"ატლანტამ" "ჩიკაგო" შამფურზე ააგო

AutoSharing Option
თამამი სათაურია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სამწვადის შამფურზე აგება მის შეჭმას არ ნიშნავს. საჭიროა კიდევ სამი ოპერაცია: ცეცხლის დანთება, ტკაცუნა ნაკვერჩხალზე შეწვა, ზედ ხახვის მოჭრა და...

"ატლანტელ ქორებსაც" ჯერ ბევრი უკლიათ "ჩიკაგოელი ხარების" გზიდან ჩამოშორებამდე - "ჰოქსი" 1:0 დაწინაურდა, მეოთხედფინალური სერია კი ოთხ მოგებამდეა. ასე რომ, "ატლანტას" ნახევარფინალამდე კიდევ სამი მოგება აშორებს.

***
ჯორჯიელებმა "ჩიკაგოსთან" მეოთხედფინალური სერიაც ზუსტად ისევე დაიწყეს, როგორც - მერვერფინალური ("ორლანდოსთან"): ორივე შემთხვევაში პირველივე გასვლითი მატჩი მოიგეს, ორჯერვე 103-103 ქულა ჩააგდეს. ჰოდა, თუ ეს იმის მინიშნებაა, რომ
"ატლანტა" "ჩიკაგოსათანაც" ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც "ორლანდოსთან", ამას რა აჯობებს.

***
კიდევ ერთი დამთხვევა: ზაზა ფაჩულიამ მერვედფინალის პირველ მატჩშიც 8 წუთი ითამაშა და მეოთხედფინალშიც. თუმცა, ამჯერად ("ბულსთან") გუნდს გაცილებით მეტი სარგებელი მოუტანა: 6 ქულა ისე ჩააგდო, რომ ერთი ტყორცნა არ აუცილებია. მესამე პერიოდის ბოლო წამზე ზაზამ ორი საჯარიმო ზუსტად ისროლა და 17:4 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი, რის შედეგადაც "ჰოქსი" 87:75 დაწინაურდა. სპუტრისას ფაჩულიამ 6 ქულა მიითვალა და ერთი "საგოლე" გადაცემა გაუკეთა ჯეფ ტიგს. ლოგიკურიც იყო ოქმში ქართველის გასწვრივ დაფიქსირებული +10, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაჩულიას მოედანზე ყოფნისას "ატლანტა" 10 ქულით დაწინაურდა. ზაზაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ელ ჰორფორდს ჰქონდა: +13.

...მაგრამ, როცა "ატლანტას" წარმატების საფუძველზე ვლაპარაკობთ, ჯერ ჯო ჯონსონი უნდა ვახსენოთ, რომელმაც მეორე ტაიმში "სისხლმდინარ ხარს" უამრავი ჭრილობა მიაყენა, ზოგი სამქულიანი დისტანციიდან, ზოგი - ახლოდან... ჯომ 34 ქულა ჩააგდო (13-დან 7 ორქულიანი, 5-დან 5 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო).
აქვე დავამატებთ: ტრავმირებული გამთამაშებელი კირკ ჰაინრიხი ღირსეულად შეცვალა ჯეფ ტიგმა (10 ქულა, 5 პასი), რომელმაც მოედანზე 45 წუთი გაატარა.

***
ზაზას მონაგარის გაცნობისას დავწერეთ, რომ "ატლანტა" 17:4 გაქცევის შედეგად 12 ქულით დაწინაურდა. დარჩენილ 7 წუთში "ატლანტამ" "ჩიკაგოს" თამაშის შემოტრიალების უფლება რომ არ მისცა, საბოლოო სტატისტიკიდანაც ჩანს. ისე კი მეტად არათანაბარი თამაში გამოვიდა: პირველ მეოთხედში სტუმრებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩიკაგოელებს - ბევრი არაფერი. შედეგად "ატლანტა" 28:18 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში როუზისა და დენგის სიზუსტის წყალობით მასპინძლები მეტოქეს მალევე დაეწივნენ. მესამე თორმეტწუთეულში მათ მხარი ბუზერმა აუბა და "ხარები" 66:60 დაწინაურდნენ... თუმცა, ამის შემდეგ "ქორებს" მეორე სუნთქვა გაეხსნათ და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

***
მომდევნო მატჩი ისევ ჩიკაგოში, 4 მაისს გაიმართება. ვინც შეხვედრა ტელევიზიით ნახა, ემახსოვრება, რომ "ხარების" ლიდერმა დერეკ როუზმა ბოლო წამზე ფეხი იტკინა. როგორც თავად აღნიშნა, ტრავმა სერიოზული არ არის და მეორე მატჩში აუცილებლად ითამაშებს.

ჩიკაგო-ატლანტა 95:103
ზაზა ფაჩულია: 08:13 წუთი, 6 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
00:22 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:15 ფოლი: 1
00:14 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
II პერიოდი
11:24 ფოლი: 2
11:24 კოლინზმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
00:56 ზაზამ სმიტი შეცვალა
00:00 საჯარიმოები: 2/2 (72:71)
IV პერიოდი
11:16 ფოლი: 3
11:11 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
11:05 პასი: 1 (ტიგი 2ქ, 77:71)
09:46 ორქულიანი: 4ქ (82:73)
08:58 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
08:42 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
08:41 ორქულიანი: 6ქ (84:75)
07:34 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
06:00 შეცდომა: 1
05:42 კროუფორდმა ზაზა შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული