გაწბილებული ვარსკვლავეთიდან

AutoSharing Option
კვირას, ვიქტორ სანიკიძემ იტალიაში გამართულ "ოლ სტარში" ითამაშა... პირველი წინადადება წესით, ძახილის ნიშნით უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ ვინც მატჩი პირდაპირ ეთერში იხილა, ჩემსავით გაწბილებული დარჩებოდა: მეორე პერიოდის დასაწყისში სანიკიძემ ანტონუტის ეფექტურად დაუფარა, მოედანზე დაშვებისას "დაზარალებულს" ზემოდან დაეცა და კოჭი იტკინა.

ვიქტორი დაახლოებით ორი წუთი პირითი ხაზის მიღმა იჯდა და ექიმები ტრავმის სიმძიმეს ამოწმებდნენ. შემდეგ იგი წამოდგა და კოჭლობით გასახდელში შევიდა. საიდანაც მალევე გამოვიდა და ყინულდადებული ფეხით "მსოფლიო" ნაკრებს შეუერთდა. ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო და სანიკიძე ჩატენვების კონკურსში
მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ ამ შეჯიბრების დროს მოედანზე მის ნაცვლად იბრაჰიმ ჯაბერი გამოვიდა. ჩატენვების კონკურსი, როგორც მოსალოდნელი იყო, "სისარის" ამერიკელმა ლიდერმა ჯეიმს უაითმა მოიგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ოლ სტარი" იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 90:88.

ვიდრე ტრავმაზე ლაპარაკს განვაგრძობდეთ, ვარსკვლავთა მატჩში ვიქტორის მონაგარს გაგაცნობთ: 6 წუთი, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი... მიუხედავად იმისა, რომ სულ 6 წუთი ითამაშა, სანიკიძემ "ოლ სტარში" თავისი სიტყვა მაინც თქვა - მისი ჩატენვა პირველი ტაიმის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მომენტი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ვიქტორი ბოლონიაში გაემგზავრა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდება და ტრავმის ხარისხიც დადგინდება. ბოლონიელებსაც და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და სანიკიძე 20 მარტს "ვარეზესთან" იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ითამაშებს. ბოლონიელებისთვის ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული