შენგელიას სუპერსტარტი და დაკარგული სუპერთასი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ახალ კლუბ "შარლერუაში" დებიუტი ეფექტური თამაშით აღნიშნა. თორნიკემ "მონსთან" შეხვედრაში 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მასზე მეტი მხოლოდ შარლერუელ გრინს ჰქონდა - 21 ქულა.

ეს არ იყო ამხანაგური მატჩი - "შარლერუა" "მონსს" ბელგიის სუპერთასისთვის მატჩში დაუპირისპირდა. ქვეყნის ჩემპიონმა თასის მფლობელ "მონსთან" 65:72 დათმო.

"შარლერუას" შენგელიას ახალი კლუბი კი ვუწოდეთ, მაგრამ არ დაგვვიწყებია, რომ ქართველი ფორვარდი გუნდში 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა. თუმცა შარშან განათხოვრების წესით ასევე ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "პეპინსტერში" ითამაშა.

კარსმომდგარ სეზონში ევრობასკეტზე
თავგამოჩენილი ახალგაზრდა ქართველი "შარლერუას" ხელმძღვანელობამ გუნდში დააბრუნა და მასთან ერთად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ბელგიის ჩემპიონატში რას აპირებს, იოლი მისახვედრია. "შარლერუა" ევროლიგის საგზურისთვისაც იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო ტურნირი ორიგინალური სისტემით გაიმართება: 29 სექტემბრიდან 16 კლუბი ორად გაიყოფა, პირველი რვაეული შარლერუაში შეიკრიბება, მეორე - ვილნიუსში. თითო ქალაქში ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყება და ფინალში გამარჯვებული ევროლიგის საგზურს მოიპოვებს. საკვალიფიკაციოდან ჯგუფურ ეტაპზე სულ ორი კლუბი მოხვდება.

მეოთხედფინალში "შარლერუა" უკრაინის "დონეცკს" "დაეჭიდება", ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი გერმანული "ალბასა" და ლატვიური "ვეფ რიგას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული