დავით უსტიაშვილი: ჩვენს ნაკრებს სტუმრად გამარჯვებაც კარგად ეხერხება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სექტემბერში ევროპის ჩემპიონატში მესამედ ითამაშებს. წილისყრამ ნაცნობი მეტოქეები გვარგუნა: ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია, მაკედონია და ჰოლანდია. ორიოდე თვით ადრე, ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები იქნებიან ჩერნოგორია, პორტუგალია და ლუქსემბურგი.

ახალგაზრდებს დავით უსტიაშვილი წვრთნის, რომელიც პარალელურად საქართველოს ეროვნულ გუნდში იგორ კოკოშკოვის თანაშემწეა. ასე რომ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ბატონი დავითის მოსაზრება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდსა და მეტოქეებზე.

ეროვნული ნაკრებით დავიწყოთ.

- წილისყრისას, თუ დააკვირდით, მეხუთე კალათის გუნდების განაწილებისას ორი ბურთულა რომ დარჩა,
ერთი საქართველო იყო, მეორე - ჩეხეთი. ჩვენი გუნდი ან ხორვატიის ჯგუფში უნდა მოხვედრილიყო, ან - ლატვიისაში. ალბათ, ყველას რიგაში თამაში ერჩივნა, რადგან იქ ისეთი გუნდები არიან თავმოყრილნი, რომლებთან წარმატებით თამაშის გამოცდილება გვაქვს. თუმცა საბოლოოდ მაინც ხორვატიაში აღმოვჩნდით.

- პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში ბალტიისპირული ჯგუფის წარმომადგენლებთან მაინც მოგვიწევს ურთიერთობის გარკვევა...
- გასაგებია, თუმცა ჩვენს ჯგუფში თამაშობენ ხორვატია, სლოვენია და მაკედონია, რომელთა ქომაგები ზაგრების არენას გაავსებენ და, ფაქტობრივად, სტუმრის სტატუსით მოგვიწევს ასპარეზობა.

სჯობდა ამ გუნდებს მეორე ეტაპზე, საფრანგეთში შევხვედროდით. თუმცა, ისე არავინ გაიგოს, თითქოს, რადგან მეტოქეს მეტი ქომაგი ეყოლება, ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების შანსი. საქართველოს ნაკრებს საკმარისი გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სტუმრად, სავსე ტრიბუნების წინაშე წარმატებით ითამაშოს.

გავიხსენოთ თუნდაც 2012 წელს მოგებული მატჩები ბოსნიასა და ლატვიაში. ევრო-2013-ზე (სლოვენიის ქალაქ ცელიეში) საკმაოდ ძლიერ ხორვატიასა და სლოვენიასთანაც თანაბარი ბრძოლები გაჩაღდა. ორივე შემთხვევაში გვქონდა გამარჯვების რეალური შანსი.

- ბალკანელების გარდა ჩვენს ჯგუფში საბერძნეთი და ჰოლანდიაც მოხვდნენ. ვინ მიგაჩნიათ მერვედფინალში გასვლის მთავარ ფავორიტებად?
- ამაზე მსჯელობა ჯერ ადრეა, რადგან არავინ იცის, რომელი გუნდი როგორი მომზადებული შეხვდება ევრობასკეტს, როგორ შემადგენლობას შეკრებს. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში ვერ ხერხდება ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, ტრავმების გამო ჯერ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გვაკლდნენ, წლეულს მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და რიკი ჰიკმანი...

ზოგადად იმის თქმა შეიძლება, რომ ზაგრებულ ჯგუფში ძირითადად თანაბარი ძალის გუნდები არიან შეკრებილნი და ადგილები როგორ გადანაწილდება, წინასწარ რთული განსასაზღვრია. აუტსაიდერი, ერთი შეხედვით, ჰოლანდიაა, თუმცა ამ გუნდმა შესარჩევ ეტაპზე ჩერნოგორია მოიტოვა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი ვერ ხვდება.

- ევრო-2015-ის შესარჩევ ეტაპზე ამერიკელი კალათბურთელის გარეშე ვითამაშეთ. ევრობასკეტზე თუ მაღალი მიზნების მიღწევა გვსურს, უცხოელიც დაგვჭირდება...
- რიკი ჰიკმანს კონტრაქტის მიხედვით ჩვენს ნაკრებში სამი წელი უნდა ეთამაშა. პირველი წელი 2013 იყო, წლეულს ტრავმა ჰქონდა და ვიმედოვნებ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის დაგვიბრუნდება. ცხადია, ჯერ ნატურალიზებულის საკითხზე კონკრეტული საუბარი არ შეიძლება, თუმცა ევროპაში არაერთი კარგი უცხოელია საქართველოს პასპორტით...

- დროა ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვისაუბროთ.
- 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებს ყოველ კვირას ვკრებთ და ვვარჯიშობთ. გვსურს, სეზონის ბოლოს კალათბურთელები ერთმანეთთან კარგად იყვნენ შეწყობილნი.

- 2014 წლის გუნდიდან ნაკრებში რამდენი მოთამაშე დარჩა?
- ოთხი: სანდრო სანაძე, ნუგზარ აბულაძე, ალექსანდრე ბოლქვაძე და კახა ტომარაძე. დანარჩენი ყველა ახალია, რომლებიც ან შარშან გამოდიოდნენ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ან პირველად მოუწევს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. ჩვენი მთავარი ამოცანა ეროვნული გუნდისთვის შესაბამისი კონტინგენტის მომზადებაა. მაგალითად, შარშან 20-წლამდელებში თამაშობდა ბექა ბურჯანაძე, რომელიც მოგვიანებით მთავარ ნაკრებს შეუერთდა და საკმარისადაც დაეხმარა.

- ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ გამსვლელ ზონაში მოხვედრა?
- ჯგუფში მებრძოლი გუნდები არიან შეკრებილნი, რომლებთანაც სერიოზული თამაშები გვექნება.

მაგალითად, პორტუგალია, თითქოს არ უნდა იყოს ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, მაგრამ შარშან ამ გუნდის თამაშები რომ ვნახე, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სეროიზული მოწინააღმდეგეა.

ბევრი არ დააკლდა საპრიზო ადგილებამდე. ჩერნოგორია ექს-იუგოსლავიური საკალათბურთო სკოლის წარმომადგენელია და გასაგებია, მთავარი ფავორიტი იქნება.

ჩვენს ჯგუფშია ბალკანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი კოსოვო, თუმცა მისი თამაში საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. ფიბა-ს მასთან მიმართებაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული