მანუს იმპულსი და არშემდგარი ქართული დუელი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მორიგი მატჩები ჩაატარეს. მანუს "კანტუმ" შაბათს ითამაშა, ხოლო სანიკიძის "ვირტუსის" შეხვედრა გუშინ ღამით დასრულდა და მასზე ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ.

შაბათს დიდი შანსი იყო ქართული დუელი გვენახა - მარკოიშვილის "კანტუს" მერაბ ბოქოლიშვილის "აველინო" დაუპირისპირდა. მწვრთნელმა მერაბი განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ თამაშში არ ჩართო.

მანუჩარი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და იტალიელი ჟურნალისტებიც აღნიშნავენ, რომ "კანტუს" დიდი იმპულსი შესძინა. პირველი პერიოდის დასრულებას ერთი წუთი უკლდა, როცა მანუჩარმა 4 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელები დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით
გაიყვანა. ხოლო 25-ე წუთზე ქართველის სამქულიანის შემდეგ ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა - 56:42. სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდა "აველინო" და სამ წუთში დეფიციტი 4 ქულამდე დაიყვანა (54:58), თუმცა ისევ მანუმ იყოჩაღა, ორ ქულას საჯარიმო მიამატა და - 61:54. აველონოელები 54-ზე "გაიყინნენ" და "კანტუმ" დამსახურებულად გაიმარჯვა (91:67).

მარკოიშვილმა 17 წუთში 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა და ამდენივე პასი მიითვალა. მისი თამაში გამოცემა "ბასკეტნეტმა" 6.5 ბალით შეაფასა. "კანტუს" გუნდურ თამაშზე ისიც მიუთითებს, რომ 10-ქულიან ბარიერს 6 კალათბურთელი ასცდა. გრინმა და ლეუნენმა ყველაზე მეტი - 16-16 ქულა ჩააგდეს.

"აველინოს" რიგებში პირველ ტაიმში უშეცდომო იყო ბელგიის ნაკრების უკანახაზელი დიმიტრი ლაუერსი (რომელსაც ჩვენი გაზეთის მკითხველი კარგად იცნობს, თებერვლის დასაწყისში ინტერვიუ შემოგთავაზეთ) - 3-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. თუმცა მეორე ტაიმში სიზუსტემ მასაც უმტყუნა: სულ 8-დან 4 სამიანი ჩააგდო და 14 ქულას გამორჩა. საინტერესოა, რომ "კანტუს" მაისურით მოთამაშე კიდევ ერთმა ბელგიელმა ჯონათან ტაბუმაც 14 ქულა მიითვალა. ასე რომ, ბელგიის ნაკრებთან ქართველ უკანახაზელებს დიდი ყურადღება მართებთ...

"აველინოს" მწვრთნელმა ფრანჩესკო ვიტუჩიმ მოკლედ თქვა - კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სადღეისოდ "კანტუსთან" კონკურენცია არ შეგვიძლია. მასპინძელთა თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ კი, აღნიშნა:

- ჩვენს უშუალო კონკურენტ "აველინოს" ორივე მატჩი მოვუგეთ. მისია შესრულებულია. ახლა სხვა მეტოქეებზე უნდა ვიფიქროთ.

შაბათის მატჩის შემდეგ "კანტუ" სატურნირო ცხრილში მესამედან მეორე ადგილზე ავიდა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული