას ხარისხიანი ნაკრები ჰყავს და ზურგს ფანებიც გაუმაგრებენ.
ხორვატია ხელახლა დაიბადა და ერთიანი, ახალგაზრდა გუნდია. პოლონეთი საშუალო დონის ნაკრებებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
საქართველოს არაერთი მაღალი დონის კალათბურთელი ჰყავს. ჩეხეთს კი ძლიერი შიდა პირველობა აქვს და მოთამაშეები ევროპულ ტურნირებში არიან გამოცდილნი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013-ის წილისყრამ საქართველოს ჩემპიონი ესპანეთი არგუნა
საქართველო FIBA-ს აუჯანყდა! ინტერვიუ ბესიკ ლიპარტელიანთან