ფაჩულიამ სეზონი მიმდინარე ჩემპიონატის პირადი რეკორდით დაასრულა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსისთვის", შესაბამისად ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა. ქართველი ცენტრის გუნდმა NBA -ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მე-6 მატჩი შინ 73:93 წააგო "ჩიკაგოსთან", შედეგად, 2:4 ჩამორჩა და სერიაც დამთავრდა. რეგულარული ჩემპიონატის მომგებ "ჩიკაგოს" ატლანტელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა რეალურად ძლიერ მეტოქესთან საბოლოოდ ვერას გახდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა NBA-ს სეზონი მიმდინარე ჩემპიონატის პირადი რეკორდით დაასრულა. 2010-11 წლების სეზონში აქამდე გამართულ 90 შეხვედრაში ფაჩულიამ ყველაზე მეტი - 12 მოხსნა 27 თებერვალს "პორტლენდთან" მოგებულ შეხვედრაში მოაგროვა. დღეს გამთენიისას ჩატარებულ მატჩში კი ზაზას 13 მოხსნა
ჰქონდა, რაც მისთვის უდაოდ ჩინებული შედეგია. სამწუხარო ისაა, რომ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა ფარქვეშ მხარი ვერ აუბეს: ზაზას შემდეგ ატლანტელთაგან ყველაზე მეტი - 5 მოხსნა ჯოშ სმიტს ჰქონდა. საბოლოოდ, ფაჩულია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მომხსნელი გახდა.

რაც შეეხება შეტევას, ქართველი ცენტრი შედარებით მოკრძალებული იყო. ფაჩულიამ 22,41 წუთის განმავლობაში თამაშიდან ორჯერ უშედეგოდ შეუტია, საჯარიმოს ხაზიდან კი 2-დან 1 სროლა გამოიყენა. ზაზას ასევე თითო ჩაჭრა და პასი ჰქონდა.

„ატლანტამ“ პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგო. ამდენივეთი აგებდა დიდ შესვენებაზე, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ უკვე 17 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ვერ მოახერხეს ჩიკაგოელების გატეხვა და სერიაში დამარცხდნენ, თუმც სეზონი ღირსეულად დაასრულეს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული