ზაზასთვის "ორლანდო" მაინც თბილია

AutoSharing Option
იყო დრო, გაზეთ "ორლანდო სენტინელის" გვერდებზე ზაზა ფაჩულია ხშირი სტუმარი იყო. იგი 2003 წლის დრაფტზე "ორლანდო მეჯიქმა" აიყვანა და ერთი სეზონი ფლორიდაზე გაატარა.

"მეჯიქიდან" ზაზა "მილუოკიში" გადავიდა და პირველივე მატჩში ორლანდოური პუბლიკა მას დიდი ოვაციებით შეხვდა. ეს იყო 2004 წელს. მას მერე ქართველმა ცენტრმა "ატლანტაში" მოიკიდა ფეხი... გუშინდელ საპლეიოფო მატჩში "ორლანდოს" დარბაზში შეკრებილი გულშემატკივარი მას კვლავ შეძახილით შეხვდა...

თუმცა, უარყოფითი შეძახილით - ბუუ! სწორედ ამან გადააწყვეტინა გაზეთ "ორლანდო სენტინელის" ჟურნალისტ ჯოშ რობინსს ზაზას შესახებ მცირე სტატიის მომზადება. სათაური მეტად გრძელია:
"მეჯიქის" ფანების ბუუს მიუხედავად, ზაზა ფაჩულია ორლანდოს თბილად იხსენებს."

ქვემოთ ვკითხულობთ: "სერიის მეხუთე მატჩში ფაჩულია მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე 4:36 წუთით ადრე შევიდა. მის გამოჩენას გულშემატკივრები ბუუთი შეხვდნენ. მათ არ დავიწყებიათ სერიის მესამე მატჩში ფაჩულიასა და ჯეისონ რიჩარდსონის შეხლა-შემოხლა, რომლის შედეგადაც ორივე კალათბურთელი თითო თამაშის გამოტოვებით დასაჯეს.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზაზა "ორლანდოს" ქომაგზე მაინც თბილად საუბრობს. მან NBA-ში სადებიუტო, 2003-04 წლების სეზონი სწორედ "მეჯიქში" გაატარა (59 მატჩი, 2 სასტარტოში) და სეზონის ბოლოს ფანების ფავორიტადაც დასახელდა. თუმცა, "ორლანდოს" ხელმძღვანელობამ სეზონის ბოლოს სპეციალურ დრაფტზე ფაჩულია "შარლოტ ბობქეთსს" დაუთმო.

- ნებისმიერ საქმეში დასაწყისს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. NBA-ში "ორლანდოდან" შევაბიჯე და დიდებული სტარტი გამომივიდა - ფანების ფავორიტი გავხდი. არადა, იმ გუნდში არაერთი ვარსკვლავი იყო, ლიდერი კი ტრეისი მაკგრეიდი გახლდათ. ამან NBA კიდევ უფრო შემაყვარა, - ამბობს ფაჩულია.

როგორც ჩანს გულშემატკივრის შეძახილი მწვრთნელ ლარი დრიუსაც აღელვებს:

- მინახავს ზოგიერთი კალათბურთელი, რომლზეც მეტოქე გუნდის ქომაგის ყვირილი დამთრგუნველად მოქმედებს, მწყობრიდან გამოჰყავს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებზეც შეძახილი დადებით გავლენას ახდენს. ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება ზაზა ფაჩულია, რომელზეც ემოცია დადებითად მოქმედებს. მის კარიერაში აქამდეც იყო მსგავსი შემთხვევები და ზაზა მხოლოდ პოზიტიურ მუხტს იღებდა.

ქართველი ცენტრი სიტუაციას რეალურად აფასებს:

- შეიძლება "ორლანდოს" ქომაგისთვის ყველაზე საძულველი კალათბურთელი ვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ეს კალათბურთის ნაწილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული