შერმადინი "გრანადასთან" მატჩისა და სრულიად 26-ე ტურის MVP გახდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა ეს ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ დაიმსახურა. გიორგი საუკეთესო იყო ასევე 24-ე ტურში, რაც მის საუკეთესო ფორმაში ყოფნას მოწმობს.

შერმადინმა ამჯერად თავი "გრანადასთან" მატჩში გამოიჩინა. "ტენერიფემ" "გრანადას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 95:87 დაამარცხა. "გრანადა" ლიგა ენდესას ერთ-ერთი აუტსაიდერია, თუმცა ერთ-ერთ ლიდერთან ბოლომდე იბრძოლა და მოგების შანსსაც ინარჩუნებდა. ტენერიფელებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვეს.

შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშა. ის სასტარტოში იყო და
31 წუთში გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ტრადიციულად, შერმადინი ძალიან ზუსტად ისროდა – 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და სამივე საჯარიმო. მის ანგარიშზე იყო 1 დაფარებაც.

ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა. "გრანადას" შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილმა 14 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოუტანა.

ამ გამარჯვებით "ტენერიფე" გაუთანაბრდა ლიდერ მადრიდის "რეალს", რომელმაც ტურის თავისი მატჩი მოგვიანებით "ბარსელონასთან" მოიგო და ისევ გაპირველდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული