საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ღია ვარჯიში და მზადება [PHOTO]

AutoSharing Option
ევროპის საფეხბურთო სუპერთასზე გულშემატკივარი ფოტოაპარატითა და ფურცელ-კალმით შეიარაღებული მივიდა, იმედი ჰქონდათ, ბარსელონელებთან სურათს თუ არ გადაიღებდნენ, ავტოგრაფს მაინც აიღებდნენ...

მე-16 სექტორთან ჩავლილთაგან ბევრს დასჭირდა კალმისა და ფოტოაპარატის მომარჯვება. ერთ ახალგაზრდა წყვილს რომ ჩავუარე, საინტერესო დიალოგი მოვისმინე: "ბარსელონა" ესპანელებისაა, ჩვენი "ბარსა" საქართველოს ნაკრებია, სურათი კალათბურთელებთან გადავიღოთ, კიდევ როდის ვნახავთ ასე ახლოს ფაჩულიას, მარკოიშვილსო...

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი სერიოზული გამოწვევებისთვის ემზადება, ბევრს შრომობს, თუმცა განტვირთვაც საჭიროა. გუნდი 11 აგვისტოს საღამოს "ბარსელონა"-"სევილიის" მატჩს დაესწრო. მეორე დღისით კი მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა სპორტის სასახლის
კარი მედიისთვისაც გააღო და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორი დატვირთვით ვარჯიშობენ კალათბურთელები.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

წვრთნის დასრულების შემდეგ ყველა ძალიან დაღლილი ჩანდა, თუმცა ხალისი მაინც არსად გამქრალიყო. ამის მიზეზი გასაგებია: საქართველოს ნაკრებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელის, რომელზეც შედეგის მისაღწევად აუცილებელია, მატჩებს ფორმაში შევხვდეთ.

ჩვენი ნაკრების კალათბურთელებს სათანადოდ აქვთ გაცნობიერებული, რომ კარგი კონდიციები კარგ მომზადებაზეა დამოკიდებული.

ევრობასკეტამდე კი თბილისის საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც ასევე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იტალიას, ლატვიასა და ესტონეთს ვხვდებით.

თბილისის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ფორვარდი თორნიკე შენგელია. იგი გუნდთან ერთად ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. კუნთი აქვს გაწყვეტილი და დასვენება სჭირდება, თუმცა, ექიმების თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებს.

- ამჟამად ვმკურნალობ, ექიმების მითითებით ჯერ არ ვვარჯიშობ. საქართველოდან გამგზავრების წინ კიდევ ერთხელ გავივლი სამედიცინო შემოწმებას და უფრო ნათელი გახდება, როდის შევძლებ თამაშს.

ვითამაშებ თუ არა ევრობასკეტზე? ახლა სწორედ იმიტომ ვმკურნალობ, იმიტომ ვისვენებ, რომ ოფიციალურ მატჩებს ჯანმრთელი შევხვდე. კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს სერიოზული ბრძოლები ელის და ყველას გვინდა, მაქსიმალურად დავეხმაროთ.

თორნიკე შენგელიას შესახებ ილაპარაკა მანუჩარ მარკოიშვილმაც:

- ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი გვიკლია. მხოლოდ თორნიკე შენგელიას აწუხებს ტრავმა, რომელმაც კუნთი გაიწყვიტა და ვერ ვარჯიშობს. მის ტრავმას ტელევიზიით არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს სერიოზული არაფერია, თუმცა კუნთის გაწყვეტა არაა სახუმარო და თუ კარგად არ მიხედა, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა გამოჩნდეს. ამიტომ შენგელია ისვენებს და იმედი გვაქვს, ის საფრანგეთში გასამართავ საერთაშორისო ტურნირზე თამაშს შეძლებს.

ზაზა ფაჩულიამ განვლილ ამხანაგურებზეც ისაუბრა და მომავალ მატჩებსაც შეეხო.

- თბილისის ტურნირს განვიხილავთ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მნიშვნელოვან ეტაპად. ასევე იყო ბოსნიასთან გამართული მატჩები, რომელთანაც 1 შეხვედრა მოვიგეთ, მეორე კი დავთმეთ. ერთი თამაშით არ განისაზღვრება ნაკრების შესაძლებლობები.

ამხანაგურ მატჩებში მთავარი ისაა, რომ თამაშიდან სწორი დასკვნები გამოიტანო, შეცდომები გამოასწორო... რაც შეეხება თბილისის მერიის ტურნირს, წლევანდელი შეჯიბრება გამორჩეულია.

თბილისში ჩამოდიან ცნობილი კალათბურთელები და ნაკრებები. ადრე ასე არ ხდებოდა, რადგან ძლიერი ნაკრებები არ ჩამოდიოდნენ. არავის უნდა იოლი გამარჯვება ანაც მარცხი. ის, რომ იტალიამ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, ჩვენს პრესტიჟს ამაღლებს და ვეცდებით, ღირსეული თამაშით ჩვენი ძალა დავამტკიცოთ.

ბექა წივწივაძემ ქართველ გულშემატკივარს სპორტის სასახლეში მისვლისკენ მოუწოდა:

- ნაკრები ჯერ ფორმაში არ არის, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ოფიციალური მატჩები სექტემბერში გველის. თბილისში 10-დღიანი ფიზმომზადება გავიარეთ, შემდეგ იყო სლოვენიური შეკრება, სადაც თავიდან კონტაქტური ვარჯიშები არ გვქონდა, დიდი ხანი არ არის, რაც კალათბურთს ხუთი-ხუთზე ვთამაშობთ. ეს ბოსნიასთან შეხვედრებზეც აისახა. თუმცა ამხანაგური მატჩები იმისთვისაა, ფორმაში შეხვიდე და დაშვებული შეცდომები გამოასწორო.

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე სერიოზული მეტოქეები გველის. მინდა გულშემატკივარს მოვუწოდო, მოვიდეს სპორტის სასახლეში და მხარში დაგვიდგეს. ქომაგის დახმარება რას ნიშნავს ნაკრებისთვის, აქამდეც არაერთხელ გამოჩნდა.

ისევე, როგორც სხვა კალათბურთელები, გიორგი შერმადინიც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

- კარგი გამოცდა გველის. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ძლიერი ნაკრებები ჩამოდიან და მათთან თამაშში კარგად გამოჩნდება ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამავდროულად, ვეცდებით, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ.

შერმადინის დარად, ვიქტორ სანიკიძემაც გამოიცვალა კლუბი. მომავალ სეზონში ვიქტორი თურქულ "ტედ კოლეჯში" იასპარეზებს. მას ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვკითხეთ.

- მხრის ტრავმა, რომლის გამოც გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოვტოვე, უკვე მოვიშუშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. რაც შეეხება ახალ გუნდს, ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა იოლი არ იქნებოდა. ამიტომ ავირჩიე "ტედ კოლეჯი". თურქეთის ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა ოლიმპიადის საგზურიც ახსენა:

- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან სახალისოა. ვგულისხმობ იმ გარემოს, რომელიც ნაკრებში სუფევს. გულშემატკივარიც ძალიან თბილი და ერთგულია. ჩვენი მიზანი შეთამაშება და ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგის ჩვენებაა. ყველას ძალიან გვინდა, რომ საბოლოოდ ბრაზილიაში გასამართავი ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული