შენგელია "ბარსასა" და "მონტეპასკის" დაეჭიდება

AutoSharing Option
ევროლიგის 2011-12 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი სისტემით გაიმართა: 16 გუნდი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ვილნიუსში (ლიტვა) გაემგზავრა, მეორე - შარლერუაში (ბელგია). ორივეგან გუნდებმა ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყეს, ჩაატარეს ნახევარფინალი და ფინალი. შარლერუაში და ვილნიუსში გამარჯვებულმა თითო გუნდმა ევროლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ლიტვაში იყოჩაღა თურქულმა "გალათასარაიმ", რომელმაც ფინალში მასპინძელი "რიტასი" დაამარცხა. ბელგიაში კი გამარჯვება მასპინძელ "შარლერუას" დარჩა და ჩაჯდა გრანდებით სავსე D ჯგუფში: "ბარსელონა" (ესპანეთი), "მონტეპასკი" (იტალია), "უნიქსი" (რუსეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "პროკომი" (პოლონეთი).

სასიამოვნოა, რომ "შარლერუას" მაისურით ასეთი გუნდების წინააღმდეგ
ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელსაც 5 ოქტომბერს 20 წელი შეუსრულდება. იგი ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიური გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრი იყო, ფინალში ჩეხური "ნიმბურკის" წინააღმდეგ 15 წუთში 6 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. "შარლერუას" გამარჯვებაში 21-ქულიანი წვლილი შეიტანა და მატჩის ბომბარდირი გახდა კრის ჰილი.

ბელგიელებმა "ნიმბურკი" პირველივე ტაიმში გატეხეს და საბოლოოდ 79:53 გაიმარჯვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხურმა კლუბმა მთელი ენერგია წინა დღეს დახარჯა - რუსული "ხიმკი" 86:79 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალში "შარლერუამ" გერმანულ "ალბას" აჯობა. ვერ ვიტყვით, თითქოს იოლი თამაში ჰქონოდათ - თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო პერიოდში გაირკვა, "შარლერუამ" 74:63 მოიგო. შენგელიამ გერმანელების წინააღმდეგ 9 წუთში 5 ქულა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

19 ოქტომბერს ევროლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თორნიკეს თანაგუნდელები პოლონეთში "პროკომის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული