"კანტუს" სუპერობამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
შაბათს იტალიაში სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ჩემპიონ "მონტეპასკის" დაუპირისპირდა. ვიდრე ამ შეხვედრასა და მასში მანუჩარის მონაპოვარზე ვიტყოდეთ, ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებთ.

2003 წელს იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ "კანტუ" და "ბენეტონი". მატჩი ამ უკანასკნელის მოედანზე, ტრევიზოში გაიმართა.

მკითხველს მოეხსენება, რომ 2003-ში მარკოიშვილი არა "კანტუს", არამედ ფავორიტი "ბენეტონის" ღირსებას იცავდა. სუპერთასის მატჩის მეორე დილას შეხვედრის ანგარიში ინტერნეტში ვნახე, იმდენად დარწმუნებული ვიყავი ბენეტონელთა გამარჯვებაში, რომ ანგარიშს დავხედე, გუნდების თანმიმდევრობას არა
და მეგონა, მეტი ქულა "ბენეტონისა" იყო (85:79). დავურეკე მანუჩარს და სუპერთასის მოგება მივულოცე. გაუკვირდა, ეგონა ვეხუმრებოდი.

- დიდი მადლობა, მაგრამ რომ არ მომიგიაო?! - თურმე, "ბენეტონს" "კანტუსთან" 79:85 წაეგო.

თითოეულ ქართველ გულშემატკივარს სურდა, იტალიის 2011 წლის სუპერთასიც კანტუელებს მოეგოთ, რადგან წლეულს "კანტუს" ღირსებას მანუჩარი იცავს. ისინი ამჯერედაც ფავორიტებს ("მონტეპასკი") ხვდებოდნენ.

თავიდან ყველაფერი კარგად წარიმართა: მარკოიშვილის თანაგუნდელებმა "მონტეპასკის" პირველი პერიოდი 15:12 მოუგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (32:24). კანტუელები სახელოვან მეტოქეს მეოთხე რაუნდის წინაც უსწრებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე შედარებით გამოცდილმა სიენელებმა მაინც თავისი გაიტანეს და 73:70 გაიმარჯვეს. "მონტეპასკის" გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მაკედონიის ნაკრების ამერიკელმა ბო მაკალებმა ითამაშა.

მანუჩარ მარკოიშვილმა სუპერთასზე 12 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მან 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი არ უსვრია. "კანტუში" ქულები 10 კალათბურთელზე გადანაწილდა. მატჩის ბომბარდირი კი "მონტეპასკის" ლიტველი მეფარე კშიშტოფ ლავრინოვიჩი გახდა, რომელმაც 24 წუთში 25 ქულა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული