41 ქართული ქულა და დაწყებულ-არდაწყებული 1/4 ფინალი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს ქართველთა კლუბებმა. მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" შინ "ვარეზეს" სძლია (75:66), ხოლო ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" ბოლო წამებზე გამოგლიჯა გამარჯვება "ტერამოს" - 96:94. ამ წარმატებებში 30 ქულა ქართული იყო: მარკოიშვილმა 16, ხოლო სანიკიძემ 14 ქულა ჩააგდეს.


***
კანტუელებმა "ვარეზეს" ძლევას ბევრი ოფლი შეალიეს. საქმე ისაა, რომ სტუმრები პირველ პერიოდში 22:7 დაწინაურდნენ. თუმცა, "კანტუს" უნდა დაემტკიცებინა, რომ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარი არ არის. ასეც მოიქცა: მეორე პერიოდი მარკოიშვილმა სამქულიანით გახსნა, ამას მოჰყვა ორტნერისა და იმავე მანუს ოთხი
ქულა და ყინულიც დაიძრა. მოკლედ, მეორე პერიოდში ქართველმა უკანახაზელმა 9 ქულა ჩააგდო, "კანტუმ" კი 15-ქულიანი ჩამორჩენა ხუთამდე დაიყვანა.

ათამაშებული კანტუელების შეჩერება "ვარეზეზე" ძლიერ გუნდებსაც უჭირთ და რა გასაკვირია თუ მესამე პერიოდში მარკოიშვილის გუნდმა მეტოქეს გადაასწრო, ხოლო მეოთხეში შეხვედრა მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. ეს პირველ რიგში მანუს დამსახურებაა, რომელმაც ბოლო რაუნდი ორი სამქულიანით დაიწყო და თანაგუნდელებს სირენამდე 7 წუთით ადრე 8-ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 66:58.

მანუჩარი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იყო (ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით - 21): 26 წუთი, 16 ქულა, 1 მოხსნა 3 პასი. მან პერიმეტრიმეტრიდან რობინ ჰუდის სიზუსტით სტყორცნა: 3-დან 3 სამქულიანი, 6-დან 3 ორიანი, 2-დან 1 საჯარიმო). ორტნერმა და მარაცინომ 13-13 ქულა შეაშველეს, დანარჩენი კანტუელები 10-ქულიან ზღვარს ვერ ასცდნენ.

- რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დავასრულეთ, რაც ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შედეგია. ახლა ყველაფერი თავიდან იწყება, პლეი ოფში ისევ "ვარეზეს" ვხვდებით და გაცილებით რთული ბრძოლები გველის, - ივარაუდა ნამატჩევს "კანტუს" დამრიგებელმა ანდრეა ტრინჩიერიმ.

მისი სიტყვებიდანაც მიხვდებოდით, რომელ ადგილზე დაასრულა გუნდმა რეგულარული. "კანტუმ" 30-დან 22 მატჩი მოიგო და 1 გამარჯვებით გაასწრო მესამეადგილოსან "მილანს". თუ ეს ორი გუნდი ნახევარფინალში გააღწევს, მოედნის უპირატესობა "კანტუს" მხარეს იქნება. მანამდე მეოთხედფინალია, რომელშიც მარკოიშვილის თანაგუნდელები "ვარეზეს" დაეჭიდებიან. სერია, რომელიც სამ მოგებამდეა 18 მაისს გაიხსნება...

1/4 ფინალი
18 მაისი
კანტუ-ვარეზე
20 მაისი
კანტუ-ვარეზე
22 მაისი
ვარეზე-კანტუ
24 მაისი
ვარეზე-კანტუ*
26 მაისი
კანტუ-ვარეზე*
* - თუ საჭირო გახდა


***
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" ბეწვის ხიდზე გაიარა - "ტერამოსთან" კინაღამ შინ დამარცხდა, თუმცა ბოლონიელთა უახლოესმა მდევარმა "რომამ" "მონტეპასკისთან" წააგო და მეოთხედფინალში გამსვლელი საგზური "ვირტუსს" დარჩა (მერვე ადგილზე გავიდა).

ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ "ტერამოსთან" მატჩის პირველ პერიოდში სანიკიძემ შეუცვლელად ითამაშა და 6 ქულა ჩააგდო, იყო ეფექტური ჩატენვებიც. მეოთხედი ბოლონიელებმა 22:17 მოიგეს, თუმცა მეორე და მესამე ათწუთეულებში ტერამოელები მცირე უპირატესობას დაეუფლნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 71:67 დაწინაურდნენ. მეტსაც გეტყვით: საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ჯოშ დევისის ორქულიანით "ტერამო" 9 ქულით წინ გაიჭრა - 88:79. თუმცა ზუსტად ერთ წუთში "ვირტუსი" 7:0 გაიქცა (2 ქულა სანიკიძისა იყო) და სხვაობა ორამდე შეამცირა. დარჩენილ დროში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და გადამწყვეტ მომენტში ბედმა ბოლონიელებს გაუღიმა - 96:94.

ოქმში ვიქტორის მონაგარიც მკაფიოდ ჩანს: 29 წუთში 14 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი.

რადგან ბოლონიელები მერვე ადგილზე გავიდნენ, მეოთხედფინალში რეგულარულის მომგები სიენას "მონტეპასკი" ერგოთ. "ვირტუსის" კალათბურთელებს ერთით მეტი მატჩი რომ მოეგოთ სიენელებს ასცდებოდნენ, "კანტუს" გადაეყრებოდნენ და შარშანდელი მეოთხედფინალი განმეორდებოდა. თუმცა, ალბათ ასე სჯობდა - სანიკიძის დადებითი თვისებები საჯაროდ სწორედ ევროგრანდ "მონტეპასკისთან" მატჩში გამოჩნდება. ვიქტორი მეოთხედფინალებს მარკოიშვილზე ერთი დღით გვიან იწყებს.

1/4 ფინალი
19 მაისი
მონტეპასკი-ვირტუსი
21 მაისი
მონტეპასკი-ვირტუსი
23 მაისი
ვირტუსი-მონტეპასკი
25 მაისი
ვირტუსი-მონტეპასკი*
27 მაისი
მონტეპასკი-ვირტუსი*
* - თუ საჭირო გახდა


***
იტალიის მეორე ლიგის პლეი ოფში წარმატებით ჩაება ნიკა მეტრეველის "რიმინი" - "პრიმა ვეროლის" ორივე საშინაო მატჩი მოუგო და ახლა ამავე გუნდს სტუმრად ეთამაშება. მეოთხედფინალური სერია სამ მოგებამდეა.

"რიმინიმ" პირველ შეხვედრაში 76:59 იმარჯვა. წარმატებაში 8-ქულიანი წვლილი შეიტანა მეტრეველმა, რომელმაც 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 3 მოხსნას 1 ჩაჭრაც მიამატა. მან ეს ყველაფერი 14 წუთში მოასწრო.

ნამატჩევს "რიმინის" მთავარმა მწვრთნელმა ატილიო კაჯამ აღნიშნა - ახალგაზრდა ქართველმა გუნდს ენერგია შემატა, გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარაო.

როგორც გითხარით, "რიმინიმ" "პრიმა ვეროლის" მეორედაც მოუგო - 66:58. მეტრეველმა 11 წუთი ითამაშა, 3 ქულა და თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა-დაფარება გაიფორმა. დროის ამ მცირე მონაკვეთში მან 4 ჯარიმა მიიღო.

მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი "პრიმა ვეროლის" მოედანზე 17 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული