ღირსეულად: მარკოიშვილის 11 22-ში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა. "მონტეპასკიმ" სტუმრად "კანტუ" 69:65 დაამარცხა, რის შედეგადაც სერიაში 3:1 დაწინაურდა. წაგების მიუხედავად კანტუელი ქომაგი მატჩის დასრულებიდან 20-30 წუთის განმავლობაში დარბაზს არ ტოვებდა.

ასეთი მოქმედებით გულშემატკივრებმა "კანტუს" კალათბურთელებს ღირსეული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს. მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ეს დაიმსახურეს - სიენურ გრანდთან ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ გამარჯვების შანსს.

ვიდრე შეხვედრის ქრონოლოგიაზე ვიტყოდეთ, მარკოიშვილის გარჯას შევეხებით. ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, პირველ ტაიმში დაცვაშიც კ
არგად იშრომა და შეტევაშიც არაერთი კარგი კომბინაცია წამოიწყო, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდა და საწყისი 20 წუთი უქულოდ დაასრულა.

მეორე ნახევარში "კანტუმაც" უკეთესად ითამაშა და მანუჩარმაც. მეოთხე პერიოდში მან მნიშვნელოვანი სამქულიანიც ჩააგდო და საჯარიმოებიც ზუსტად ისროლა. საფინალო ანგარიშიც მანუს ორქულიანის შემდეგ დაფიქსირდა - 69:65. ქართველმა საბოლოოდ 22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

"კანტუში" მთავარი მექულეები იყვნენ მარკო სჩეკიჩი (16 ქულა) და მაიკ გრინი (13). "მონტეპასკის" გამარჯვებაში კი მთავარი "დამნაშავეები" ბო მაკალები (21 ქულა) და რიმანტას კაუკენასი გახლდნენ (18). ვერც ერთი სხვა სიენელი 10 ქუალს ვერ ასცდა. წინა სამი შეხვედრის ბომბარდირმა კშიშტოფ ლავრინოვიჩმა 6 ქულა ჩააგდო.

შეხვედრა იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომ ორიოდე სიტყვა ქრონოლოგიაზეც უნდა ვთქვათ. თანაბრად ჩატარებული პირველი მეოთხედის შემდეგ "მონტეპასკიმ" პერიმეტრზე გაილაღა და სამქულიანების წყალობით მეორე ათწუთეული 23:11 მოიგო. დიდ შესვენებაზე მასპინძლები 14-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ - 28:42.

მესამე პერიოდში თანაგუნდელთა გამოფხიზლება გამთამაშებელმა მაიკ გრინმა ითავა: თვითონ ორი შეტევა შედეგიანად დაასრულა, ხოლო ნიკოლას მაძარინოს დროული გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა. ამასობაში მოედანზე მანუჩარიც დაბრუნდა, თანაგუნდელებს საჯარიმოები შეაშველა და 14-ქულიანი სხვაობა 4-მდე შემცირდა (46:50).

მეოთხე პერიოდის დასაწყისში ბო მაკალების აქტიურობით "მონტეპასკიმ" კვლავ 12-ქულიან ფორას მიაღწია (61:49), თუმცა კანტუელებმა თამაშის ტემპს კიდევ უფრო უმატეს და მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ გამარჯვების იმედი კვლავ დაიბრუნეს - 54:61. საფინალო სირენამდე წუთით ადრე სიენელები 4 ქულის სხვაობით იგებდნენ. მათ შეტევისთვის განკუთვნილი დრო ბოლომდე გამოიყენეს და ვიდრე 24 წამი ამოიწურებოდა, შაუნ სტონრუკმა სამქულიანი ისროლა... ჩააგდო და მატჩის ბედიც "მონტეპასკის" სასარგებლოდ გადაწყვიტა. დარჩენილ 26 წამში 7-ქულიან სხვაობას ვერც "კანტუ" აღმოფხვრიდა და ვერც "ბარსელონა".
სერიის მეხუთე მატჩი სიენაში 19 ივნისს გაიმართება. სერია 4 მოგებამდეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული