ფაჩულია-რიჩარდსონის გაწევ-გამოწევამ "ატლანტა" წამოსწია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსს" აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალამდე ერთი მოგება აშორებს, "ორლანდოს" - სამი. ასე რომ, ჯორჯიელები მორიგ წარმატებასთან ხელის ერთ გაწვდენაზე არიან.

ეს უმთავრესად გუნდური თამაშის დამსახურებაა: ჯონსონი და კროუფორდი სამიანს სამიანზე აგდებენ, სმიტი და ჰორფორდი ახლო და საშუალო დისტანციიდან იშვიათად ცდებიან, ჰაინრიხი მათ პასებით ამარაგებს, კოლინზი ჰოვარდს მეურვეობს... ფაჩულია კი იბრძვის, "ეჭიდავება" NBA-ს საუკეთესო ცენტრ დუაით ჰოვარდს და თუ საჭიროა, თავს ურტყამს ორლანდოელ ჯეისონ რიჩარდსონს.

ქართველი ცენტრის ასეთი მოქმედება "პეპსი არენაზე" შეკრებილ პუბლიკას
დამატებით ემოციას მატებს, მოთამაშეებს - ენერგიას და შედეგიც ტაბლოზეა: 3:1 "ატლანტას" სასარგებლოდ.


***
ორლანდოში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში 1:1 იყო. მესამე შეხვედრაში ჯორჯიელები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თავდაჯერებულები გავიდნენ. მათ ხომ წინა მატჩებშიც დაინახეს, რომ "ორლანდო" უძლეველი გუნდი არ არის.

ზაზა ფაჩულია მოედანზე პირველი პერიოდის დამთავრებამდე 3:42 წუთით ადრე შევიდა. სწორედ მის მოედანზე ყოფნას დაემთხვა "ატლანტას" ყველაზე დიდი სხვაობით დაწინაურება - 47:33 (ჰაინრიხმა, კროუფორდმა სამქულიანები გამოიყენეს, ჯონსონმა - ორქულიანები).

მესამე პერიოდიდან ჰოვარდისა და თურქოგლუს აქტიურობით "ორლანდომ" სხვაობა შეამცირა, ხოლო მეოთხე პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა. სირენამდე 5 წუთით ადრე "ატლანტა" 4 ქულით იგებდა, როცა დუაით ჰოვარდი "ატლანტას" საჯარიმოში ფაჩულიაზე დაჯარიმდა. ქართველმა ორივე ტყორცნა გამოიყენა და 81:75 "ჰოქსის" სასარგებლოდ.

ამ ეპიზოდზე ერთმა თვითმხილველმა გულშემატკივარმა დაწერა: ზაზას საჯარიმოების შემდეგ მატჩიც მორჩაო. თუმცა, 5 წუთში 6 ქულის აღმოფხვრა წარმოუდგენელი სულაც არ არის, მით უმეტეს, რომ ბოლო წამებზე სიტუაცია მეტად დაიძაბა... სწორედ ემოციების მოზღვავებამ გამოიწვია ინციდენტი, რომლის შედეგად ფაჩულია და ჯეისონ რიჩარდსონი გააძევეს: დუაით ჰოვარდმა ზაზას მოტყუება სცადა, მაგრამ ქართველმა იგი წესების დარღვევით შეაჩერა. ამ მომენტში ჰოვარდმა ფაჩულიას იდაყვი მოარტყა. ამის გამო უკმაყოფილო ზაზამ არბიტრებს რამდენიმე სიტყვით მიმართა... ამასობაში ზურგსუკნიდან რიჩარდსონის სიტყვები შემოესმა, გაბრაზებული ქართველი ორლანდოელს მიუბრუნდა და თავი შუბლში ჩაარტყა. მეტოქემ ხელი მოუქნია, თუმცა მოჩხუბრები მალე გააშველეს.

სირენამდე 1:01 წუთით ადრე ბრენდონ ბასმა "ორლანდო" 84:83 დააწინაურა, თუმცა ეს იყო და ეს - ბოლო წუთზე მხოლოდ ერთი გუნდის კალათბურთელები აგდებდნენ: ჰორფორდმა ორქულიანი გამოიყენა, კროუფორდმა სამიანი და "ატლანტამ" 88:84 მოიგო.

რიჩარდსონი ფლორიდელთათვის დიდი დანაკლისი აღმოჩნდა. მის გარეშე დარჩენილ ორლანდოელებს ჯორჯიელებმა მეოთხე მატჩი 88:85 მოუგეს და სერიაში 3:1 დაწინაურდნენ. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მისი საქმე არმსტრონგმა, პაუელმა გადაიბარეს და კოლინზთან ერთად გოლიათ ჰოვარდს ბოლომდე ებრძოლნენ.

მატჩის შემდეგ კაპიტან ჯო ჯონსონს ფაჩულია არ დავიწყებია:

- მოუთმენლად ველი ზაზას მოედანზე დაბრუნებას. ის ფარქევშ ბევრს შრომობს და ძალიან გვეხმარება. კარგია, რომ მეხუთე მატჩში ზაზაც დაგვეხმარება.

სერიის მეხუთე დაპირისპირება 26 აპრილს ორლანდოში გაიმართება.


ატლანტა-ორლანდო 88:84
ზაზა ფაჩულია: 26:22 წუთი, 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება, 6 ფოლი.

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:42 ზაზამ კოლინზი შეცვალა
03:05 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
II პერიოდი
11:47 ორქულიანი: 2ქ (27:25)
10:33 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
08:54 ფოლი: 1
08:04 ორქულიანი: არაზუსტი
05:51 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
04:44 დაფარება: 1 (ნელსონს დაუფარა)
01:56 ფოლი: 2
01:55 პაუელმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:58 ზაზამ კოლინზი შეცვალა
IV პერიოდი
11:46 ფოლი: 3
11:33 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 68:63)
09:30 მოხსნა: შეტ-0, დაც-4
07:30 ფოლი: 4
05:00 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 81:75)
02:58 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
02:22 ფოლი: 5
02:22 ფოლი: 6 (გაძევება)

ატლანტა-ორლანდო 88:85
ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია (დისკავლფიკაცია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული