ზაზა ფაჩულიას არა ”ბეშიქთაშს”

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ”ბეშიქთაშს" შეუთანხმდაო - დაიწერა თურქულ საიტებზე. ცხადია, ეს ამბავი ჩვენც გადმოვაქართულეთ და გუშინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა.

საინტერესო იყო მოვლენების შემდგომი განვითარება, გვეგონა, კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი ედგა, მით უმეტეს, რომ ზაზასთან ერთად საუბარი იყო დერონ უილიამსის ”ბეშიქთაშში" გადასვლაზეც... გუნდის მწვრთნელი ენგინ ატამანიც ამბობდა, ყველაფერი შეთანხმებულია და მალე დერონი და ზაზა კონტრაქტებს გააფორმებენო. უილიამსი, ალბათ, მართლაც ითამაშებს თურქეთში. ფაჩულია კი...

ზაზა კარიერას ”ბეშიქთაშში" არ გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქების თქმით ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, შეთანხმება არ შედგა. ამის
შესახებ გვითხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და დასძინა:

- ფაჩულიას ამ ღამეს ველაპარაკე. მისსა და ”ბეშიქთაშის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა, თურქები ოთხწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ. რაზედაც ზაზამ უარი უთხრა.

ჩვენი მხრიდან ვიტყვით, რომ ქართველი ცენტრის ევროპაში დაბრუნება მაინც არ არის გამორიცხული - თუ ზაზამ რომელიმე წამყვანი ევროპული კლუბიდან სარფიანი წინადადება მიიღო, შესაძლოა, უარი არ თქვას, ოღონდ კონტრაქტი მოკლევადიანი უნდა იყოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ NBA-ში ლოკაუტი შედგა. გაფიცვის დასრულების შემდეგ ქართველი ცენტრი ამერიკას დაუბრუნდება.

მანამდე ზაზას არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე აქვს - საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოს. იყო საშიშროება, რომ მის დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემა შექმნილიყო, მაგრამ როგორც ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, ყველაფერი მოგვარებადია:

- NBA-ში მოთამაშე ევროპელ კალათბურთელებს ფიბა-ევროპა დააზღვევს. ამისთვის საჭიროა თავად სპორტსმენის თანხმობა. ვისაც ნაკრებში თამაში სურს, ცხადია, დაზღვევაზე უარს არ იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული