ლაშა გამყრელიძე გისენელებს დაემშვიდობა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ლეგიონერების შესახებ მოგითხრეთ. ბოლო ქვეთავში დავწერეთ: ლაშა გამყრელიძის "გისენმა" სტუმრად "ფენიქსთან" 73:83 დათმო. 25 წლის ქართველ გამთამაშებელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიაო.

ლაშას ბოლო მატჩებში მწვრთნელი დიდ დროს არ აძლევდა, თუმცა ყოველ შეხვედრაში ათამაშებდა. "ფენიქსთან" კი განაცხადშიც არ შეიყვანა. ამის მიზეზი გულშემატკივრებთან ერთად ჩვენც გვაინტერესებს. ამიტომ, ლაშას გერმანიაში ვესაუბრეთ.

"მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე. კუნთი მქონდა დაჭიმული და გართულებებს მოვერიდე", - განმარტა ლაშამ.

"გისენისთვის" "ფენიქსთან" დაპირისპირება სეზონის ბოლო მატჩი იყო - რეგულარული ეტაპი დაასრულა და
პლეი ოფში ვერ გავიდა. თუმცა, პლეი ოფს ვინ ჩივის, კინაღამ მეორე ლიგაში ამოყო თავი - სეზონის დასაწყისში ექვსი მატჩი რომ არ მოეგო, გასავარდნ ზონას ვერ ასცდებოდა. "გისენმა" სეზონი 9 მოგებითა და 25 წაგებით დაასრულა, რაც ბოლოდან მეოთხე ადგილის (მე-15) დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. ლიგიდან გავარდა "მიტელდოიჩერი" (8 მოგება) და "დიუსელდორფი" (7).

- კარგია, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ. სწორედ მაშინ მოვაგროვეთ 6 მოგება, რამაც ლიგაში ადგილი შეგვინარჩუნა. ლიგიდან "დიუსელდორფი" და "მიტელდოიჩერი" გავარდნენ. "დოიჩერი" დამენანა, რადგან ამ გუნდის ღირსებას შარშან ვიცავდი და კარგი სეზონი ჩავატარე, - განაგრძო ლაშამ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "მიტელდოიჩერში" მანუჩარ მარკოიშვილიც თამაშობდა და 2004 წელს ფიბას თასი მოიგო (ფინალში ვატო ნაცვლიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის "დიჟონი" დაამარცხა).

მეორე წრეში გამყრელიძეს მწვრთნელი უწინდებურად არ ენდობოდა. ამიტომ, ლოგიკურია, რომ იგი კარიერას "გისენში" აღარ გააგრძელებს...

- გისენელებს უკვე დავემშვიდობე. გაისად იქ აღარ ვითამაშებ. ახლა ისევ გერმანიაში ვარ, საქართველოში მალე ჩამოვალ და სუპერლიგის მატჩებსაც დავესწრები. საინტერესო ჩემპიონატია და დაძაბული პლეი ოფები უნდა გამოვიდეს.

იყო ვარიანტი გამყრელიძეს სეზონის დარჩენილი ერთი თვე საქართველოში ჩაემთავრებინა, მაგრამ ტარნსფერი ვერ განხორციელდა და ლაშა სუპერლიგის პლეი ოფებს მაყურებლის რანგში დაესწრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული