ჰოპლა ჰოპსისთან

AutoSharing Option
მარტის ბოლოს "ოლიმპიაში" მთავარ მწვრთნელად იურე ჟდოვჩის ნაცვლად მირო ალილოვიჩი დაინიშნა. თავიდან ვერც ახალმა მწვრთნელმა დააბრუნა გუნდი მომგებიან გზაზე - სლოვენიის ჩემპიონატის აუტსაიდერებთან არაერთი მატჩი წააგო. თუმცა ახალმა მწვრთნელმა მდგომარეობა ნელ-ნელა გამოასწორა და რეგულარული ეტაპის ბოლოს გუნდს ძველი სახე დაუბრუნა.

ბოლოსწინა ტურში "ოლიმპიამ" "ჰოპსის" უმასპინძლა და გამარჯვების იმედი პირველივე ტაიმში დააკარგვინა - 52:29. საფინალო ანგარიშშიც 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, 85:62.

წარმატებაში ქართველებმა 16-ქულიანი წვლილი შეიტანეს. გიორგი შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო, ხოლო ვლადიმერ ბოისამ - 6. ახლა, უფრო კონკრეტულად მათ მონაგარზე. შერმადინი:
16 წუთი, 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. ბოისა: 13 წუთი, 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ორქულიანები ორივემ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა: ვოვამ 2-დან 2 ჩააგდო, გიორგიმ - 3-დან 3.

ოლიმპიელთა გამარჯვების მთავარი ფაქტორი ფარქვეშ დამაჯერებელი თამაში იყო - მასპინძლებმა "ჰოპსის" მოხსნებში 35:21 აჯობეს.

- დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ. შეტევისას კი მოთმინებით ველოდით მეტოქის შეცდომებს და წარმატებაც ამან განაპირობა, - განაცხადა ნამატჩევს მირო ალილოვიჩმა.

13 ტურის შემდეგ "ოლიმპია" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "ჰელიოსთან". ორივეს 9-9 მოგება აქვს. ბოლო ტურში ოლიმპიელებს რთული ბრძოლა ელით სტუმრად (20 მაისს) კრკა-სთან, რომელსაც სლოვენიის ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წაუგია. თავის მხრივ, არც "ჰელიოსი" გაისეირნებს იოლად - სტუმრად დაუპირისპირდება "ზლატოროგს", რომელსაც ერთით ნაკლები გამარჯვება და "ჰელიოსის" გადასწრების შანსი აქვს. მოკლედ, სლოვენიის ნახევარფინალისთვის გუნდები 20 მაისს დაწყვილდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული