დიდ კაცთან...

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მიმდინარე სეზონში დასახული მიზანი შეასრულა - იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ სერიაში კანტუელთაგან სიენას "მონტეპასკის" ძლევას არავინ ითხოვს, თუდაც იმიტომ, რომ სიენელებს ერთი-ორად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და იმიტომაც, რომ სერია A-ში "მონტეპასკის" გარდა სხვა გუნდებისთვის ფინალში გასვლა ჩემპიონობას ნიშნავს, რადგან სიენელები უკონკურენციონი არიან...

ამ ლოგიკით "კანტუ" უკვე ჩემპიონია, მაგრამ ასეთი მსჯელობა მხოლოდ გულშემატკივრების საქმეა, კალათბურთელები კი სხვას ფიქრობენ. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ნებისმიერ კანტუელს სჯერა, რომ "მონტეპასკის" ძლევა შეიძლება. ასე რომ, არ ყოფილიყო, შაბათს 34 წუთის განმავლობაში ესოდენ თავდაჯერებულად
ვერ იმოქმედებდნენ.

ფინალური სერიის პირველი შეხვედრა სიენაში 11 ივნისს გაიმართა. ერთ მხარეს ვარსკვლავებით დაკომპლექტებული კოლექტივი იდგა, მეორე მხარეს - შედარებით მოკრძალებული შემადგენლობის, მაგრამ შვეიცარიული საათივით (როგორც "კანტუს" ვიქტორ სანიკიძემ უწოდა) აწყობილი გუნდი. რით შეიძლებოდა სტუმრებს "მონტეპასკისთვის" ეჯობნათ? - ამ კითხვას საკუთარ თავს კანტუელთა თავკაცი ანდრეა ტრინჩიერიც არაერთხელ დაუსვამდა. პასუხიც მატჩის მსვლელობისას გასცა - სწრაფი, გააზრებული და სამქულიანებზე ორიენტირებული თამაშით (დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია). მართლაც, სტუმრებმა საწყის სამ მეოთხედზე კარგად გაანაწილეს ზუსტი შორეული ტყორცნები, პირველ და მეორე ათწუთეულებში 2-2 სამიანი ჩააგდეს, მესამეში - 3. პერიმეტრიდან ტყორცნების ასეთი სტაბილურობის წყალობით ტრინჩიერის შეგირდები "მონტეპასკის" დიდი სხვაობით დაწინაურების უფლებას არ აძლევდნენ - მეოთხე რაუნდამდე ანგარიშში სხვაობა 8-დან 11 ქულამდე მერყეობდა.

...და რატომ ვერ ეწეოდა "კანტუ" "მონტეპასკის"? - სიენელებიც ჩვეულად თამაშობდნენ: ფარქვეშაც ჰქონდათ უპირატესობა და სამქულიანების სატყორცნად თავისუფალ სივრცეებსაც პოულობდნენ. საბოლოოდ მასპინძლებმა კანტუელებს პერიმეტრიდან ტყორცნებშიც აჯობეს (9:7) და მოხსნებშიც (31:25). 32+25=56. სულ 56 მოხსნა. ეს არცთუ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა: ფინალურ სერიას გუნდები სათანადო კონდიციებშიც შეხვდნენ და მეტად კონცენტრირებულებიც, შედეგად ბურთს იშვიათად აცილებდნენ. თავად განსაჯეთ: "მონტეპასკიმ" ორქულიანების 61, ხოლო სამიანების 56.3 პროცენტი გამოიყენა, ხოლო "კანტუმ" ორქულიანების 48 და სამიანების 41.2 პროცენტი.

- ვერაფერს ვიტყვით. მასპინძლებმა შეტევაში შესანიშნავად ითამაშეს - 100 ქულა ჩააგდეს. საწყის 34 წუთში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბოლოს ვერაფერი გავაწყეთ, - თქვა ნამატჩევს ანდრეა ტრინჩიერიმ.
მართლაც, მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში სიენელთა სასარგებლოდ გადაწყდა: "კანტუმ" ვეღარც პერიმეტრიდან იყოჩაღა, ვეღარც დაცვაში და ფარქვეშ ხომ ისედაც "მონტეპასკის" ჰქონდა უპირატესობა. 100:75 "მონტეპასკის" სასარგებლოდ.

იტალიურ გამოცემა "ოლ-რაუნდში" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად მასპინძელთა ლიტველი მეფარე კშიშტოფ ლავრინოვიჩია დასახელებული, რომლის ანგარიშზეც 20 წუთში 15 ქულაა. იქვე წერია: "კანტუს" მხრიდან კი საუკეთესო მანუჩარ მარკოიშვილი იყოო. სწორედ მანუს ჰქონდა ყველაზე კარგი შეფასება სტუმართაგან - 6.5: "მაროიშვილი კანტუელთა რიგებში ყველაზე სასარგებლო იყო. მან საკუთარი მაღალი ტექნიკა სრულად გამოამჟღავნა, ერთი-ერთზე თამაშისას რამდენიმე ეფექტური შეტევა განავითარა. შესაბამისად, "კანტუს" რიგებში ყველაზე მეტი, 14 ქულა ჩააგდო", - ესეც იტალიურ გაზეთში წერია.

მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, რასაც 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიამატა. როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში დააყენა.
იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი ისევ სიენაში 13 ივნისს გაიმართება. სერია 4 მოგებამდეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული