ლაშა გამყრელიძე: ახლაც მზად ვარ, ნაკრებს ყველაფერში დავეხმარო

AutoSharing Option
გასულ შაბათს საქართველოს თასის ფინალში "დინამომ" "რუსთავს" 95:87 სძლია. ამ სანახაობრივი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დინამოელთა გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე დასახელდა, რომელმაც 19 ქულა და 9 პასი ჩაიწერა.

ლაშასთან ინტერვიუს ჟურნალ "კვირის ლელოს" შაბათის ნომერში იხილავთ, აქ რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

ფინალი
- საინტერესო ფინალი გამოვიდა, რაშიც დიდი წვლილი "რუსთავს" მიუძღვის, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა - სამქულიანები თითქმის 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა. 4-5 შორეული სროლიდან ნახევარს რომ ჩააგდებ, არა უშავს, მაგრამ რუსთაველებმა 13 სამიანი გამოიყენეს.

ასეთ დროს ოპონენტს დიდი ძალისხმევა სჭირდება თამაშის თავის სასარგებლოდ დასასრულებლად.

"დინამომ" 40 წუთი სტაბილურად ჩაატარა და ვფიქრობ, დამსახურებულად გაიმარჯვა. ამ
წარმატებაში ყველას თანაბარი წვლილი მიგვიძღვის, მნიშვნელობა არა აქვს, ერთი წუთი ითამაშა თუ
- 35.

დინამო
"დინამო" საქართველოს ჩემპიონატშიც წარმატებით ასპარეზობს. სადღეისოდ რეგულარული ეტაპის ლიდერია.

- სეზონის დასაწყისში ბევრი ამბობდა - შარშანდელი გუნდი ბევრად უკეთესი იყოო. არავის ეგონა, პირველ წრეს პირველ ადგილზე თუ დავასრულებდით, რადგან ლეგიონერები ჯერ არ გვყავდა დამატებული. თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მაქსიმალურად მოვინდომეთ და პირველივე მატჩში ("ბათუმის" წინააღმდეგ) გამოჩნდა, რომ საკმარისად ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს.

შუა სეზონში დაგვემატნენ ლეგიონერები, გარიკ შერმანი და მარკო პოპოვიჩი, რომლებიც სწორედ იმ სტილის მოთამაშეები არიან, როგორებიც გვჭირდებოდა. როგორ ეხმარებიან გუნდს, ეს მოედანზეც კარგად ჩანს და სტატისტიკაც დადებითს მეტყველებს. მათთან ერთად კიდევ უკეთ ვთამაშობთ და, როგორც აღვნიშნე, ძალიან ახლოს ვართ რეგულარული ეტაპის მოგებასთან.

ნაკრები
2012 წლის შემდეგ გამყრელიძეს ნაკრებში აღარ იძახებენ. როცა მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ვეკითხებით, გვპასუხობს, პირადი არაფერიაო...

- საქართველოს ნაკრებში ყოველთვის სიხარულით მოვდიოდი. ვფიქრობ, ნორმალურ სეზონს ვატარებ და თუ მწვრთნელები გამომიძახებენ, ახლაც მზად ვარ, დავეხმარო ყველაფერში, რაც ჩემგან დასჭირდებათ. მწვრთნელი შეიძლება ფიქრობს: თუ გამომიძახებს, უნდა საკმარისად მათამაშოს კიდეც. მე კი ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, თუ გუნდს დასჭირდება, 15 წუთს ვითამაშებ, თუ დასჭირდება - 10 წუთს, 5 წუთს. ყოფილა მატჩები, მოედანზე არ გავსულვარ.... "დინამოსთან" მიმართებაშიც აღვნიშნე, მთავარი არა პირადი, არამედ გუნდის ინტერესებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული