კროუფორდი: ზაზას იმედი მოედანზეც გვაქვს და მის მიღმაც

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია ზაზა ფაჩულიას შესახებ, რომელსაც ერთსიტყვიანი სათაური აქვს: ZZZZZAZA. პუბლიკაციის ავტორია ჯო კუპერი.

"ზაზა კარგი ბიჭია. ძალიან უყვარს მეტოქე ცენტრებთან სიახლოვე. მეურვეობისას არავის ერიდება, ახლოს ეთამაშება, რასაც ზოგჯერ მოწინააღმდეგეები მწყობრიდან გამოჰყავს. თუმცა ეს კალათბურთის ნაწილია.

- ვცდილობ კარგად ვითამაშო, გუნდს ენერგია შევმატო, - ამბობს ფაჩულია, რომელიც NBA-ში მერვე წელს ატარებს. აქედან 6 სეზონი "ატლანტა ჰოქსს" შეალია.

წლევანდელი პლეი ოფისას დუაით ჰოვარდი შეუერთდა იმ კალათბურთელების სიას, რომლებსაც ქართველი გულზე არ ეხატებათ. არც ბოსტონელ კევინ გარნეტს სიამოვნებს
ზაზას წინააღმდეგ თამაში...

- როცა გასახდელში ფაჩულიას გვერდზე ვზივარ იგი კანქვეშ მიძვრება - შეუძლია თანაგუნდელზე დადებითი კუთხით იმოქმედოს, რასაც თამაშისას კარგი შედეგი მოაქვს, - ღიმილით ამბობს მერვინ უილიამსი.

- ზაზა ევროპელია. ალბათ ამიტომაც აქვს განსხვავებული ხასიათი, - დასძენს ჯეისონ კოლინზი.

უილიამსი განაგრძობს:
- ზაზა ძალისმიერად თამაშობს, რაც მეტოქეებს არ მოსწონთ. იგი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და საკუთარი თამაშით ბევრ მოწინააღმდეგეს გაწბილებულს ტოვებს.

ისევ კოლინზს მოვუსმინოთ:
- ფაჩულია კარგი აგიტატორია, ხოლო მოედანზე დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს და როცა იგი ფარქვეშაა, თანაგუნდელებს შეუძლიათ ფარიდან მოშორებით მშვიდად ითამაშონ, რადგან იციან, რომ სამწამიან ზონაში ქართველი არაფერს დათმობს.

ფაჩულია ჯონსონი და კროუფორდი არ არის, რომ შორი მანძილიდან უშეცდომოდ ისროლოს, თუმცა არანაკლები დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით დიდი მისია ჰქონდა "ორლანდოს" წინააღმდეგ მატჩებში - დუაით ჰოვარდის მეურვეობა ევალებოდა.

- პლეი ოფში ყოველგვარი ჩხუბი მიუღებელია, რადგან შეიძლება ამა თუ იმ გუნდს ძვირად დაუჯდეს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ პლეი ოფში ემოცია ორმაგდება, თამაშის ინტენსიურობა მატულობს და ზოგჯერ ძნელია ემოციებისგან თავის შეკავება. სწორედ ამიტომ ზაზა ფაჩულია ფანების ფავორიტად იქცა. იგი თამაშში დიდი ენერგიით ერთვება და ზურგს გვიმაგრებს. ზაზას იმედი მოედანზეც გვაქვს და მის მიღმაც, - ამბობს ჯამალ კროუფორდი.

როგორც ჩანს ფაჩულიას თამაშმა სეზონის შუაში "ატლანტაში" გადასული ჰილტონ არმსტრონგიც მოხიბლა:
- ზაზა ძლიერია, მეტოქეებს სამწამიანიდან დევნის. ამის გამო ზოგი წყობილებიდანაც გამოდის, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. მოხარული ვარ, ასეთ შემადგენლობაში რომ მოვხვდი.

ახლა "ჰოქსის" მთავარი მწვრთნელის, ლარი დრიუს ჯერია:
- ფაჩულიასგან ყოველთვის ველი ფიზიკურად ძლიერ თამაშს, რაც მატჩის რიტმზე მოქმედებს. ზაზა ბინძურად არ მოქმედებს, თუმცა არაერთ ფოლს იღებს. თამაშის სურათის შესაცვლელად ასეთი კალათბურთელი ყველა გუნდში საჭიროა. მოედანზე შესვლის წინ იცის, მისგან რას ვითხოვ.

ბოლოს ზაზა ფაჩულიას მოვუსმინოთ:
- ზოგიერთ კალათბურთელს ძალისმიერი თამაში არ უყვარს. ამიტომაც ვძვრები მის კანში. პლეი ოფში ყველამ ერთნაირად კარგად უნდა ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ."
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა მაგარი კაცია! ნამდვილი კაპიტანი, სული და გული! გენაცვალე ზაზა!
irakli
15:04 06-05-2011
0
ყოჩაღ ზაზა! ამ კაცს მართლა ეკუთვნის საქებარი სიტყვები
daviti
12:03 05-05-2011
0

სიახლეები პოპულარული