შერმადინის მაქაბიადა: თბილისიდან თელ ავივამდე

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი თელ-ავივის "მაქაბის" სურს... შერმადინი თბილისის "მაქაბიში" ჩამოყალიბდა კალათბურთელად, 2008 წელს ბერძნულ "პანათინაიკოსთან" ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. საწყისი ორი სეზონის შემდეგ იგი მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა სლოვენიის "ოლიმპიაში" გაანათხოვრა.

ამ გუნდთან ერთად ქართველმა ცენტრმა ევროლიგაზე წარმატებით ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობები საქვეყნოდ გამოამზეურა. ტოპ-16-ში "ოლიმპიას" მეტოქე ისრაელის "მაქაბი" იყო. რადგან მაქაბელთა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა სწორად შერჩეული ტაქტიკით "ოლიმპია" წელში გაწყვიტა, მხოლოდ გიორგი ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაქაბელებთან გამკლავებას.

ჰოდა, 216 სმ სიმაღლისა და 22 წლის ქართველი ცენტრის გარჯა სათანადოდ დააფასა "მაქაბის" მწვრთნელმა
დევიდ ბლატმა და სეზონის დასრულების შემდეგ "პანათინაიკოსს" (რომელთანაც გიორგი კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წლითაა დაკავშირებული) მიადგა - იქნებ, ეგ ბიჭი დაგვითმოთო. ბერძნული გამოცემები წერენ, რომ "მაქაბი" მზადაა შერმადინის კონტრაქტი გამოისყიდოს, თუმცა არავინ არაფერს ამბობს "პანათინაიკოსის" პოზიციაზე. როგორც ჩანს, ბერძნები პასუხის გაცემას არ ჩქარობენ.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მთავარი მწვრთნელის ჟელკო ობრადოვიჩის გადაწყვეტილებაზე - თუ შერმადინი მის გეგმებში ჯდება, შეიძლება "მაქაბის" არც დაუთმოს, თუ არა - ებრაელები პირდაპირ ამბობენ: ქართველი ცენტრი სოფოკლის შორციანიტისის შემცვლელად გვჭირდებაო. ბლატმა თუ შერმადინი დაიმატა წინა ხაზში ვარირების საშუალებაც მიეცემა - თუ ფარქვეშ სიმძიმე დასჭირდა, შორციანიტისს ათამაშებს, თუ სისწრაფე - გაცილებით მოქნილ გიორგის დააყენებს შემადგენლობაში.

ასეა თუ ისე, ქართველი მეფარის ბედი 23 ივნისამდე ნამდვილად არ გადაწყდება. ამ დღეს NBA-ს დრაფტია, რომელშიც გიორგიც მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული