შენგელიას 16 გაელვება

AutoSharing Option
აპრილის დასაწყისში "პეპინსტერის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიას ინტერვიუ ემოგთავაზეთ. მან აღნიშნა - ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში გასასვლელად ექვსეულში მოხვედრაა საჭირო, კონკურენტებს, "ლუვენსა" და "ლიეჟს" ჩვენზე უკეთესი კალენდარი აქვთო.

მართლაც, მას მერე "პეპინსტერმა" ჩემპიონატის სამ ფავორიტთან ითამაშა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად პირველადგილოსან "შარლერუას" მოუგო, თუმცა მომდევნო ორი შეხვედრა დათმო. ბოლო მატჩი შენგელიას გუნდმა სტუმრად "აალსტთან" 88:103 წააგო. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც "აალსტმა" 27:16 მოიგო. მანამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რაშიც გარკვეული წვლილი თორნიკეს მიუძღოდა. იგი სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რასაც შენგელიას
მონაგარიც ადასტურებს: 29 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. 19 წლის ქართველს არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა - 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ერთი სამქულიანი კი ააცილა.

შენგელიაზე მეტი ქულა მის თანაგუნდელებს დომინიკ ვათერსსა (19) და რაშუან ფრიმენს (28) ჰქონდათ. "აალსტში" ბელგიის შარშანდელი ნაკრების ერთი წევრიც არ ირიცხება.

ახლა გაგაცნობთ სატურნირო მდგომარეობას, შემდეგ გადახედეთ დარჩენილი მატჩების განრიგს და თავად იმსჯელეთ შენგელიას გუნდს ექვსეულში მოხვედრის რა შანსი აქვს. "ლიეჟსა" და "პეპინსტერს" 10-10 მოგების წილ 20-20 წაგება აქვთ და მეშვიდე მერვე ადგილებს ინაწილებენ. 11 გამარჯვებით მეექვსეა "ლუვენი", რომელსაც "პეპინსტერი" ბოლო ტურში მასპინძლობს.

11 მაისი
გენტი-პეპინსტერი
ლუვენი-ანტვერპენი
ლიეჟი-აალსტი

14 მაისი
მონსი-ლიეჟი
პეპინსტერი-ლუვენი


***
გასულ კვირაში გაცნობეთ, რომ თორნიკე შენგელიამ NBA-ს დრაფტზე განაცხადი შეიტანა. ამასთან დაკავშირებით მან კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე ილაპარაკა:

- გადაწყვეტილება ჩემს აგენტთან შეთანხმებით მივიღე. დრაფტზე წლეულს 89 კალათბურთელი დადგა, თუმცა, ეს სია მნიშვნელოვნად შემცირდება. დრაფტის დაწყებამდე მოვხსნი თუ არა კანდიდატურას, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი წარმატებით გამოვალ NBA-ს გუნდების წინასადრაფტო ვარჯიშებზე. სეზონი დასრულდება და ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას. კლუბებთან ურთიერთობას ჩემი აგენტი აწარმოებს. NBA-ს რამდენიმე გუნდის ვარჯიშზე მისვლას ვგეგმავ. თუ იქაურებს თავს მოვაწონებ და გარკვეულ გარანტიებს მივიღებ, დრაფტზე დავდგები. თუ არა, კანდიდატურას გამოვიტანთ. აჩქარებას არ ვაპირებ, რადგან წინ კიდევ 3 წელი მაქვს და როცა უკეთესი შანსი მექნება, დრაფტზეც მაშინ დავდგები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული