საქართველოს ნაკრების კაპიტნის თურქეთში გადასვლა ჯერაც ცხელი ამბავია, მაგრამ პირველი კითხვა უფრო მნიშვნელოვან თემას ეხებოდა:
- ევრობასკეტის მეორე ეტაპი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვე. ამჟამად თავს როგორ გრძნობ?
- კუნთი იყო დაზიანებული, რომელსაც დასვენება და
- თურქულ კლუბში რა პირობით გადახვედი?
- სტამბოლში მანამ ვითამაშებ, ვიდრე NBA-ში ლოკაუტი დასრულდება. შემდეგ "ატლანტას" დავუბრუნდები. სადღეისოდ, არავინ იცის, როდის დაიწყება NBA, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
- იყო სხვა ვარიანტებიც, მაგალითად ბელგიის "შარლერუა", მაგრამ "გალათასარაი" ამჯობინე. რა იყო ამის მიზეზი?
- ბელგიიდანაც საინტერესო შეთავაზება მქონდა, მაგრამ მაინც სტამბოლი ვამჯობინე. თურქეთში 1999-დან 2003 წლამდე ვცხოვრობდი და ვთამაშობდი. აქაურობას ჩემს მეორე სახლს ვეძახი, მოკლე დროში ხალხმა კარგად გამიცნო და შემიყვარა. როცა, საქმე ასარჩევადაა, ნებისმიერი სპორტსმენი ეცდება იქ წავიდეს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. მითუმეტეს, მაშინ, როცა არ იცი, რამდენ ხანს დარჩები ახალ გუნდში. ამავე დროს, არ ვივიწყებ და ყოველ ინტერვიუში აღვნიშნავ, რომ ჩემს ამერიკაში მოხვედრაში დიდი როლი თურქეთმა ითამაშა. ამ ქვეყანაში საქართველოდან 15 წლისა წავედი და პროფესიული კარიერა "ულქერში" დავიწყე.
- როგორც აღმოჩნდა, სწორი ნაბიჯი გადადგი ივლისში "ბეშიქთაშში" რომ არ გადახვედი - ევროჩელენჯს, თუნდაც ევროთასს ევროლიგა (სადაც "გალათასარაი" თამაშობს) გაცილებით სჯობს.
- "ბეშიქთაშთან" შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ იქ არ გადავიდოდი. ამის გამო ნამდვილად არ მინერვიულია, რადგან ჩემი მთავარი საზრუნავი მაინც "ატლანტა ჰოქსია". ევრობასკეტის დასრულების შემდეგ თურქეთში ვიყავი და მკითხეს - რომელი გუნდი მოგწონსო. "ეფეს პილსენი" და "გალათასარაი"-მეთქი. ორივე კარგი გუნდია, თუმცა მაშინ "გალა" ევროლიგის შესარჩევ ტურნირს თამაშობდა. ჩემდამი ინტერესიც მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ევროლიგაზე დაბრუნება ჩემთვისაც საინტერესოა, მითუმეტეს, რომ "გალათასარაიში" ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი და მომდევნო ეტაპზე გასვლის სერიოზული პრეტენზია აქვს.
- ახლა საქართველოს ნაკრებზე გკითხავ. გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებ?
- როგორც ყველა, მეც დადებითად შევაფასებ. ეს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია, ისტორიული მოვლენაა და მოხარული ვარ, რომ იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის შეაღწია. სასიამოვნოა, რომ ასეთი შედეგი ევრობასკეტზე მოხვედრის პირველივე წელს ვუჩვენეთ. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პროფესიონალები ვართ და ყველას გვსურდა მეტის მიღწევა, ვიცით რაც დავაკელით და მომავლისთვის აუცილებლად გამოვასწორებთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, არაერთ გულშემატკივარს შევხვდი, რომლებიც ჩვენს გამოსვლას დადებითად აფასებენ. მთავარია, რომ პირველი ეტაპის ბარიერი გადავლახეთ და ხალხი გავახარეთ. ჩვენც გავიხარეთ, 8 წელია თითქმის ერთი შემადგენლობით მოვდივართ და სასიამოვნოა, რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა, ევრობასკეტზე ვითამაშეთ. თანაც, ევროპულ საზოგადოებას ვუჩვენეთ, რომ ლიტვაში შემთხვევით არ მოვხვედრილვართ - ძლიერ მეტოქეებთანაც თანაბრად შეგვიძლია თამაში.
- ლიტვაშიც ითქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ღირსეული შეცვლა სჭირდება.
- ამ საკითხზე მანამდეც არაერთხელ მილაპარაკია. არ მინდა, ჩვენი შრომა ერთ დღეს წყალში ჩაიყაროს. ამისთვის საჭიროა, თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ მოხდეს და ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმაც განიცადონ ის სიამოვნება, რაც ევრობასკეტზე თამაშით ჩვენ განვიცადეთ. საქართველო თავისი საკალათბურთო ტრადიციებით ნამდვილად იმსახურებს, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატებზე რეგულარულად თამაშობდეს. ჩვენს გუნდში ყველაზე სტაჟიანი ვლადიმერ ბოისაა, რომლის ქულათა მონაგარი ევრობასკეტზე უწინდებური არ იყო, მაგრამ სასტარტო ხუთეულში თამაშობდა და მის გვერდით თამაში ნებისმიერი კალათბურთელისთვის სასიამოვნოა. იგი გუნდისთვის დიდი ძალაა, თუმცა ადრე თუ გვიან კარიერის დასრულება მოუწევს. აგერ, კოტე ტუღუშმა წლეულს დაასრულა კალათბურთის თამაში, მე და ცქიტიშვილიც რამდენიმე წელს იგივე ნაბიჯს გადავდგამთ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ღირსეული შეცვლაა საჭირო.
- ევრობასკეტზეც გამოუჩნდა ნაკრებს ახალგაზარდა კალათბურთელი.
- თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების მომავალია. იგი ყოველწლიურად უმატებს, დიდი პერსპექტივაც აქვს და თუ ასე განაგრძო, შეიძლება მალე NBA-შიც ვიხილოთ. მაგრამ, მხოლოდ ერთი კალათბურთელი შედეგს ვერ მოგვცემს, საჭიროა სერიოზული კონკურენცია. როცა კარგი კონკურენტი გყავს, მეტს შრომობ და მაქსიმუმის გაღებას ცდილობ. თუ კონკურენცია ნაკლებია და სასტარტო ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული გაქვს, ძალაუნებურად ყურადღებას ადუნებ. ეს ცუდია.
- ჩვენ უცხოელ კოლეგებთან გვქონდა ურთიერთობა და ვიცით ჟურნალისტების აზრი საქართველოს ნაკრებზე. შენ არაერთ ცნობილ კალათბურთელთან გაქვს კარგი ურთიერთობა და საინტერესოა, ისინი რას ფიქრობენ ჩვენს გუნდზე.
- კირილენკომ, თურქორლუმ და სხვა კალათბურთელებმა იცოდნენ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეროვნულ გუნდში ჩემი თამაში ნანახი არ ჰქონდათ, მხოლოდ NBA-დან მიცნობდნენ. ახლა ნაკრებიც ნახეს და დარწმუნდნენ, რომ არაერთი კარგი კალათბურთელი გვყავს. ჩვენს გამოსვლას ყველა დადებითად აფასებდა, მათ შორის ფიბას ხელმძღვანელობაც. ისინი ჩემთან საუბარში არ მალავდნენ, რომ საქართველოს ნაკრების გამოსვლით ევროპის ჩემპიონატმა ბევრი მოიგო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი გუნდი გვყავდა, მეორეც, ქართველმა გულშემატკივრებმა ევროპის ჩემპიონატს დამატებითი ხიბლი შესძინეს. კალათბურთი ხომ გარკვეულწილად ბიზნესიცაა და რაც მეტი გულშემატკივარი მიდის თამაშზე, მით მეტია მოგება.
- რუსეთთან, სლოვენიასთან, მაკედონიასთან ბოლო წამებზე დავმარცხდით. დებიუტანტები ვიყავით და გამოცდილება მეტოქეებზე ნაკლები გვქონდა. ალბათ, ლიტვაში მიღებული გაკვეთილები სამომავლოდ გამოგვადგება.
- რუსეთი და სლოვენია ევროპის ჩემპიონატებზე რეგულარულად თამაშობენ და იციან, როგორ გამოიზოგონ ძალები და როგორ მოიგონ გადამწყვეტი მატჩები. ჩვენ დებიუტანტები ვიყავით და გამოცდილი გუნდებისგან ბევრი ვისწავლეთ. როგორც ვთქვი, ახლა მთავარია, მომავალში ევრობასკეტს არ გამოვაკლდეთ, რათა უფრო საინტერესო თამაში ვუჩვენოთ და უკეთესი შედეგი მივიღოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"