მერაბ ბოქოლიშვილი
დაიბადა: 27.02.1992
სიმაღლე: 198 სმ
პოზიცია: უკანახაზელი
საქართველოს ნაკრებში ამერიკელები მაინცდამაინც უკანა ხაზის გასაძლიერებლად რატომ ჩამოჰყავთ? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ გუნდს ამ რგოლში სჭირდება დახმარება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელების პროგრესს.
სადღეისოდ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში არაერთი გამორჩეული კალათბურთელია. მათ შორისაა მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც იტალიურ "აველინოში" ირიცხება, დუბლშემადგენლობის ლიდერია, სერია A-ს გუნდში კი 13-ჯერ მოხვდა განაცხადში. მართალია, იტალიის ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მწვრთნელი არასათანადო მზადყოფნაში მყოფ კალათბურთელს განაცხადში არ
მერაბს აველინოში სწორედ მაშინ დავუკავშირდით, როცა ლომბარდიაში "კანტუ"-"ვარეზეს" მატჩის ბოლო პერიოდი დაიწყო. საუბარი მანუჩარ მარკოიშვილის გუნდით დავიწყეთ.
- "კანტუ" შთამბეჭდავ სეზონს ატარებს. წესით, ნახევარფინალში "მილანს" უნდა მოუგოს. ფინალში კი თუ "აველინოს" დაუპირისპირდება, ძალიან გამეხარდება. "კანტუს" წარმატება მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც რეგულარული ეტაპის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს. "კანტუში" გამოკვეთილი ლიდერი არ არის, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ამიტომაც აჯობეს ყველას გარდა "მონტეპასკისა".
- საინტერესო იქნება "აველინოს" ასეთივე დახასიათება.
- ჩვენს გუნდში ლიდერი მას მერე გამოიკვეთა, რაც ორმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო (ტროტმანმა და დინმა). ლიდერობა ომარ ტომასმა იკისრა და გუნდიც უკეთ ათამაშდა. მეორე წრეში "აველინოს" შეჩერება ბევრს უჭირს - "მონტეპასკიც" დაამარცხა. ომარ ტომასს კი რეგულარულის MVP-ს ჯილდო ერგო.
- ტომასს სლოვენიის პასპორტი აქვს. ამ ქვეყნის ნაკრები ევრობასკეტზე საქართველოს დაუპირისპირდება...
- ომარ ტომასმა სლოვენიის პასპორტი ორი წლის წინათ მიიღო, თუმცა ჯერ არ გამოუძახიათ. თავად ამბობს - თუ სლოვენიის ნაკრებში მიმიწვევენ, სიამოვნებით ვითამაშებო. წარმატებული სეზონის შემდეგ შეიძლება დაუძახონ.
- ბელგიელ დიმიტრი ლაუერსზე რა შეიძლება ითქვას?
- კარგი მოთამაშეა, თუმცა მასზე თამაში არ ეწყობა. დიმიტრისთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- კიდევ ვისთან ხარ ახლოს? დასვენების ჟამს დროს ერთად ატარებთ?
- ტომასთან, ჯონსონთან... ბოლო ორი თვეა, როცა "აველინო" ისვენებს, მის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მიწევს თამაში და ფაქტობრივად, თავისუფალი დღე არ მაქვს. აველინო პატარა ქალაქია. მასთან ყველაზე ახლოს ნეაპოლია, ერთი საათის სავალ გზაზეა, თუმცა ბოლო დროს ვერც იქ ვახერხებ ჩასვლას.
- "აველინოს" მეოთხედფინალში "ბენეტონი" ხვდება...
- ბოლო დროს ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია, რაც წარმატების იმედს მაძლევს. შემდეგ ეტაპზე, ალბათ "მონტეპასკი" შეგვხვდება, თუმცა ძალიან მინდა ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" სიენელები მეოთხედფინალიდან გამოაგდოს. იდეალური ვარიანტი იქნება ნახევარფინალში სანიკიძის "ვირტუსთან" შეხვედრა, ფინალში - მარკოიშვილის "კანტუსთან".
- რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში განაცხადში არ იყავი.
- წელი მაწუხებდა. ვიმკურნალე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
- "აველინოს" 19-წლამდელებმა იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში როგორ იასპარეზეთ?
- ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო შედეგი ვუჩვენეთ - ფინალურ სტადიაზე მოვხვდით. იქ ორი რვაგუნდიანი ჯგუფი შეიქმნა და 14-14 თამაში ჩავატარეთ. ჩემპიონატის ფავორიტებთან მოგვიწია ასპარეზობა ("რომა", "სიენა"...) და პლეი ოფში ვერ გავედით.
- ფინალურ ეტაპზე როგორ ითამაშე?
- საშუალოდ 28 ქულა მქონდა...
- მიმდინარე სეზონში სერია A-ს გუნდში ვარჯიშმა რა შეგმატა?
- პირველ რიგში ფიზიკური კონდიციები გავიუმჯობესე. პლეი ოფებამდე ჯონსონთან ერთად ყოველ დილას ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ამასთან, დიდი გამოცდილება შევიძინე "აველინოს" ლიდერებთან ჭიდილში. ვარჯიშებზე მათი მეურვეობა მიწევს.
- ბოლოს ნაკრებზე გკითხავ. ახალგაზრდულში თუ თავს გამოიჩენ...
- ეროვნულ გუნდში მოხვედრით ბედნიერი ვიქნები. მაგრამ, მესმის, რომ ჯერ 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად უნდა ვითამაშო B დივიზიონის მატჩები. სწორედ იქ ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული ეროვნულში მიწვევის საკითხი.
- 20-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რა შანსი გაქვთ?
- მარკოიშვილი-სანიკიძე-ცინცაძის დროინდელი ახალგაზრდული ნაკრების შემდეგ საუკეთესო შემადგენლობა წლეულს შეიკრიბება: დვალიშვილი, ბაქრაძე, შენგელია, ჩიკვილაძე, სანაძე, თენიეშვილი... თუმცა, წარმატება მხოლოდ შემადგენლობას არ მოაქვს, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი ნამდვილად გვაქვს.