ბექა ბურჯანაძე და ევროკალათბურთის მექა: ესპანეთი

AutoSharing Option
ევრობასკეტის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გუნდში ახალგაზრდა კალათბურთელების ინტეგრაციაზე ილაპარაკა.

მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატის წარმომადგენლებსაც მისცემენ თავის გამოჩენის შანსს, თუმცა პირველი, ვინც ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტად უნდა განვიხილოთ ბექა ბურჯანაძეა.

იგი 1994 წელსაა დაბადებული, ახალგაზრდაა, მესამე წელიწადია ესპანეთში ვარჯიშობს, "კახასოლის" შემადგენლობაში ირიცხება. ვარჯიშობს და თამაშობს კიდეც: თავიდან ჭაბუკთა გუნდში გამოდიოდა, ახლა კი მთავარ შემადგენლობაშია და ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისთვის "კახასოლთან" ერთად აქტიურად ემზადება.

მწვრთნელმა, ხოან პლაცამ ბექას შარშანაც გამოუცხადა ნდობა - "კახასოლთან" ერთად ევროთასის ოთხთა ფინალის სათამაშოდ იტალიაში წაიყვანა, მაგრამ
მაშინ მოედანზე არ გაუყვანია. 2011-12 წლების მოსამზადებელ ეტაპზე კი მწვრთნელი ბურჯანაძეს 10-15 წუთს ათამაშებს. დასაწყისისთვის ესეც კარგია, რადგან ბექა ჯერ 17 წლისაა.

მას ხან მსუბუქი, ხანაც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე უწევს თამაში. უფრო მეტ დროს მაინც მესამე ნომრად ატარებს.

- წინა სასეზონო მატჩებისას მწვრთნელი მენდობა. "კახასოლის" მსუბუქი ფორვარდი ხოან სასტრე ტრავმირებულია და ამიტომ ამ პოზიციაზე სათამაშო დროს ძირითადად მე და პანჩო იანსენი ვიყოფთ. ძნელი სათქმელია, როგორ შეიცვლება სიტუაცია სასტრეს დაბრუნების შემდეგ, თუმცა, მთავარია, რომ მწვრთნელი ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ არის, - გვითხრა ბურჯანაძემ.

ხოან პლაცა "კახასოლამდე" მადრიდის "რეალს" წვრთნიდა და ესპანეთში ძლიერ სპეციალისტად ითვლება. შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა და მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

- შარშანდელთან შედარებით უკეთესი გუნდი გვეყოლება. დაგვემატა კარლ ინგლიში, რომელიც გამორჩეული მსროლელია. ასევე გუნდში დარჩა პოლ დევისი, რომელიც შარშან ესპანეთის ჩემპიონატის სნაიპერთა შორის მეხუთე იყო. მწვრთნელიც კარგია და იმედი მაქვს, შარშანდელზე უკეთეს შედეგს ვუჩვენებთ, - ოპტიმისტურადაა განწყობილი ბექა ბურჯანაძე.

ესპანეთის ჩემპიონატი 9 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ტურში "კახასოლი" სტუმრად "კახა ლაბორალს" დაუპირისპირდება. ქვემოთ კი საკონტროლო მატჩებსა და მათში ბექას მონაპოვარზე მოგითხრობთ.

ანდალუსიის თასის ფინალში "კახასოლის" მეტოქე მალაგის "უნიკახა" იყო. გამარჯვებულის გამოსავლენად არც 40 წუთი აღმოჩნდა საკმარისი და არც - 45. საქმე იმაშია, რომ თასის მფლობელი ორი მატჩის ჯამში გამოვლინდა.

პირველი შეხვედრა სევილიაში გაიმართა და ფრედ, 80:80 დასრულდა. მატჩის ბომბარდირი სატორანსკი გახდა - 18 ქულა ჩააგდო, ბურჯანაძემ 2 ქულა მიითვალა. "უნიკახასა" და ბულგარეთის ნაკრების უკანახაზელმა ერლ როულანდმა 13 ქულა ჩააგდო.

განმეორებით შეხვედრას მალაგამ უმასპინძლა და ადგილობრივი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 91:59. "უნიკახას" წარმატება ძირითადად ფრილანდის დამსახურებაა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი. როულანდმა 2 ქულა ჩააგდო, ხოლო ბურჯანაძემ მატჩი უქულოდ დაასრულა.

ანდალუსიის თასამდე "კახასოლმა" საკონტროლო მატჩი "სარაგოსასთან" გამართა. გამარჯვება სევილიელებს დარჩათ (89:78). ამ მატჩში პოლ დევისმა 21 ქულა მოიპოვა, ხოლო 201 სმ სიმაღლის ქართველმა ახალგაზრდამ - 4.

"კახასოლმა" ამხანაგურად ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადასაც" აჯობა - 63:58. ბექამ ქულათა გრაფის შევსება ვერ შეძლო, მისი თანაგუნდელებიდან კი ყველაზე მეტი ბოგდანოვიჩმა ჩააგდო - 12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული