ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია დააბრუნა

AutoSharing Option
2:2 - "ატლანტამ" "ჩიკაგოსთან" სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო მატჩი 10 მაისს ჩიკაგოშია, ხოლო შემდეგი, 12 მაისს ატლანტაში. ასე რომ, ამ წყვილში ყველაფერი თავიდან იწყება.

"ორლანდოსთან" მერვედფინალური მატჩებისას ზაზა ფაჩულიას სათამაშო დრო უხვად ჰქონდა - გოლიათი დუაით ჰოვარდის მეურვეობა უწევდა.

მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ "ატლანტა ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზას დრო მკვეთრად შეუმცირა - სერიის საწყის სამ მატჩში 8-9 წუთს ათამაშებდა, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა: თუ "ორლანდოს" პლუსი ცენტრი ჰოვარდი იყო, "ჩიკაგოს" დამრტყმელი ძალა გამთამაშებელი დერეკ როუზია. შესაბამისად, ჰოქსის მწვრთნელი ცენტრების გარეშე,
მობილური ხუთეულით ცდილობდა "ხარებთან" უპირატესობის მოპოვებას. ეს პირველივე მატჩში კარგად გამოუვიდა, თუმცა მეორე და მესამე შეხვედრებში ჩიკაგოელებმა "ქორებს" პერიმეტრი გადაუკეტეს და 96 წუთში ოდენ 4 სამქულიანი ჩააგდებინეს. მწვრთნელი, ლარი დრიუ მიხვდა, რომ საჭირო იყო ფართან ახლოს გააქტიურება. ამ საქმეში კი ჯოშ სმიტთან და ელ ჰორფორდთან ერთად ზაზა ფაჩულია და ჯეისონ კოლინზი დასჭირდებოდა. მეოთხე შეხვედრის წინ "ატლანტას" თავკაცმა განაცხადა:

- "ორლანდოსთან" მერვედფინალური სერიის მოგებაში კოლინზმა და ფაჩულიამ დიდი როლი ითამაშეს. ისინი "ჩიკაგოსთანაც" სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ, რადგან მეტოქე მოხსნებში აშკარად გვჯობნის.

ჩიკაგოში გამომავალმა გაზეთმა დაწერა: "ატლანტას" ფარქვეშ იოაკიმ ნოა და სხვა ტანმაღალი "ხარები" ფრენბურთს თამაშობენო...

ლარი დრიუმ მეოთხე მატჩში სასტარტო ხუთეულში ცენტრი კოლინზი დააბრუნა, თუმცა ზაზა ფაჩულიათი მალევე შეცვალა. ქართველი მეფარე თამაშში კარგად ჩაერთო, საკუთარ ფარზე ბურთს არავის ანებებდა და საბოლოოდ 9 მოხსნაც მოუგროვდა. პირველ ტაიმში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, შეტევაში ორივე გუნდს უჭირდა და სწორედ ასეთ სიტუაციაში იყო საჭირო ზაზა ფაჩულია, რომელსაც ძირითადად შავი სამუშაოს შესრულება უწევს. მწვრთნელმა იგი მეორე პერიოდში ელ ჰორფორდით შეცვალა, თუმცა ელმა მალევე მიიღო მესამე ფოლი და დრიუმ მოედანზე დაუფიქრებლად ზაზა დააბრუნა. იყო კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი: როცა ზაზა მოედანზე შედიოდა, "ჩიკაგოს" მწვრთნელი ტომ ტიბოდო თამაშში თურქ ცენტრ ომერ აშიკს რთავდა, რათა ფარქვეშ უპირატესობა მასპინძლებისთვის არ დაეთმო.

საინტერესო დამთხვევაა: ფაჩულიამ "ხარებთან" წინა სამ მატჩში ჯამში 25 ქუთი ითამაშა, 8 მოხსნა და 5 ქულა ჩააგდო. მეოთხე შეხვედრაში კი მოედანზე სწორედ 25 წუთი გაატარა, 9 მოხსნა და 5 ქულა მოაგროვა.

მესამე მეოთხედის ბოლო 5 წუთში ფაჩულიამ ვერც ერთხელ მოხსნა, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა: "ჩიკაგოს" ფარქვეშ მას ბურთს არ ანებებდნენ, ხოლო "ჰოქსის" ფარიდან ბურთი იშვიათად სხლტებოდა - კარლოს ბუზერი უშეცდომოდ ისროდა. შესაბამისად "ჩიკაგომ" 8-ქულიანი ჩამორჩენა მეოთხე პერიოდის წინ +2-ად გარდასახა - 69:67.

მეოთხე პერიოდი ჩიკაგოელი როუზის აღმავლობით დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით 7 ქულა ჩააგდო და სტუმრები 76:73 დააწინაურა. სირენამდე 9 წუთით ადრე ჯო ჯონსონის აცილებული ბურთი ფაჩულიამ მოხსნა და ორი ჯარიმის ტყორცნის უფლებაც მიიღო - 75:76. მალევე ფაჩულიას ნაცვლად მოედანზე ჰორფორდი გამოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ატლანტას" მატჩი ტრადიციული ხუთეულით უნდა ჩაემთავრებინა: ტიგი, კროუფორდი, ჯონსონი, სმიტი, ჰორფორდი.

...ჩაამთავრა კიდეც - ამ ხუთეულმა "ხარებზე" გადამწყვეტი იერიში მიიტანა. შტურმს ჯოშ სმიტი (23 ქულა, 16 მოხსნა, 8 პასი) ხელმძღვანელობდა, რომელსაც მხარი კარგად აუბეს ჰორფორდმა და ტიგმა. იმის ნაცვლად, რომ გადამწყვეტ მომენტში აქცენტი სამქულიანებზე აეღოთ (აქამდე ასე აკეთებდნენ), ჯორჯიელებმა ფარქვეშიდან დაცხრილეს "ბულზი" - 100:88...

ატლანტა-ჩიკაგო 100:88
ზაზა ფაჩულია: 25:32 წუთი, 5 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
06:51 ზაზამ კოლინზი შეცვალა
06:24 ფოლი: 1
06:03 ორქულიანი: 2ქ (18:15)
04:04 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 20:21)
03:50 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
03:32 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
02:35 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
00:22 ტექნიკური ფოლი
00:01 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
00:00 ორქულიანი: არაზუსტი
II პაროდი
11:37 ორქულიანი: არაზუსტი
10:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
07:54 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
06:52 ფოლი: 2
06:52 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
05:00 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:15 შეცდომა: 1
02:36 მოხსნა: შეტ-1, დაც-6
01:45 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 44:46)
00:45 მოხსნა: შეტ-1, დაც-7
III პერიოდი
05:32 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:20 პასი: 2 (ჯონსონი 3ქ, 63:59)
IV პერიოდი
09:10 მოხსნა: შეტ-2, დაც-7
09:10 საჯარიმოები: 2/1 (5ქ, 75:76)
08:59 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული