თუ რა სიტუაციაა ბრაიანტის იტალიაში გადასვლასთან დაკავშირებით და სხვა ამბების შესატყობად ბოლონიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ვიქტორ სანიკიძეს დავუკავშირდით.
- ვიქტორ, "ვირტუსში" უკვე რამდენიმე მატჩი ითამაშე და საკმაოდ დამაჯერებლადაც. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალები საბოლოოდ აღიდგინე?
- მე რომ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდი, "ვირტუსი" შეკრებილი იყო და ახალი სეზონისთვის მზადება დაწყებული ჰქონდა. ჩემს გუნდს ცოტა
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობი ბრაიანტი თქვენს გუნდში გადმოვიდა.
- ბრაიანტი ბოლონიაში ჯერ არ გამოჩენილა. არ ვიცი, როგორც ითქვა, ის აქამდეც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გამო მისი ჩვენთან მოსვლა არ მოხერხდა.
- ამის ერთ-ერთი მიზეზი "ვირტუსის" მოთხოვნა იყო კალენდარის ცვლილებასთან დაკავშირებით?
- ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეგეცაა, თუმცა მე დეტალებში არ ვარ გარკვეული. ვერაფერს გეტყვით. ისე კი ვიცი, რომ სწორედ ბრაიანტის გადმოსვლის გამო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ სერია A-ს ხელმძღვანელობას კალენდრის შეცვლის თხოვნით მიმართა. ჩვენებს სურდათ, რომ "ვირტუსს" საწყისი 10 ტურის მატჩები ბოლონიაში გაემართა, რასაც ლიგის სხვა გუნდები არ დაეთანხმნენ. ჩემპიონატი წინასწარ დადგენილი კალენდრით - 9 ოქტომბერს დაიწყება.
- "ვირტუსთან" შენს კონტრაქტს ვადა არ ამოეწურა?
- ჩემი კონტრაქტი 2+1 წლიანია. 2 სეზონი უკვე ვითამაშე "ვირტუსში" და ახლა დარჩენილი 1 სეზონიც უნდა ვითამაშო. ახალი კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კლუბმა ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზოს.
- ბოლოს ნაკრებზე გკითხავ: რამდენად კმაყოფილი ხარ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით და რას ფიქრობ მომავალზე?
- ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდით, საკითხი იდგა ასე: გავალთ თუ არა ჯგუფიდან. ჩვენ ეს მოვახერხეთ და შესაბამისად შედეგიც დამაკმაყოფილებელია. ის რაც მეორე ეტაპზე მოხდა, კალათბურთის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ტრავმების გამო დიდი ძალა გამოგვაკლდა, თუმცა მეორე ჯგუფური ეტაპის თამაშები მაინც ღირსეულად ჩავატარეთ. წინ მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სლოვენიაში ჩასატარებელი ევროპირველობის საგზური მოვიპოვოთ. მეტოქეების ვინაობას ზამთარში შევიტყობთ და მათთან საბრძოლველად მოვემზადებით.
P.S. რამდენიმე საათის წინ სერია A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა "ვირტუსის" პრეზიდენტის, კლაუდიო საბატინის ინტერვიუ, სადაც ის გულშემატკივრებს კობი ბრაიანტის ბოლონიაში ჩასვლას ხუთშაბათისთვის ჰპირდება.
gbf.ge