მთავარი, რაც ზუროსმა ნაკრებში შეცვალა - ინტერვიუ გიორგი ცინცაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ეროვნულ გუნდში ქულათა 500-იან მაჩვენებელს წლეულს ასცდა.

მისთვის ევრო-2017-ის შესარჩევი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი საშუალოდ 8 ქულას, 6.8 პასსა და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა. თუმცა მთავარია, რომ...

- საქართველოს ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია - პირველი ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. კიდევ ერთხელ ყველას დავანახეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, იოლად დასაძლევი მეტოქე არც ერთი ევროპული გუნდისთვის არ ვართ. ეს სტატუსი კი წლეულს არ მიგვიღია, შედეგებს თავი რომ დავანებოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საფრანგეთი, ლიტვა და სხვა გრანდები გვიწვევენ
ამხანაგურ ტურნირებზე. ეს წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგია, რაც იგორ კოკოშკოვის შემდეგ კარგად განაგრძო ილიას ზუროსმა.

- ძირითადად რა შეცვალა ახალმა თავკაცმა კოკოშკოვისეულ სტრატეგიაში?
- იგორ კოკოშკოვი ჩვენს გუნდში 8 წელი წარმატებით მუშაობდა და ილიას ზუროსმა გარკვეული ფრაგმენტები ხელუხლებლად დატოვა. მთავარი, რაც შეცვალა, დაცვა იყო.

დაცვის ასეთ სტილს პირველად შევხვდით, თავიდან ყველაფრის ზედმიწევნით შესრულება რთული იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გვქონია, ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდა. მომავალ სეზონში ამ ტაქტიკას კიდევ უფრო დავხვეწთ და უკეთესი დაცვაც გვექნება.

- დაცვამ, თითქოს მეტი აგრესიულობა შეიძინა...
- დაცვა ყველა მწვრთნელის პრიორიტეტია, მხოლოდ შეტევით თამაშს ვერ მოიგებ. მთავარია, რომ ახალი მწვრთნელის სტრატეგიამ პირველივე წელს მოგვცა კარგი შედეგი.

- დაცვაზე რომ ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგვრჩეს სლოვაკეთთან მატჩში შენ მიერ დაფიქსირებული საქართველოს ნაკრების რეკორდი - 9 ჩაჭრა.
- 9 ჩაჭრა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბურთის ართმევა, უმთავრესად, გუნდური დაცვის შედეგია. ცოტა რთულია ჩაჭრების დაფიქსირების პროცესი, შეიძლება მეტოქეს შენ წაართვა ბურთი, ან თანაგუნდელმა წაჰკრას ხელი და შენ მოგივიდეს. იმ მატჩში ნამდვილად არ დავკვირვებულვარ, რამდენი ჩაჭრა მქონდა, მთავარი ის იყო, რომ 28 ქულის სხვაობით მოვიგეთ.

- ალბანეთში, ყველასთვის მოულოდნელად, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გაჩაღდა...
- ალბანეთის ამ გუნდს გადამწყვეტ შეხვედრაში 100-ჯერ რომ შევხვდეთ, ასჯერვე მოვუგებთ, თუმცა ტირანულ მატჩს არასათანადოდ მივუდექით. როდესაც გავაცნობიერეთ, რომ საქმე შესაძლოა სანერვიულოდ გამხდარიყო, მთლიანად გადავეწყეთ და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობითაც ვიმარჯვეთ.

- თავად ილიას ზუროსმაც აღნიშნა, რომ წლეულს აქცენტი ფარქვეშ თამაშზე გააკეთა...
- ამის საშუალებას ჩვენი შემადგენლობა იძლევა. როდესაც გუნდში გყავს ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, იოლია ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება. როდესაც საჭირო გახდა, უკანახაზელებზეც წამოვიდა თამაში. ჩვენ საამისოდ ყოველთვის მზად ვიყავით.

დაბლებსაც არანაკლები ფუნქცია გვეკისრა, ბურთის კალათში ჩაგდებამდე მოედანზე ძალიან ბევრი რამ ხდება, რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, მაგრამ კალათბურთის სპეციალისტის თვალი კარგად ამჩნევს - ბლოკი, გახსნა, დახმარება, სივრცის გამოთავისუფლება...

- შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ბევრი კითხულობდა, აჯობებს ფაჩულია მონტენეგროს ცენტრ ვუჩევიჩს?
- ზაზას NBA-ში 13 სეზონი აქვს გატარებული. კლასი და გამოცდილება კი უკვალოდ არ ქრება. არ მახსოვს მატჩი, ვინმეს ეჯობნოს ჩვენი ნაკრების მეფარეებისთვის. ფაჩულია ხომ მსოფლიოს მასშტაბის კალათბურთელია, შერმადინი - ევროპის მასშტაბისა. მათთან ვერას გახდნენ ვალანჩუნასი, გორტატი...

- საქართველოს ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან თამაშობ. შეგიძლია თქვა, რომ მონტენეგროსთან გასვლითი მატჩი ბოლო ათწლეულის ტოპ-5-ში შეყვანას იმსახურებს?
- ასე უცბად რთულია ყველა შეხვედრის გახსენება და ამ მატჩთან შედარება, მაგრამ ფაქტია - ასეთი დრამატული და საინტერესო შეხვედრა ბევრი არ ყოფილა. ბარში გამართული დაპირისპირება ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო.

- მონტენეგროში თუ იყო წამი, როცა იგრძენი, რომ გამარჯვება ახლოს აღარ იყო...
- კალათბურთელები მოედანზე იმიტომ ვდგავართ, რომ გავიმარჯვოთ. პირველ წუთზეც გვჯეროდა წარმატებისა, 39-ზეც და მე-40-ზეც. რამდენი თამაში ყოფილა, ბოლო წამებზე დიდი ჩამორჩენა რომ გაბათილებულა?!

მონტენეგროში ჩვენც ვიგებდით 14 ქულას, მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ხოლო ბოლო წამებზე ჩერნოგორიელები 5 ქულით რომ დაწინაურდნენ, ზუსტად 30 წამში შევცვალეთ -5 +1-ით.

კალათბურთი იმიტომაცაა ყველაზე სანახაობრივი სპორტის სახეობა, რომ უკანასკნელ წამებზე შეიძლება მოგებული მატჩი წააგო, ან პირიქით.

- 2004 წელს, ხორვატიის ქალაქ სისაკში ჭაბუკთა ნაკრების ფინეთთან თამაში დღესაც გემახსოვრება...
- იმ მატჩს ახლაც ხშირად ვიხსენებთ. ბოლო 100 წამში 0:11 ჩამორჩენა აღმოვფხარით და გავიმარჯვეთ. საოცარი შეხვედრა იყო, ისევე როგორც მონტენეგრო-საქართველო.

- როგორ ფიქრობ, ამ ნაკრებს რა რესურსი გააჩნია ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე 2015 წლის შედეგის გამეორებისთვის, ან გაუმჯობესებისთვის?
- მართლაც მაღალი კლასის შემადგენლობაა შეკრებილი და დიდი რესურსიც აქვს. ერთი მიზნისთვის ვართ გაერთიანებული და თითოეული კალათბურთელი საქართველოს სახელისთვის თამაშობს.

ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა. მერწმუნეთ, ჩვენზე მეტად არავის უნდა ნაკრების წარმატება, ამიტომ ყველა მატჩში 100 პროცენტით ვიხარჯებით, მაგრამ მეტოქეც ხომ ასევე ბოლომდე იბრძვის. შესაძლოა მცირე უიღბლობის გამო თამაში ვერ მოვიგოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უკეთესი შედეგი უჩვენოს. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ევრობასკეტს.

- ახალ სეზონში "ქუთაისის" ღირსებას დაიცავ...
- ყველაზე კარგი შეთავაზება სწორედ "ქუთაისიდან" მივიღე. საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და მომავალ სეზონშიც მაღალ მიზნებს ისახავს. რაც ყველაზე მთავარია, "ქუთაისს" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს.

მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. მანამდე კი ბაკურიანშია შეკრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გიორგის წარმსტება ძალიან გამიხარდება.მინდა სტატის ავტორს ე.გ წოდებულ ჟურლნალისტს რამდენიმე კითხვით მივმართო რატო ქმნი ცუდ ფონს რატო გვაზარებ ამ ჩვენ კალათბურტელებს მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლა და ბრზოლის ჟინი რაც გაგვახარებს ტორემ ხომ ყველსმ კარგად ვიცით რომ ნაკრები მსოფლიოზე თუ მოხვდა უდიდესი სენსაცია იქნება ვერ მოვგუბთ გრანდებს და დაგვწყვდება ყველას გული რომ აი ამას იძახიოდნენ იმას იქადნიდენ და ბოლოს რა ზუროსზე გადატყდება ჯოხი იმას არავინ იტყვის რომ ერთი ორი გსმონაკლისის გარდა სრული არაპროფესიონალიზმი.


კახა
03:49 02-10-2016
0
გიორგი შენ ძალიან კარგი კალატბურთელი ხარ ეროვნული გუნდისთვის, გამოცდილება არ გაკლია და ტექნიკა ჯერ კიდევ ბევრს ველით შენგან ფორმა არ უნდა დაკარგო და მომზადებული შეხვდე 2017-ის ევრო ბასკეთს,უკეთესი იქნება თუ უცხოეთში გააგრძელებ თამაშს.
gulSematkivrebi
11:56 06-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული