ჰოვარდმა ზაზა ფაჩულია დააგდო, "ატლანტამ" - "ორლანდო"

AutoSharing Option
სასიამოვნო მოულოდნელობა - ასე შეიძლება ეწოდოს NBA-ს პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ატლანტას" ორლანდოში გამარჯვებას. მართალია, რეგულარულ ეტაპზე ჯორჯიელებმა "ორლანდო მეჯიქს" ოთხიდან სამი მატჩი მოუგეს, მაგრამ რეგულარული ეტაპი ფლორიდელებმა უკეთ ჩაატარეს, "ატლანტასთან" საპლეიოფოდ მოედნის უპირატესობაც დაიბევეს და ბევრს არ ეგონა, რომ "ატლანტა" დუაით ჰოვარდის გუნდს პირველივე მატჩში დააკარგვინებდა მოედნის უპირატესობას.

"ჰოქსის" კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ცნობილი ფრაზის ჭეშმარიტებაში: ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს... თავად განსაჯეთ: "ორლანდოს" ცენტრმა დუაით ჰოვარდმა 46 ქულა ჩააგდო, ბურთი 19 ჯერ მოხსნა, მაგრამ გამარჯვება "ატლანტას" დარჩა (103:93).
46 ბალი, 1987 წლის შემდეგ ერთ საპლეიოფო მატჩში ჩაგდებული ქულების სარეკორდო მაჩვენებელი აღმოჩნდა. აბსოლუტური რეკორდი ჰაკიმ ოლაჯოუნს ეკუთვნის - 49 ქულა.

ჰოვარდის მეურვეობა მატჩის სხვადასხვა ეპიზოდში ოთხ ატლანტელს უწევდა: კოლინზს, ფაჩულიას, პაუელს და ტომასს. დანარჩენი ატლანტელები შეტევაზე ზრუნავდნენ და ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ: სმიტმა საბოლოოდ 15 ქულა ჩააგდო, ჯონსონმა - 25, კროუფორდმა - 23, ჰაინრიხმა - 13, ჰორფორდმა - 16. სტუმრებმა ყველაზე დიდ უპირატესობას მესამე პერიოდში მიაღწიეს - 71:54. ეს ანგარიში ზაზა ფაჩულიას ზუსტი საჯარიმოების შემდეგ დაფიქსირდა. ამ ეპიზოდს ამერიკული პრესა განსაკუთრებულად გამოეხმაურა და ჩვენც ცალკე აბზაცს დავუთმობთ.

დუაით ჰოვარდი ყოველთვის გაწონასწორებულია, თუმცა მესამე პერიოდში მისთვის უჩვეულოდ გაცხარდა... ზაზამ ბურთი "ორლანდოს" ფარზე ცხვირწინ რომ მოუხსნა და კალათში ჩაბრუნებას ცდილობდა, ჰოვარდმა ქართველი კისრულით იატაკზე დააგდო.

"სუპერმენის" ასეთი მოქმედება არბიტრებმა ტექნიკური ჯარიმით შეაფასეს. თანაგუნდელებმა ზაზას ფეხზე წამოდგომა არ აცადეს, მიცვივდნენ და სათადარიგოთა სკამისკენ წაიყვანეს. უმალ ყველაფერი დამშვიდდა, ჰოვარდი კი მსაჯების გადაწყვეტილებას ღიმილით შეხვდა. ტექნიკური ჯარიმა ჯო ჯონსონმა ჩააგდო, იქვე ფაჩულიამ ორი მიამატა და უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა.

მას მერე მასპინძლებმა სხვაობა მალე შეამცირეს, მაგრამ ეს "ატლანტამ" 10-ქულიანი უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

მეორე შეხვედრა ისევ ორლანდოს მოედანზე 19 აპრილს გაიმართება.

ორლანდო-ატლანტა 93:103
ზაზა ფაჩულია: 08:55 წუთი, 2 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
05:15 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:14 ფოლი: 1
03:36 ფოლი: 2
03:36 ტომასმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
06:33 ზაზამ კოლინზი შეცვალა
06:18 შეცდომა: 1
05:37 მოხსნა: შეტ-1. დაც-0
05:37 საჯარიმოები: 2/2 (71:54)
02:20 ორქულიანი: არაზუსტი
01:10 უილიამსმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
06:33 ზაზამ უილიამსი შეცვალა
04:52 ფოლი: 3
04:40 კროუფორდმა ზაზა შეცვალა

კომენტარი
ზაზა ფაჩულია: არ უნდა დავკმაყოფილდეთ!
- რეგულარული ეტაპის ბოლოს სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, პლეი ოფს წაგებათა ექვსმატჩიანი სერიით შევხვდით. თუმცა, მონდომებით ვმუშაობდით და იმედი გვქონდა, რომ "ორლანდოსთან" პირველივე შეხვედრას 100 პროცენტით მომზადებულები შევხვდებოდით. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. პლეი ოფი დიდებულად დავიწყეთ, მაგრამ კმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს. ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც მომდევნო მატჩებში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

სოციალური MVP
ზაზა 238, დუაითი 166
NBA-ს ოფიციალურ საიტზე, "ორლანდო"-"ატლანტას" მიმოხილვას ერთი დანართი აქვს, რომელსაც სათაურად აწერია: "სოციალური MVP". საქმე ეხება გამოკითხვას, რომლის მიზანია სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული კალათბურთელის გამოვლენა. ამ გამოკითხვის მიხედვით "ორლანდოსა" და "ატლანტას" კალათბურთელებს შორის ზაზა ფაჩულია ლიდერობს, რომელსაც 238 ხმა აქვს. მეორეა დუაით ჰოვარდი - 166 ხმა, მესამე ქუენტინ რიჩარდსონი - 153.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული