იხილეთ დასაწყისი
5
09.09.2015, ევრობასკეტი-2015
საქართველო-მაკედონია 90:75
09.09.2015, ევრობასკეტი-2015
საქართველო-მაკედონია 90:75
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბევრისთვის მოულოდნელად სამი მარცხით დაიწყო. წააგო ჰოლანდიასთან, სლოვენიასთან და საბერძნეთთან. რჩებოდა ორი მატჩი - მაკედონიასთან და ხორვატიასთან.
მაკედონიელებთან წაგება ყოველგვარი ოცნების დამარხვას ნიშნავდა, არადა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პლეი ოფის სათამაშოდ ჩავიდა.
ზაზა ფაჩულია:
- პირველი, რაც წინა სამი თამაშის შემდეგ შევცვალეთ, ტაქტიკა იყო - შევეცადეთ დაცვაში ერთი-ორად აგრესიულად გვეთამაშა. ეს ჩვენთვის უცხო სულაც არ იყო, ჩემს და საერთოდ ქართულ ხასიათშია თავდადება, მოწინააღმდეგისთვის არაფრის დათმობა.
დაცვაც მთლიანად შეიცვალა - ჩვენი ნახევრის არც ერთ მონაკვეთში მაკედონიელებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ ვაძლევდით, მეფარეებიც ხშირად ავდიოდით პერიმეტრზე ამა თუ იმ კალათბურთელის მეურვეობისას.
მაკედონიის ნაკრების კოზირი ხომ სამქულიანები იყო. დაცვაში კარგმა თამაშმა შეტევაშიც გაგვიხსნა სივრცე და ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეხვედრა გამოგვივიდა.
4
13.092015, ევრობასკეტი-2015, 1/8 ფინალი
საქართველო-ლიტვა 81:85
13.092015, ევრობასკეტი-2015, 1/8 ფინალი
საქართველო-ლიტვა 81:85
მერვედფინალის სათამაშოდ საქართველოს ნაკრები ხორვატიიდან საფრანგეთის ქალაქ ლილში გადაფრინდა, სადაც მერვედფინალში ლიტვას დაუპირისპირდა.
მესამე პერიოდის ბოლო წუთამდე მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ დაწერილი სცენარით მიმდინარეობდა. აი, რა იყო სცენარის არსი - ლიტვის ნაკრები კომბინაციურ კალათბურთს თამაშობს, ბურთის ლიდერ იონას ვალანჩუნასამდე მიტანას ცდილობს და კარგადაც გამოსდის, ქართველთა პირველი ამოცანა სწორედ მეფარე იონასის განეიტრალება იყო. ეს საქმე ზაზა ფაჩულიამ იკისრა და ვალანჩუნასს ხუთ ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა, მოხსნა? - 0. თავად ზაზამ კი 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი შეასრულა.
თუმცა როგორც დიდ გუნდებს ახასიათებთ - გაჭირვების ჟამს ესა თუ ის კალათბურთელი ლიდერობას საკუთარ თავზე იღებს და ინდივიდუალური ოსტატობით ცდილობს თანაგუნდელთა გადარჩენას.
სიტყვა "გადარჩენა" კარგად შეესაბამება იმას, რაც იონას მაციულისმა ლიტველებს გაუკეთა - 34 ქულა ჩააგდო და "მწვანეები" მეოთხედფინალში გაიყვანა (85:81).
ზაზა ფაჩულია:
- სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა. თუმცა ცხოვრება, წინსვლა გრძელდება, ჩვენი ადგილი ევროპაში უკვე დავიმკვიდრეთ, ჩვენი ხასიათი ყველას დავანახვეთ. უცხოელები აღარ გვიყურებენ როგორც აუტსაიდერებს, დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. რაც მთავარია, ღირსეული თამაში!
3
11.10.1995, ევრო-1997, შესარჩევი
საქართველო-ბოსნია 77:66
11.10.1995, ევრო-1997, შესარჩევი
საქართველო-ბოსნია 77:66
90-იან წლებში საფეხბურთო ნაკრები ყველაზე მეტად ბულგარელთა ძლევით (2:1) ამაყობს, ხოლო კალათბურთელები ბოსნიელთა დამარცხებით.
სიმბოლურია, რომ ეს ორი მატჩი თბილისში ერთ დღეს გაიმართა - 1995 წლის 11 ოქტომბერს. მეორე დღეს "სარბიელი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "11 ოქტომბერი - გამარჯვების დღე-სასწაული".
მატჩის კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა თამამი შედარება გააკეთა: დაცვაში სტეფანია იგივეა, რაც პელე ბრაზილიის ნაკრებშიო...
მეორე ტაიმის ბოლოს გია სანაძის მორიგი შორეული ტყორცნის შედეგად მასპინძლები 12 ქულით დაწინაურდნენ - 51:39. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
ბესიკ ლიპარტელიანი:
- 11 ოქტომბერი სპორტული დღე გამოდგა, ჯერ კალათბურთელებმა მოვიპოვეთ ხმაურიანი გამარჯვება, შემდეგ - ფეხბურთელებმა. სპორტის სასახლეში ბოსნია დავამარცხეთ, "ბორის პაიჭაძის" სტადიონზე - ბულგარეთი.
სხვათა შორის, ბოსნიის საკალათბურთო ნაკრებთან ერთად ჩამოვიდა ერთ-ერთი მსაჯი, რომელმაც საფეხბურთო მატჩი იმსაჯა.
ძალიან გვინდოდა კალათბურთის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სანახავად წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ - ბოსნიელები ბანკეტზე გვყავდა დაპატიჟებულები.
2
31.08.2011, ევრობასკეტი-2011
საქართველო-ბელგია 81:59
31.08.2011, ევრობასკეტი-2011
საქართველო-ბელგია 81:59
ვლადიმერ ბოისას სანაკრებო დებიუტიდან ევროპამდე 13 წელი დასჭირდა, ნიკა ცქიტიშვილსა და ზაზა ფაჩულიას 12-12 წელი, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი ცინცაძეს, ვიქტორ სანიკიძეს - 7-7 წელი.
...და 2011 წლის 31 აგვისტოს მოთმინება დაუფასდათ და საქართველოს დროშა ევროპის ჩემპიონატზე გაიტანეს. ევროპის ჩემპიონატებზე საქართველომ პირველი მატჩი 2011 წლის 31 აგვისტოს ბელგიასთან ჩაატარა, სწორედ იმ ბელგიასთან, რომელთანაც წინა წელს თბილისში შერცხვა - 23 ქულით წააგო.
ევრობასკეტზე ჩვენმა გუნდმა ჯავრი ბოლომდე ამოიყარა - მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ზაზა ფაჩულია:
- ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველად მოხვდა და გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს ქვეყნის სახელს.
დღეს პირველი მატჩი გავმართეთ და პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ. საოცრად გახარებულები ვართ. ბელგიელებმა შარშან ორი თამაში შორი სროლების წყალობით მოგვიგეს, ახლა კი მათი შეჩერება კარგი დაცვით მოვახერხეთ.
1
17.09.2016, ევრო-2017, შესარჩევი
ჩერნოგორია-საქართველო 84:90
ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შესარჩევ ეტაპზე მიღწეულ წარმატებასთან შედარებით, შესაძლოა ხარისხობრივად განსხვავდებოდეს, მაგრამ მოგებასაც ხომ გააჩნია?!17.09.2016, ევრო-2017, შესარჩევი
ჩერნოგორია-საქართველო 84:90
- გამარჯვებას განსაკუთრეუბული გემო მაშინ აქვს, როდესაც დაძაბულ ბრძოლაში, დრამატულ მატჩშია მოპოვებული, - ესეც ზაზას სიტყვებია.
ჰოდა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დრამატული პაექრობა ბარში შედგა: ჩერნოგორია-საქართველო 84:90. შეიძლება ითქვას, წაგებული მატჩი მოვიგეთ.
2006 წელსაც შემოვატრიალეთ წაგებული - ავსტრიასთან -19 ამოვქაჩეთ და 68:63 გავიმარჯვეთ, 2014-ში პორტუგალიასთან სულაც 23-ქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხვერით, მაგრამ ჩერნოგორიასთან გამარჯვებას სხვა ფასი აქვს. იმიტომ, რომ ევროპის ტოპგუნდთანაა მიღწეული. ავსტრიასა და პორტუგალიაში საქართველოს ნაკრებმა საკუთარი მოდუნების გამო მიიღო 19 და 23-ქულიანი ჩამორჩენა, თორემ ორივე შემთხვევაში აღემატებოდა მეტოქეს კლასით.
2016 წელს, ჩერნოგორიაში ერთმანეთს ევროპის ორი ტოპგუნდი დაუპირისპირდა და მაშინ, როცა მასპინძლებს თავი ქუდში ეგონათ (სირენამდე 2 წუთით ადრე 84:79-ს იგებდნენ), ჯერ მაიკლ დიქსონისგან მიიღეს სამქულიანი, შემდეგ ვიქტორ სანიკიძისგან თითქმის ცენტრიდან მეორე სამიანი - 85:84! რის შემდეგაც ფაჩულიამ ჯარიმები დამაჯერებლად სტყორცნა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შეხვედრა მოვიგეთ.
მატჩის შემდეგ ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ ემოციური ვიდეო გადაიღო:
"ბიჭებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ გასვლას", - დაიწყო ცინცაძემ, კადრში შემოჭრილმა ზაზა ფაჩულიამ განაგრძო: "ეს იყო გუნდური მოგება! თოკო, როგორ ხარ, მანო, როგორ ხარ? გელოდებით, მომავალ წელს ევრობასკეტზე!"
მომდევნო ევრობასკეტი 2017 წელსაა. იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ნაკრების ტოპათეული გაისად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"