ლაშა გამყრელიძეს კუნთი აფერხებს

AutoSharing Option
20 იანვრის შემდეგ ლაშა გამყრელიძეს არ უთამაშია. თავიდან ამის მიზეზი მწვრთნელის უცნაური გადაწყვეტილება იყო, რასაც ტრავმა დაემატა და ლაშა ამჟამად გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრების ნებისმიერი კალათბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის კარგად ჩატარება, რათა ევროპის ჩემპიონატს თავდაჯერებული და სათამაშო პრაქტიკით შეხვდეს. ესეც რომ არა, ლაშას მდგომარეობა ქართველი გულშემატკივრისთვის ისედაც საინტერესოა.

ჯერ გავარკვიოთ, რატომ გადაწყვიტა "გისენის" მწვრთნელმა ვლადიმირ ბოგოიევიჩმა გამყრელიძის გარეშე თამაში:

- ნოემბრის შემდეგ წაგება წაგებას მიჰყვა და მწვრთნელმა გამოსავლის ძიება დაიწყო. ვიდრე პოსტიდან გადააყენებდნენ, ბოლო ორი მატჩი არ მათამაშა,
რაღაცის შეცვლა მინდოდაო. თუმცა, საქმეს ამანაც ვერ უშველა, - გვითხრა გამყრელიძემ.

ამასობაში "გისენის" თავკაცად სტივენ კეი დაინიშნა. მისი მისვლის შემდეგა არ შეცვლილა მდგომარეობა: არც ლაშას უთამაშია და "გისენიც" ვერ დაუბრუნდა მოგებათა გზას. თუმცა, საქართველოს ნაკრების წევრის უთამაშებლობა ახალ მწვრთნელს ვერ დაბრალდება, რადგან გამყრელიძემ ტრავმა მიიღო და დღემდე მკურნალობს.

- თვეზე მეტია რაც ახალი მწვრთნელი მოვიდა და მას მერე ტრავმირებული ვარ. ფეხის უკანა კუნთი მაქვს დაჭიმული. ამასთან დაზიანებულიცაა და მკურნალობა სჭირდება.

საინტერესოა, როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი და როდის აპირებს ლაშა ვარჯიშის დაწყებას.

- მდგომარეობა უკეთესობისკენაა, მაგრამ კუნთის აღდგენისთვის დროა საჭირო. ვარჯიშს, სავარაუდოდ ერთ კვირაში დავიწყებ.

იმედი დავიტოვოთ, რომ ლაშა მალე მოახერხებს ფორმაში ჩადგომას, მანამდე კი მის სრულ სტატისტიკას გაგაცნობთ. გამყრელიძეს ამ სეზონში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალოდ 24 წუთში 6.3 ქულას, 4.1 პასს, 1.9 მოხსნასა და 0.7 ჩაჭრას აგროვებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული