წლეულს ნაკრების დამრიგებელი შეიცვალა და გამყრელიძე კვლავ ვიხილეთ გამოძახებულთა სიაში, თუმცა ტრავმის გამო არ უთამაშია. გაიარა შესარჩევმა ეტაპმა, დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი და ლაშა არც სუპერლიგის რომელიმე გუნდში ჩანს. როგორც შევიტყვეთ, იგი საკუთარ კლუბთან ერთად "ა" ლიგაში სათამაშოდ ემზადება.
- იყო შეთავაზებები, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე საქმე ვერ მივიდა. მთავარი მოტივაცია, რატომაც "ა" ლიგაში თამაში გადავწყვიტე, ჩემი გუნდი იყო. მე და ბესიკ ლეჟავამ დავაფუძნეთ "ტიტები", რომელსაც აქვს ამბიცია ჯერ "ა" ლიგაში მოხვდეს, შემდეგ კი უმაღლესი ეშელონის საგზური მოიპოვოს.
- "ა" ლიგაში გადასვლა ნაკრებში მოხვედრაში ხელს ხომ არ შეგიშლის?
- რატომ უნდა შემიშალოს, როცა იგივე გამყრელიძე ვარ, რაც გასულ სეზონში და მანამდე ვიყავი? ილიას ზუროსმა შარშან ნაკრებში დამიძახა. თუ კარგი სეზონი მექნება, იმედი მაქვს, კვლავაც გამომიძახებს. ეს ჩემთვის მთავარი სტიმული იქნება მომავალ სეზონში.
- 2016 წლის ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდი, ახლა როგორ გრძნობ თავს?
- ხელის ძვალი მქონდა გაბზარული, თუმცა ეს ხუთი თვის უკან იყო, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. მინდოდა, ნაკრებში მომზადებული მივსულიყავი და ინდივიდუალურად ვემზადებოდი, თუმცა შეკრების დაწყებამდე მივიღე ტრავმა.
- როგორ შეაფასებდი წლეულს საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე?
- იყო ტრავმები, გუნდმა მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ითამაშა, თუმცა ამის მიუხედავად მშვენიერი შედეგი უჩვენა. მომეწონა გუნდის ახალი სათამაშო სტილი, დაცვაზე ორიენტირებული, სწრაფი შეტევებით. ყველაფერი თავის დროზე იყო და, რაც მთავარია, ლიდერები გადამწყვეტ მომენტებს დასვენებულები ხვდებოდნენ. ნამდვილად იგრძნობოდა მწვრთნელის ხელი.
- დავუბრუნდეთ "ტიტებს". ჯერ სახელზე ვთქვათ.
- "ტიტები" ჩემი პატარაობის გუნდია, რომელიც 6 წლის განმავლობაში თავის ასაკში საუკეთესო იყო. ექვსჯერ გავხდით საქართველოს ჩემპიონები. მე და ჩემი მეგობრები ყველა ღონეს ვიხმართ, რომ "ტიტები" ამჯერადაც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც ბავშვებში.
- სადღეისოდ ცნობილი კალათბურთელებიდან კიდევ ვინ თამაშობდა "ტიტებში"?
- მწვრთნელი იყო გურამ მეგრელაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს კალათბურთელებად ჩამოყალიბებაში. "ტიტებში" იყო ბესიკ ლეჟავა, დავით საყვარელიძე, ვლადიმერ რუსია, რომელიც ხელბურთელთა ნაკრებშია... ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა. ბევრმა კალათბურთის თამაში განაგრძო, მაგრამ უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია. ყოფილმა ტიტელებმა, გუნდის აღდგენის ამბავი რომ გაიგეს, ძალიან გაუხარდათ, ბევრი გვერდში დაგვიდგა.
- დამფუძნებლებზე უკვე ვთქვით, ვინ იქნება გუნდის პრეზიდენტი, მწვრთნელი?
- დირექტორია ჩემი ძმა ლუკა გამყრელიძე, გენერალური მენეჯერი - გიორგი ჯაფარიძე, ხოლო მთავარი მწვრთნელი ამბროსი ორმოცაძე.
- ბესიკ ლეჟავას არ ჰქონდა "ტიტებში" თამაშის სურვილი?
- რა თქმა უნდა. მომავალ სეზონში ჩვენთან იქნება, თუმცა არც ამ სეზონში ვიტყვით ბესოს დახმარებაზე უარს...
- შემადგენლობაში ორი ამერიკელია, კიდევ ხომ არ აპირებთ გაძლიერებას?
- იანვრისთვის კიდევ ერთი ლეგიონერის დამატებას ვაპირებთ. ახლახან ესპანეთიდან ჩამოვიდა არჩილ პულუზაშვილი, რომელიც ასევე ჩვენს გუნდში იქნება. შემადგენლობაში ვართ: მე, გიორგი ვახანია, გიორგი დვალი, რეზო დიდია, დავით დეკანოიძე, დავით ნოზაძე, არჩილ პულუზაშვილი, რაიან აარონი და არმანი ფლამინგენი. აარონი უკანახაზელია, ხოლო ფლამინგენი - წინახაზელი.
- "ტიტები" "ა" ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს...
- ჩვენი მიზანი "ა" ლიგაში მოხვედრა და იქ წარმატებული თამაშია. "წარმატებულ თამაშში" პირველობისთვის ბრძოლა იგულისხმება. როგორც ვთქვი, გვაქვს ამბიცია, პირველივე წელს მოვიპოვოთ უმაღლესი ლიგის საგზური, ხოლო სუპერლიგაში არა საშუალო დონის, არამედ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი გვყავდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"