ილიას ზუროსი: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი წარადგინა.

"2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვაქვს შესარჩევი ევრობასკეტ 2017-ზე. ფიბა-ს შემოაქვს ახალი სისტემა - ისეთი, როგორიც ფეხბურთშია - ანუ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები. ეს დიდ შანსს აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, პირდაპირ გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაშით.

წელს ძლიერი შესარჩევი ჯგუფი გვყავს. გამოვყოფ მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით იქნება და ასევე, სლოვაკეთიც გაძლიერდება. ამიტომ ბევრი
ვიფიქრეთ და რამდენიმე კანდიდატიდან ილიას ზუროსი ავირჩიეთ.

იმედი მაქვს, ეს არჩევანი გამართლდება და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ. ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია და მისი გამოცდილება და ცოდნა ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებს", - აღნიშნა გაბრიჩიძემ.

"ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა და ბედნიერი ვარ, რომ იგორ კოკოშკოვის დაწყებული საქმის გაგრძელების უფლება მომეცა.

ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა. პირველივე დღიდან მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი მიზნის მისაღწევად. ეს არის ეროვნული ნაკრები და მთავარი პატრიოტული სულისკვეთება და დაუღალავი მუშაობაა. ბედნიერები არიან კალათბურთელები, რომ ზაფხულში, როცა ყველა ისვენებს, ისინი ჩამოდიან ნაკრებში და ქვეყნის სახელს იცავენ.

ახალი გუნდის შესაქმნელად, ახალი სულისკვეთებისთვის დროა საჭირო. ივლისის დასაწყისში დაიწყება შეკრება და ვფიქრობ, ეს საკმარისი დრო იქნება ამისთვის.

რაც შეეხება ჩემს სტაფს, უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი, რადგან ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მომავალ თვეებში მე ჩამოვალ და აქაურ მოთამაშეებს კარგად დავაკვირდები; ასევე, ევროპაში მოთამაშე კალათბურთელებს. საქართველოს ჩემპიონატის ორ თამაშს უკვე დავესწარი და მოთამაშეებში კარგი პოტენციალი ჩანს, რაც ძალიან კარგია.

შეტევაში შეიძლება წაგივიდეს თამაში, შეიძლება - არა, ამიტომ დაცვის გაძლიერებაზე ვიმუშავებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შევუტევთ, უბრალოდ, ფუნდამენტი არის დაცვა. კალათბურთში თვითკრიტიკა და ყოველდღიური შრომაა საჭირო. ამით აუცილებლად წავიწევთ წინ.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რადგან არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ", - განაცხადა ზუროსმა.

კომენტარი გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ:

"ძალიან მიხარია, რომ ილიას ზუროსი ჩვენთანაა. ალბათ ჩვენი დიდი გამარჯვებაა ის, რომ უკვე იმ დონეს მივაღწიეთ, რომ ზუროსს ჩვენი ზარი და შეთავაზება გაუხარდა. მას ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ჩვენი დიდი პლუსია, რომ ამჟამად უგუნდოდაა და კოკოშკოვისგან განსხვავებით, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად შეძლებს და აქაც დააკვირდება კალათბურთელებს.

ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ილიას ზუროსს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და მივაღწიეთ მასთან შეთანხმებას და კონტრაქტი გავაფორმეთ".

შეგახსენებთ, რომ ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი გუშინ, 18 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულება 1+1-წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მონტენეგრო წელს წინა შესარჩევებიდან განსხვავებით ყველა ლეგიონერის შეკრებას გეგმავს. ამ შემთხვევაში ძალზე ძლიერი ნაკრები ეყოლებათ და მათ არათუ შესარჩევიდან გასვლაზე, ჩემპიონატის ფინალისტობაზე ექნებათ პრეტენზია. როგორც გავიგე, ზაზა ფაჩული ახალი გუნდის ძებნაშია და ნაკრებსი თამაშზე თანხმობა არ განუცხადებია. უთქვამს, ჩემი გეგმები მაქვს და ისე გადავწყვეტო.
რაც შეეხება ზუროსს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ვარიანტია. იმხელა დონეზე და ისეთი გამოცდილება აქვს, კოკოშკოვს ბევრად ჯობია. მოკლედ, წარმატებები ახალ მწვრთნელს და საქართველოს ნაკრებს
.
19 თებერვალი 2016 16:57
0
სად სლოვენია და სად სლოვაკეთი
lasha
19 თებერვალი 2016 15:06
0
კარგი იქნებოდა მერიის ტასზე სლოვენია მოგვეწვია და ამით გულშემატკივრებს კოკოშკოვისათვის (მისდამი ბევრი კრიტიკის მიუხედავად) მადლობის თქმის საშუალება მიგეცათ!
ზუროსის კანდიდატურას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ქომაგი
19 თებერვალი 2016 14:08
0
წელს ძლიერი შესარჩევი ჯგუფი გვყავს, გამოვყოფ მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით იქნება და ასევე სლოვენიაც გაძლიერდება.........სლოვენია და სლოვაკეთი სხვადასხვა ქვეყნებია გეოგრაფიააა???????
jaba
19 თებერვალი 2016 13:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული