ყოფნა-არყოფნა... ყოფნა ზაზა!

AutoSharing Option
2006-07 წლების სეზონში ზაზა ფაჩულია "ატლანტას" მაისურით საშუალოდ 12.2 ქულასა და 6.9 მოხსნას აგროვებდა. 2010-11 წლების სეზონში - საშუალოდ 4.4 ქულასა და 4.2 მოხსნას.

მონაგარში ასეთი განსხვავების მიუხედავად წლევანდელი (2010-11) სეზონი ზაზას კარიერაში შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე 2006-07 წლებისა. პარადოქსია? არა ბატონო. ზაზამ ყველაზე უკეთ NBA-ს პლეი ოფი სწორედ წლეულს ჩაატარა, 2008 წლამდე კი მისი გუნდი რეგულარული ეტაპის აუტსაიდერი იყო.

- პლეი ოფი რეგულარული ჩემპიონატისგან რადიკალურად განსხვავდება, მატულობს ინტენსიურობა, დაძაბულობა და ერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი წლის ნამუშევარი წყალში ჩაგიყაროს.
ამიტომაც ვცდილობ საპლეიოფო მატჩებისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო, - ამბობს ფაჩულია.


***
ქართველი ცენტრი წლევანდელ პლეი ოფსაც სათანადოდ მომზადებული შეხვდა, მით უმეტეს, რომ "ატლანტას" მეტოქე იყო "ორლანდო", რომლის კოზირი მეფარე დუაით ჰოვარდია.

- ფაჩულიამ და კოლინზმა ჰოვარდის წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშეს, ორლანდოელს თავისუფლად თამაშის საშუალება არ მისცეს. "მეჯიქის" ძლევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ფაჩულიასა და კოლინზის დაცვითი თამაში იყო, - ასეთი ანალიზი გააკეთა "ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ.

იყო კიდევ ერთი ფაქტორი - პერიმეტრი: ატლანტელმა უკანახაზელებმა "ორლანდოს" კალათი შორი მანძილიდან გვარიანად დაცხრილეს.

პლეი ოფის მომდევნო ეტაპზე "ჰოქსის" მეტოქე "ჩიკაგო" იყო, რომლის პლუსი ძლიერი უკანა ხაზია (დერეკ როუზი). სერიის სამ მატჩში ჯორჯიელებმა თითო სამქულიანი ჩააგდეს, რაც კატასტროფული შედეგია. ამის ფონზე მწვრთნელმა გადაწყვიტა უპირატესობა ფარქვეშიდან მოეპოვებინა, სერიის ბოლო სამ შეხვედრაში ფაჩულიასაც საკმარისი დრო მისცა, მაგრამ როუზის წინააღმდეგ მაინც ვერას გახდა.

წლევანდელ პლეი ოფში იყო ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი: ფაჩულიამ თავი ჩაარტყა ორლანდოელ ჯეისონ რიჩარდსონს. თითქმის უწყინარ სიტუაციაში ქართველისკენ სწორედ ამერიკელმა გაიწია, ზაზამ არ მოუთმინა და... მოჩხუბრებს დისკვალიფიკაციის გამო ერთი თამაშის გამოტოვება მოუწიათ.

- პლეი ოფში ემოციები პიკს აღწევს. ამიტომ ძნელია ზოგიერთ ეპიზოდში თავის შეკავება. შეიძლება, რიჩარდსონის გამოწვევა უყურადღებოდ დამეტოვებინა, მაგრამ ეს ჩემს ხასიათში არ ზის - უკან არასოდეს დავიხევ, - ასეთი კომენტარი გააკეთა ფაჩულიამ.


***
რა იყო პლეი ოფამდე? არათანაბარი სეზონი. ოღონდ ამაში ბრალი ლარი დრიუს მიუძღოდა: მწვრთნელი სეზონის დასაწყისში ქართველს ბოლომდე ენდობოდა, დეკემბერში სათამაშო დრო 8-10 წუთამდე შეუმცირა, ხოლო იანვარში 15 წუთამდე გაუზარდა... გადამწყვეტი აღმოჩნდა თებერვალი: მწვრთნელის უნდობლობით უკმაყოფილო ფაჩულიამ "ატლანტას" ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება სთხოვა. მისი გადაბირებით "ჰიუსტონი" იყო დაინტერესებული, მოლაპარაკებებიც დაიწყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ მოესწრო და ზაზაც "ჰოქსში" დარჩა. მაშინ ველოდით, რომ მწვრთნელი ჩვენიანს დროს კიდევ უფრო შეუზღუდავდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა.

მარტის დასაწყისში იყო ერთი მომენტი, რამაც მწვრთნელ-კალათბურთელის ურთიერთობაში ბევრი რამ შეცვალა: "ჩიკაგოსთან" მატჩის მეოთხე პერიოდში, როცა "ატლანტა" 25 ქულის სხვაობით აგებდა, ზაზამ შორი დისტანციიდან ორქულიანი ისროლა და ააცილა. ლარი დრიუმ ქართველი მაშინვე შეცვალა. ამით უკმაყოფილო ზაზა მწრვთნელის მისამართით უკმაყოფილების გამოხატვას არ მოერიდა. ამას მოჰყვა დრიუსა და ფაჩულიას სერიოზული ლაპარაკი, რომლის შემდეგ მწვრთნელმა თქვა:

- არავის აქვს გუნდის საწინააღმდეგოდ მოქმედების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით ვაგებდით, ნაჩქარევად ტყორცნა მაინც დაუშვებელი იყო.

თუმცა, საბოლოოდ ფაჩულიასა და დრიუს ლაპარაკს დადებითი შედეგი მოჰყვა - ქართველ ცენტრს სათამაშო დრო გაეზარდა და მისმა ნაყოფიერებამაც იმატა. მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ფაჩულიამ სამი "დაბლ-დაბლი" შეასრულა.

სეზონის საუკეთესო მატჩიც 1 აპრილს ჰქონდა. აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "ბოსტონი" "ატლანტასთან" მესამე პერიოდის ბოლომდე დამაჯერებლად თამაშობდა, თუმცა მოედანზე ფაჩულიას დაბრუნების შემდეგ "ატლანტამ" ფარქვეშ თამაში გამოასწორა და მატჩი 88:83 მოიგო. ზაზამ 15 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. "ბოსტონის" თავკაცმა დოკ რივერსმა აღნიშნა:

- ზაზა ფაჩულიამ მესამე პერიოდში მოედანზე გამოსვლის შემდეგ თამაშის ხასიათი რადიკალურად შეცვალა. მისი შეჩერება ვერ მოვახერხეთ და "ატლანტას" გამარჯვების მთავარი ფაქტორიც ის იყო.


***
ზაზამ კონტრაქტის მიხედვით "ატლანტაში" კიდევ ორი სეზონი უნდა ითამაშოს. დღეს ძნელი სათქმელია, დარჩება თუ არა იგი გუნდში ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. თუმცა ეს მომავლის საქმეა, ახლა მთავარია მან სათანადოდ დაისვენოს, რათა 24 ივლისს დაგეგმილ საქართველოს ნაკრების შეკრებას ახალი ენერგიით შეხვდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული