მანუს II, სანიკიძის 11, მეტრეველის გადამწყვეტი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ", რომელსაც 26 ტურის შემდეგ 20 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ ორი გამარჯვებით უსწრებს ლიდერი "მონტეპასკი". თავის მხრივ, კანტუელები "მილანზე" 2 მოგებით წინ არიან, რომელსაც მომდევნო ტურში 23 აპრილს ესტუმრებიან.

ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" 13-13 მოგება-წაგება აქვს და კიდევ ორ გუნდთან მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.


***
26-ე ტურში "კანტუმ" "ბიელა" 82:77 დაამარცხა. სამი პერიოდის შემდეგ წინ სტუმრები იყვნენ, მაგრამ მარკოიშვილის თანაგუნდელებმა მეოთხე რაუნდში 25:17 მოიგეს და გამარჯვება კანტუში დატოვეს.

მანუჩარმა 15
წუთში 7 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2-2 მოხსნა-ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა "კანტუს" ავსტრიელმა მეფარემ ბენჟამინ ორტნერმა - 22 ქულა, 10 მოხსნა.

ასევე დუბლით გამოირჩა "ბიელას" სლოვენიელი ფორვარდი გორან იურაკი - 13 ქულა, 10 მოხსნა.


***
სანიკიძეს კი, დაბლ-დაბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. მან კრემონაში 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 8 მოხსნა წაუმატა. საინტერესოა, რომ ვიქტორმა 11-დან 6 ქულა ბოლო მეოთხედში მიითვალა.

ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელი იყო "ვირტუსის" "კრემონასთან" სტუმრად გამარჯვება, თუმცა სასიამოვნო ფაქტს ვერსად გავექცევით - ბოლონიელებმა 95 ქულა ჩააგდეს, მასპინძლები კი 88-ს დააჯერეს.

"კრემონაში" ჩვენი ნაკრების სამმა პოტენციურმა მეტოქემ ითამაშა: ერლ როულანდმა (ბულგარეთის ნაკრებში გამოდიოდა) 21 ქულა ჩააგდო,
უკრაინელმა არტურ დროზდოვმა - 14, ხოლო სლოვენიელმა მარკო მილიჩმა - 20.


***
იტალიის მეორე ლიგაში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველმა. "რიმინიმ" სტუმრად "რეჯო ემილიასთან" სწორედ ქართველი ფორვარდის გადამწყვეტი ტყორცნის წყალობით მოიგო - 70:69.

მეტრეველმა სულ 8 წუთი ითამაშა და ეს დრო უქმად არ დაუკარგავს: 6 ქულა და თითო მოხსნა-დაფარება ჩაიწერა. მან 2-2 ორქულიანი და საჯარიმო უშეცდომოდ ისროლა.

ამ მოგებით "რიმინიმ" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლა (17 მოგება, 11 მარცხი). რიმინელები 21 აპრილს "სან სავეროს" უმასპინძლებენ.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული