...მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა - "ორლანდომ" პირველივე ტაიმში ისეთი "მახე" დააგო, ვერც ერთმა "ქორმა" თავი ვერ დააღწია. თუ წინა მატჩებში "ჯადოქრებს" სამქულიანი ტყორცნები სათანადოდ არ გამოსდიოდათ, ამჯერად სწორედ პერიმეტრიდან გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
ყველაფერი პირველ პერიოდში დაიწყო: მეექვსე წუთზე ჯოშ სმიტთან ორთაბრძოლისას მეორე ფოლი მიიღო "ორლანდოს" იმედმა დუაით ჰოვარდმა და მწვრთნელი იძულებული გახდა იგი შეეცვალა.
მეორე პერიოდის საწყის სამ წუთში მასპინძლებმა სამი სამქულიანი ჩააგდეს და 36:17. ამის შემდეგ "ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ შემადგენლობა არაერთხელ გადააჯგუფა, მაგრამ "ორლანდოს" დაცვის გასარღვევი ხერხი მაინც ვერ მოძებნა. ჯორჯიელთა მწვრთნელი სირენამდე 7 წუთით ადრე მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და ძირითადი ხუთეულის კალათბურთელები ისეთი სათადარიგოებით შეცვალა, რომლებსაც პლეი ოფში თამაში თითქმის არ უწევდათ. მათ შორის არ იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც "ორლანდოსთან" ორთაბრძოლებში "ატლანტას" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.
მან ორლანდოში 20 წუთი ითამაშა და ბურთის ყოველი მიღებისას გულშემატკივრების ბუუ ისმოდა. ამას ლოგიკური ახსნა აქვს: სერიის მესამე მატჩში აგრესორ რიჩარდსონს თავი ჩაარტყა და დისკვალიფიკაციის გამო ორივემ მეოთხე შეხვედრა გამოტოვა. ზაზას და კოლინზის ვიზავიმ, დუაით ჰოვარდმა (რომელიც წლევანდელი პლეი ოფების ბომბარდირია) 8 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
"ორლანდომ" სტუმრებს რეალიზებულ სამქულიანებში საგრძნობლად აჯობა - 11:4, შეცდომებში კი აბსოლუტური საპლეიოფო რეკორდი დაამყარა - ყველაზე ცოტა, 6 შეცდომა დაუშვა.
- წაგების მიუხედავად კარგ სიტუაციაში ვართ. მომდევნო მატჩი ატლანტაში გველის და ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით წარმატების შანსი გვაქვს. მეტოქეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევუტიოთ, - ამ სიტყვებით დატოვა "ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ორლანდო. ჯორჯიელთა ბომბარდირმა ჯოშ სმიტმა (22 ქულა) ბრძნულად დაასკვნა: "ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა".
სერიაში (ოთხ მოგებამდეა) წინ "ჰოქსია" - 3:2. მეექვსე მატჩი "პეპსი არენაზე" 28 აპრილს გაიმართება.
ორლანდო-ატლანტა 101:76
ზაზა ფაჩულია: 20:01 წუთი, 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 2 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:36 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
04:16 ფოლი: 1
01:25 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 11:21)
00:29 შეცდომა: 1
II პერიოდი
10:17 კოლინზმა ზაზა შეცვალა
07:59 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:24 პასი: 1 (ჯონსონი 3ქ, 26:46)
01:47 ორქულიანი: 4ქ (32:52)
01:32 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
III პერიოდი
04:16 ზაზამ ჰაინრიხი შეცვალა
03:55 პასი: 2 (სმიტი 2ქ, 47:73)
00:24 ფოლი: 2
IV პერიოდი
10:33 ჯონსონმა ზაზამ შეცვალა