10
25.05.1997, ევრობასკეტი-1999, საკვალიფიკაციო
საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:60
საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:60
ძირითადი დროის დასრულებას რამდენიმე წამი უკლდა, ავსტრია 56:54-ს იგებდა. ბოლო იერიშის უფლება ქართველებს დარჩათ, ბურთი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადაიტანეს, გამთამაშებელმა მამუკა ტურაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სამქულიანი რკალი გადალახა და დაახლოებით 5 მეტრიდან ისროლა - 56:56 და საფინალო
ეს იყო პირველი ოვერტაიმი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
- კვიპროსში ჩვენთან ერთად იყო ვლადიმერ სტეფანია, რომელსაც მუხლის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. დამატებით დროში სტეფანია მოედანზე გამოვიდა, ფარქვეშ დადგა, ხელები გაშალა და ავსტრიელებიც დაითრგუნნენ. ოვერტაიმში მეტოქეს დამაჯერებლად ვაჯობეთ, - ეს უკვე მწვრთნელის, ბესიკ ლიპარტელიანის სიტყვებია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ვახტანგ ნაცვლიშვილისა და ვაკო ბეჟანიშვილის წვლილი. ვატომ 45 წუთი შეუცვლელად ითამაშა, 22 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო ვაკომ მაშინ, როცა ქართველები 8 ქულის სხვაობით ჩამორჩნენ, ერთმანეთის მიყოლებით სამი სამქულიანი ჩააგდო, რაც თამაშის შემოტრიალების საწინდარი გახდა.
ნოდარ ქორქია:
- კვიპროსიდან გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთები წინასწარ გვქონდა აღებული. თუმცა, ავსტრიასთან მატჩი ისეთ დროს დანიშნეს, რომ აეროპორტში მისვლას ვერ ვასწრებდით. ბევრი ხვეწნის შემდეგ მატჩი 45 წუთით ადრე გადაიტანეს.
ოვერტაიმზე წინასწარ არ გვიფიქრია და მატჩი დამატებით დროში რომ გადავიდა, ტრიბუნებისკენ მივბრუნდით და ჩვენი დელეგაციის ძირითად ნაწილს აეროპორტში წასვლა ვთხოვეთ.
დამატებითი დროის დასრულების შემდეგ დამშვიდობება ვერ მოვასწარით, ისე გავიქეცით ტაქსებისკენ. წინასწარ დაბარებული გვქონდა, მანქანები დაქოქილები დაგვახვედრეთო...
მოთამაშეებმა ტაქსებში გამოიცვალეს და მიასწრეს თვითმფრინავს, რომელიც ქართველებსღა ელოდა.
9
06.06.2001, ევრო-2003, საკვალიფიკაციო
საქართველო-ბელარუსი 83:78
06.06.2001, ევრო-2003, საკვალიფიკაციო
საქართველო-ბელარუსი 83:78
1994 წელს ბელარუსის ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. თბილისში ჩამოსული გუნდის ძირითად ბირთვს სწორედ ევროპის ჩემპიონები შეადგენდნენ. ტიტულებით არა, მაგრამ მონდომებით ქართველები ბელარუსებს არ ჩამორჩებოდნენ.
მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე მატჩის დასაწყისს ასე იხსენებს:
- მეტოქის მწვრთნელებს ერთი საკითხი აღელვებდათ: ითამაშებდა, თუ არა კახა შენგელია, რომელსაც იმხანად ბელარუსშიც სოლიდურ კალათბურთელად იცნობდნენ. სტუმრები "დავამშვიდე": შენგელია შესანიშნავ ფორმაშია და აუცილებლად ითამაშებს-მეთქი. მეტოქის მწვრთნელი ალექსანდრ კულს და სხვა მეფარეებს კახასთან ძალისმიერი თამაშისთვის ამზადებდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში დავაყენე, თუმცა ოთხ წუთში მის ნაცვლად მოედანზე შევუშვი ზაზა ფაჩულია, რომელიც მოხსნებისთვისაც თამამად იბრძოდა, ფარქვეშიდანაც აგდებდა და საშუალო დისტანციიდანაც. ამას ბელარუსები არ ელოდნენ, გაკვირვებულები იყვნენ, ეს ვინაა, ან შენგელია სად არისო?..
საბოლოოდ 83:78 გავიმარჯვეთ და მატჩის დასრულებისთანავე გულშემატკივრებმა ახალგაზრდა ფაჩულია (24 ქულა, 19 მოხსნა) მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს.
ზაზა ფაჩულია:
- ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ ალექსანდრ კულის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში. მაშინ იგი სტამბოლის "გალათასარაიში" ასპარეზობდა და თურქეთის პირველობის საუკეთესო ცენტრიც იყო. მეგონა მის წინააღმდეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ რაც მოხდა, სპორტის სასახლეში შეკრებილმა უამრავმა ქომაგმა საკუთარი თვალით ნახა. მატჩის ბოლოს ძალიან ბედნიერი ვიყავი.
8
09.09.2009, ევრობასკეტი-2011, B დივიზიონი
საქართველო-ბელარუსი 86:84
09.09.2009, ევრობასკეტი-2011, B დივიზიონი
საქართველო-ბელარუსი 86:84
მეორე ეშელონს ექვსწლიანი წვალების შემდეგ თავი 2009 წელს დავაღწიეთ. პლეი ოფში ბელარუსს ვაჯობეთ. პირველი მატჩი 89:75 მოვუგეთ, თბილისშიც ვიმარჯვეთ.
- განმეორებითი მატჩის წინ ტრიბუნები ბოლომდე გაივსო, ხალხიც და კალათბურთელებიც საზეიმოდ ემზადებოდნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ქართველები სტუმრად მოპოვებულ 14-ქულიან ფორას არ გაანიავებდნენ. ამიტომ მატჩი ისეთი სანახავი არ გამოდგა, როგორიც გვსურდა, - 86:84 გამარჯვების შემდეგ აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.
ელიტაში გადასვლა ქართველებმა ხორუმით აღნიშნეს. სპორტის სასახლეში საოცარი ზეიმი ვიხილეთ.
ზაზა ფაჩულია:
- ექვსწლიანი შრომა დაფასდა. ბოლოს და ბოლოს A ლიგის საგზური მოვიპოვეთ. ავედით იქ, სადაც თამაშს ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ როგორც თამაშით, ასევე შემადგენლობითა და ტრადიციებით, - თქვა გახარებულმა ზაზა ფაჩულიამ და გულშემატკივრებში ფეხსაცმელი ისროლა.
7
04.09.2013, ევრობასკეტი-2013
საქართველო-პოლონეთი 84:67
04.09.2013, ევრობასკეტი-2013
საქართველო-პოლონეთი 84:67
ევრობასკეტი პოლონეთთან მატჩით გავხსენით. შეხვედრის მეორე დღეს სლოვენიაში ხორვატული გაზეთი შევიძინე და იქვე, გამყიდველს ერთი ფრაზის თარგმნა ვთხოვე: "გორტატმა სლოვენიაში ჩასვლის წინ თქვა, ევრობასკეტზე მედლის მოსაგებად მივდივარო. პირველი მატჩის შემდეგ კი მედლის მოპოვების პრეტენდენტს საქართველო უფრო ჰგავს", - ასე მითარგმნა გამყიდველმა.
მატჩის შემდეგ მეტოქის თავკაცი დირკ ბაუერმანი გაოგნებული იყო:
- აქ რისთვის ჩამოვედით, რა გვინდა და, საერთოდ, ვინ ვართ?! ეს ყველაფერი დღესვე უნდა გავარკვიოთ.
იგორ კოკოშკოვი:
- გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უნდა უჩვენო, რა შეგიძლია. განსაკუთრებით, მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი და მიხარია, შერმადინმა დაგვანახვა - ევროპის ტოპ-ცენტრებს შორისაა.
6
17.08.2014, ევრობასკეტი-2015, შესარჩევი
პორტუგალია-საქართველო 90:91 დ.დ.
17.08.2014, ევრობასკეტი-2015, შესარჩევი
პორტუგალია-საქართველო 90:91 დ.დ.
გავიმარჯვეთ, 23-ქულიანი სხვაობა აღმოვფხვერით, მაგრამ ამ მატჩის დადებითად გახსენება მაინც რთულია.
კალათბურთელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის შემდეგ გააცნობიერეს, რა ხდებოდა მათ თავს - პორტუგალია 23-ქულის სხვაობით გვიგებდა!
არადა, ქალაქ ოვარში დამარცხება ევროპის ჩემპიონატთან დამშვიდობებას ნიშნავდა.
სსრ კავშირის ნაკრების ლეგენდარულ მწვრთნელ ალექსანდრ გომელსკის უთქვამს - კრიტიკულ მომენტში ქართველებს ძალების არაადამიანური მობილიზება შეუძლიათო. ჰოდა, სწორედ ამის მაგალითი ვიხილეთ პორტუგალიაში: გამოცდილმა ქართველებმა -23 აღმოფხვრეს და ოვერტაიმში მეტოქე 91:90 დაამარცხეს. ფაჩულია - 25 ქულა, შენგელია - 20, ფაცაცია - 14, სანიკიძე 10 ქულა, 13 მოხსნა.
იგორ კოკოშკოვი:
- ოვარში სუსტი მეტოქე არ დაგვხვედრია, პორტუგალია კარგად გაწვრთნილი, ახალგაზრდა და ბევრი მსროლელით დაკომპლექტებული გუნდია. მასპინძლებს დიდი უპირატესობაც ჰქონდათ - თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობდნენ.
ჩვენ პირიქით, უნგრული მარცხის შემდეგ, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად გვჭირდებოდა გადაწყობა. ეს ყველაფერი საწყის 20 წუთზე აისახა, 23 ქულით ჩამოვრჩით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და მძიმე ბრძოლაში თამაშიც შემოვაბრუნეთ.
[გაგრძელება იქნება]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"