ფაჩულია - თავსატეხი მეტოქეთათვის, სარგებელი "ატლანტასთვის"

AutoSharing Option
ბოლო დროს "ატლანტა ჰოქსის" მწვრთნელი ლარი დრიუ ზაზა ფაჩულიას საკმარის სათამაშო დროს აძლევს და ქართველიც ღირსეულად ასპარეზობს. მისი გარჯა გუნდის თამაშსაც ეტყობა და ამერიკელი ჟურნალისტებიც უყურადღებოდ არ ტოვებენ.

"ატლანტა კონსტიტუშენის" კორესპონდენტმა, მაიკლ კანინგემმა შეკრიბა ბოლო დროს ზაზას შესახებ მეტოქეთა თუ "ატლანტას" მწვრთნელ-კალათბურთელების გამონათქვამები და საინტერესო პუბლიკაციაც გამოუვიდა. სათაურად დაარქვა: "ფაჩულია - თავსატეხი მეტოქეთათვის, სარგებელი "ატლანტასთვის".

"ჯორჯიელთა ბოლო მატჩისას ზაზა ფაჩულიას ძალისმიერმა თამაშმა მწყობრიდან გამოიყვანა მაიამელი ჟიდრუნას ილგაუსკასი, რომელმაც ქართველს ბურთი ესროლა. ლიტველი ცენტრის მსგავსად ზაზაზე ბევრი გაბრაზებულა, რაც პირველ რიგში
"ატლანტასთვისაა" სასარგებლო. მით უმეტეს, რომ "ჰოქსი" მალე ჩაერთვება პლეი ოფში, სადაც ფაჩულიას ორლანდოელი ცენტრის, დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ მოუწევს გამოსვლა.

- ზაზა მონდომებითა და ძალისმიერი თამაშით მოწინააღმდეგეებს დიდ სატკივარს უჩენს. ასეთ მოქმედებას გუნდისთვის ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს, - ამბობს ფაჩულიას თანაგუნდელი ჯოშ სმიტი.

გასულ კვირას "ჰიუსტონი"-"ატლანტას" მატჩის მონაწილე მასპინძელ კაილ ლოურის ტუჩზე ექვსი ნაკერი დასჭირდა - იგი ფაჩულიას შეეჯახა. დაზარალებული მოედნიდან გასვლის წინ "ატლანტას" სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ფაჩულიასკენ გაიწია, თუმცა მწვრთნელმა დაუყოვნებლივ გასახდელში წაიყვანა.

- ფაჩულიამ ჩემს წინააღმდეგ ბინძურად ითამაშა, - ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა ლოურიმ.

ამ ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ "ატლანტამ" "ბოსტონს" უმასპინძლა. მოედნის საკუთარი ნახევრისკენ მიმავალმა ზაზამ მხარი გამოსდო ჯერმეინ ონილს, რასაც ბოსტონელის აალება მოჰყვა. თუმცა, გაცხარებულები თანაგუნდელებმა დააწყნარეს. ფაჩულიამ, რომელიც 2008 წელს კევინ გარნეტთან ჩხუბითაცაა ცნობილი, "ბოსტონთან" ამასწინანდელ მატჩში მეტოქეებს ფარქვეშ აშკარად აჯობა და "ატლანტას" 88:83 მოაგებინა. მისი თამაში "სელტიქსის" თავკაცმა დოკ რივერსმა ასე შეაფასა:

- ვფიქრობ, ზაზა ფაჩულია მოედანზე საუკეთესო იყო. მან თამაშის სურათი შეცვალა.

ქართველი ცენტრი გუნდს ენერგიას მატებს, ეფექტური მომხსნელია და ფარქვეშიდან ჩაგდებაც ეხერხება. ეს მოსწონს "ატლანტას" ფორვარდ-ცენტრ ელ ჰორფორდსაც:

- ზაზა ფიზიკურად ძლიერია და არავის არაფერს უთმობს. სწორედ ეს აბრაზებს მეტოქეებს, ჩვენთვის კი დიდი პლუსია.

...არადა, ერთი თვის წინათ "ჰოქსის" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა ზაზასთან განშორება. უფროსობა მას შემდეგ დაფიქრდა, რომ ზაზა არ სჭირდებოდა, რაც მწვრთნელმა ლარი დრიუმ ქართველს სათამაშო დრო მკვეთრად შეუმცირა. ფაჩულიას ისეთ გუნდში გადასვლა სურდა, სადაც მეტად ენდობოდნენ. 24 თებერვლამდე სხვაგან გადასვლა ვერ მოხერხდა, სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა და ზაზა "ატლანტაში" დარჩა. მას მერე მწვრთნელმა სათამაშო დრო გაუზარდა, თუმცა "ჩიკაგოსთან" მატჩში იყო მცირე შელაპარაკება - ზაზამ მეოთხე პერიოდის დასაწყისში შეცვლის გამო მწვრთნელისადმი უკმაყოფილება გამოხატა. თავის მხრივ, ლარი დრიუმ თქვა, რომ ზაზას კონკრეტულ მომენტში ბურთი კალათში არ უნდა ესროლა.

მწვრთნელ-კალათბურთელის ურთიერთობა მალევე მოწესრიგდა და ლარი დრიუს თქმით დღეს ფაჩულია "ჰოქსის" ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კალათბურთელია:

- მომწონს მისი ენერგიულობა. იგი ისე თამაშობს, რომ მაიძულებს შეცვლაზე არ ვიფიქრო. ზაზას გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

ფაჩულია თავშეკავებით ლაპარაკობს:

- ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მინდა გუნდს მეტად გამოვადგე. განსაკუთრებით პლეი ოფში, სადაც ორლანდოელი დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. მძიმე, ძალისმიერი ბრძოლები გველის."






.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული